1 კოლოფზე ფასში სხვაობა 2 ლარია, უაქციზო თამბაქოს შეძენა თითქმის ყველგან შესაძლებელია
მარი ჩიტაია
12.03.2019

 სამეგრელოში კონტრაბანდამ "აიწყვიტა". ზუგდიდში მოსახლეობა თითქმის მასობრივად კონტრაბანდული სიგარეტის მომხმარებელია. ამას ხელს უწყობს ფაქტი, რომ აფხაზური აქციზით სიგარეტის ყიდვა ადგილობრივ ბაზრობაზე თავისუფლად შეიძლება. რაც შეეხება ფასში სხვაობას, 1 კოლოფ სიგარეტზე დაახლოებით 1,50-2 ლარის ფარგლებშია და ეს ნებისმიერი დასახელების სიგარეტს შეეხება.

მაგალითისთვის, "კენტი", რომელიც მაღაზიის დახლებზე 5,50 ლარი ღირს, არალეგალურად 3,50 ლარად იყიდება, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მისი ფასი 2,50 ლარს არ აჭარბებს. პირად საუბარში არც მოვაჭრეები მალავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტი მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რადგან მომხმარებელი ე.წ. აფხაზურ სიგარეტს სულ უფრო მეტად ეტანება.

ზუგდიდის საკრებულოს წევრები ვარაუდობენ, რომ კონტრაბანდას მიზანმიმართულად უწყობენ ხელს, რაშიც ადგილობრივი მაღალჩინოსნებიც არიან გარეული. საუბარია იმაზეც, რომ კონტრაბანდული გზით შემოდის საწვავიც, თუმცა ფაქტებზე რეაგირება შესუსტებულია და არალეგალური პროდუქტის რეალიზაცია შეუფერხებლად ხდება.

კონტრაბანდული სიგარეტის "აღმოჩენა" ზუგდიდის ბაზრებში "ბიზნეს-რეზონანსმაც" თავისუფლად შეძლო. სავაჭრო ობიექტებში ყიდიან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილ არა მხოლოდ თამბაქოს, არამედ სხვა პროდუქციასაც. სიგარეტით მოვაჭრემ დაგვიდასტურა კიდეც, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტრაბანდული საქონლის გადმომტანებს არ ამოწმებენ. ხალხს ასეთი ნაწარმი ძირითადად მცირე პარტიებად შემოაქვს და მოვაჭრეები მას დახლქვეშ ყიდიან.

"დიდი პარტიებით სიგარეტის შემოტანა სარისკოა და ადვილად ვერავინ გაბედავს, თუ წინასწარ არ გაურიგდა ვინმეს. ასეთი მოკავშირის ძებნა ძნელი არ არის, ამ ბიზნესს მფარველი ყოველთვის ჰყავდა და ახლაც დიდად არაფერი შეცვლილა. შემოდის როგორც თამბაქო, ასევე სხვა პროდუქტიც - საკვები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი, რაც აფხაზეთში რუსეთიდან შეაქვთ. მართალია, ტერიტორია კონტროლდება, მაგრამ საზღვრის გადმოკვეთისას მოქალაქეებს არ ამოწმებენ, თუკი საეჭვო არ შეამჩნიეს. ბევრი შემთხვევაა, როცა კონტრაბანდული სიგარეტი აღმოუჩენიათ.

არის შიში, მაგრამ გაჭირვების გამო ხალხი რისკზე მიდის. ჩვეულებრივ სიგარეტს, ქართულ აქციზიანს, 50 თეთრზე მეტს ვერ ვუგებ, მაგრამ აფხაზურმარკიანი სიგარეტის გაყიდვიდან 2 ლარი მრჩება," - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აღნიშნავენ, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ ხალხი კონტრაბანდულ ნაწარმზე გადავიდა და მწეველი მოსახლეობის ნახევარი სწორედ ასეთი პროდუქტის მომხმარებელია.

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი ლევან კონჯარია "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ზუგდიდში კონტრაბანდული სიგარეტი ისევე თავისუფლად შემოდის, როგორც ეს შევარდნაძის პერიოდში ხდებოდა. ადგილზე კონტრაბანდული საწვავის ყიდვაც შესაძლებელია.

