ეკატერინე ბასილაია
11.03.2019

 თეა წულუკიანი "ქართულ ოცნების" მმართველობას ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს - იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ მისი „ძალიან მყარი პოზიცია" არ ექნება გაზიარებული სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ის „განზე გადგება" და თანამდებობიდან წავა.

სამშაბათს, 19 მარტს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოსმენაა დაგეგმილი და შესაძლოა ეს იყოს წულუკიანის ბოლო საპარლამენტო გამოსვლა მინისტრის რანგში.

იურისტი ლია მუხაშავრიას თქმით, წულუკიანის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზიაა დაგროვილი დ ძალიან კარგია, თუ ბოლო და ბოლოს მას გაუშვებენ, თუმცა, ამჯერად რა თემას უკავშირდება წულუკიანის შესაძლო წასვლა, ამაზე მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება საუბარი.

მისივე თქმით, წულუკიანის ეს განცხადება ერთგვარი შანტაჟია და ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაამარჯვებინებს თუ არა მას ეს დაშინების პოლიტიკა.

„ვხედავთ, ახლა რაც ხდება პარლამენტში, რის გამოც რამდენიმეთვიანი ორომტრიალი და ქარიშხალია ქართულ პოლიტიკაში მოსამართლეების საკითხზე და ამ დროს არავინ არ ახსენებს იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რომელიც საკვანძო უწყებაა ამ თემასთან დაკავშირებით.

"სწორედ მისი სამინისტროს მიერ მიღებულმა კანონებმა შექმნეს ეს მახინჯი სისტემა და დანიშნა უვადოდ მურუსიძე და ჩინჩალაძე. ამიტომ, ვერ გეტყვით ამას უკავშირდება თუ არა და ამის გამო მოეკითხა თუ არა მას პასუხი, მაგრამ შეიძლება ეს ვივარაუდოთ.

"თუმცა, ის, რომ ყველაზე ხანგრძლივად შეინარჩუნა მინისტრის სკამი, ეს არ არის მისი დამსახურების შედეგი, მე ვფქრობ, რომ ის იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ის პერსონალურად ატარებს „ოცნების" მიმართ და ეს მათ შორის შეიძლება იყოს დაშინების და შანტაჟის პოლიტიკა, რომელიც ახლაც უნდა რომ გამოიყენოს. აბა ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაამარჯვებინებს თუ არა მას ეს პოლიტიკა,"- ამბობს მუხაშავრია.

მისი თქმით, ბევრი თემა იყო, რომელზეც წულუკიანს პასუხი უნდა ეგო, იმიტომ რომ, ჩააფლავა, მათ შორს სასამართლო რეფორმის მეოთხე თუ მეხუთე ტალღა გამოაცხადა დიდი ამბით და ვნახეთ რაც მივიღეთ, ამ ტალღებით საერთოდ წარიხოცა მართლმსაჯულების სისტემა.

„ამაზე მისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ. როგორც ჩანს, ახლა მისი ჩაძირვა გადაწყდა და ახლა მისი მუქარის ტაქტიკა, რითაც ადრე ახერხებდა გადარჩენას, ამჯერად ვერ უშველის,"- აღნიშნავს მუხაშავრია.

უახლოეს მომავალში წულუკიანის მინისტრობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მაშინ ეს არც „ოცნების" დეპუტატებმა და არც თავად წულუკიანის მოადგილემ არ დაადასტურეს. ორშაბათს კი წულუკიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იგეგმება თუ არა მისი წასვლა.

„ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია, რამდენად არის ჩემი პოზიცია სწორი", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხზეა საუბარი, თუმცა თქვა, რომ თუ ის მისი შეხედულებისამებრ არ გადაწყდება, "გვერდით გადგება".

„თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს", - ამბობს წულუკიანი.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს საკითხი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას,წულუკიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი არ ეხება რომელიმე რეფორმას ან პროცესს, მათ შორის, პარლამენტში მიმდინარეს.

"არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია.

"მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე, თუნდაც პარლამენტში ამჟამად მიმდინარე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული და ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე არცერთ წუთს არ ვიფიქრებ და გვერდზე გავიწევი იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეული", - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი 2012 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ უკვე მეშვიდე წელია მინისტრის სავარძელს იკავებს და მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ძალიან ხშირად იყო კრიტიკა და სამოქალაქო სექტორი მის გადაყენებასაც ითხოვდა, ყოველთვის მყარად ინარჩუნებდა სავარძელს.

წულუკიანის გადაყენებაზე საუბარი ბოლო წლებია პერიოდულად აქტიურდება. ანალიტიკოსების შეფასებით, წულუკიანს ბევრი „ჩავარდნილი საქმე" და პრეტენზია დაუგროვდა, რითაც ხელისუფლების იმიჯსაც აზიანებს და უმჯობესია მინისტრობიდან გაუშვან.

თუმცა, ნაწილი მიიჩნევდა, რომ ერთი, წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია „ნაცმოძრაობის" ძალიან ხისტი კრიტიკის გამო და მეორეც, როგორც ჩანს წულუკიანი ერთგვარად აშანტაჟებს „ოცნების" ლიდერებს, რადგან მას წვდომა აქვს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და გადაცდომაზე, რაც არის სასამართლო სისტემაში, ხოლო სასამართლო არის სწორედ ის თემა, რის გამოც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრეტენზიებია „ოცნების" ხელისუფლების მიმართ.

წულუკიანი ჩავარდნილ საქმეებს შორის არის: სტრასბურგის სასამართლოს 2 გადაწყვეტილება, ერთი, როცა „რუსთავი 2"-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა და მეორე, როცა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის ხელახალი გამოძების რეკომენდაცია მისცა საქართველოს. ეს პრეტენზიები წულუკიანის მისამართით თავად „ოცნებას" აქვს.

წულუკიანი წარუმატებელი სტრასბურგში მაშინაც აღმოჩნდა, როდესაც სტრასბურგში მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში ქართველი მოსამართლის კანდიდატურა 2-ჯერ ჩავარდა.

ასევე დიდია იუსტიციის მინისტრის მისამართით სამოქალაქო სექტორის პროტესტიც, არასამთავრობოების მოთხოვნა იყო, რომ წულუკიანის მიერ შერჩეულმა 4-მა მთავარმა პროკურორმა ვერ გაამართლა და ახლა ახალმა მინისტრმა უნდა შეარჩიოს ახალი პროკურორი.

შერჩეული პროკურორებიდან მათ შორის ყველაზე სკანდალური იყო ოთარ ფარცხალაძის პროკურორად შერჩევა, რომელიც წლების წინ გერმანიაში გასამართლებული აღმოჩნდა და დიდი სკანდალის შედეგად დანიშვნიდან 2 თვეში მოუწია თანამდებობიდან წასვლა.

წულუკიანის მიმართ ასევე ერთ-ერთი დიდი უკმაყოფილება სასამართლო სისტემის ჩავარდნილ რეფორმას ეხება და ეს თემა არის დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა თავად „ოცნებაშიც" კი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×