"არავისთვისაა საიდუმლო, რომ თამბაქო აფხაზეთის საზღვრებიდან შემოდის და შეუფერხებლად იყიდება. რაც სიგარეტი გაძვირდა, კონტრაბანდულ ნაწარმზე მეტი მოთხოვნა გაჩნდა. 2 ლარამდეა სხვაობა კონტრაბანდულსა და ჩვეულებრივ აქციზურ სიგარეტს შორის, რაც მომხმარებლისთვის დიდი შეღავათია. სიტუაცია კონტროლს, ფაქტობრივად, არ ექვემდებარება. კონტრაბანდული ტვირთი უპრობლემოდ გადმოდის.

აქაური მოსახლეობის ნახევარი ეწევა არალეგალური გზით შემოტანილ სიგარეტს და ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. პერევენციული ზომები არ ტარდება და ხელს უწყობენ კონტრაბანდას, ამით ჩინოვნიკები შოულობენ დიდი ოდენობით თანხას. პიროვნულად ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ უკვე იმდენად ღიად მიმდინარეობს ვაჭრობა, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიზანმიმართულად უწყობენ ხელს.

ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული საწვავიც კი გადმოდის, რაც კორუფციის ნიშნებს აჩენს, რითაც შესაბამისი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ. მაღალი გადასახადი დამატებით სტიმულს ქმნის, რომ კონტრაბანდული ტვირთი დაიძრას და შემოვიდეს იმ ქვეყნებიდან, სადაც გადასახადი უფრო მცირეა.

როდესაც აქციზი იზრდება, ეს ლამის გეომეტრიული პროგრესიით იწვევს კონტრაბანდის ზრდას. ცხადია, ასეთ დროს სახელმწიფო 100%-ით ვერ დაიცავს თავის საზღვრებს, მაგრამ რაც ხდება, კონტროლის გაძლიერებას ნამდვილად საჭიროებს," - ამბობს კონჯარია.

სიგარეტის კონტრაბანდის მასშტაბურ ზრდაზე საუბრობენ სამოქალაქო აქტივისტებიც. "სამეგრელოს ხმის" ლიდერის, ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის - თენგიზ ჯგუშიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხალხი მასობრივად აფხაზურაქციზიანი სიგარეტის მომხმარებელია.

"ზუგდიდში არნახულად გაძლიერდა კონტრაბანდა და არანაირი შემაკავებელი ღონისძიებები არ ტარდება. მუდმივად იყო ეს პრობლემა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აქამდე კონტრაბანდის მფარველობაში ღიად ვადანაშაულებდი ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას, რომელიც თავისი კლანით და აფხაზეთის სტრუქტურებში თავისი წრის მოქცევით სერიოზულ კვეთაში იყო კონტრაბანდულ თემებთან და ეს არის ფაქტი. თუმცა წავიდა შონია და ვითარება არათუ არ გაუმჯობესდა, კიდევ უფრო დამძიმდა.

ჯერ 7-8 თვეა, რაც ზუგდიდს ახალი გუბერნატორი ჰყავს. დადასტურებულად ვერ ვიტყვი, ალექსანდრე მოწერელიას კონტრაბანდის მფარველობას ვერ დავაბრალებ. რამე ხელჩასაჭიდი არგუმენტი არ მაქვს, რომ ის ამ სქემის მონაწილეა. თუმცა ფაქტია, რომ კონტრაბანდა უფრო მეტია სამეგრელოში და დინამიკა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.

ვინც უნდა იყოს გუბერნატორი, თუ მან კონტრაბანდასთან არ იბრძოლა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი გახდება. ცხადია, რომ გუბერნატორის ცვლილებამ კონტრაბანდას ვერაფერი დააკლო. რუსულ და აფხაზურაქციზიანი სიგარეტის შემოტანით ქვეყნის ეკონომიკას უქმნიან საფრთხეს," - ამბობს ჯგუშია და კონტრაბანდის გააქტიურებას სიგარეტის გაძვირებას უკავშირებს.

"ხალხი იმდენად სტრესულ გარემოშია, რომ სიგარეტს პურზე მეტ უპირატესობას ანიჭებს, ყველაფერს იკლებს და მოწევას მაინც არ ანებებს თავს. ზუგდიდის ყველა სოფელში ხალხი კონტრაბანდულ სიგარეტს მოიხმარს. არასწორი მიდგომით მთავრობამ სტიმული მისცა კონტრაბანდას, ხოლო სიგარეტის ბიზნესის ლობისტების შემოსავალი გაიზარდა. ცხადია, ამის გამო ხალხი კიდევ მეტ გაჭირვებაში აღმოჩნდა. თუკი ვინმეს სურს, რომ კონტრაბანდა რეალურად მოთოკონ, პირველ რიგში, მაღალი რგოლიდან უნდა დაიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა," - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯგუშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×