ტატა შოშიაშვილი
12.03.2019

აშშ საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად ბიუჯეტს ზრდის და ორი სამხედრო პროექტის დაფინანსებისთვის ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტიდან ასობით მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის 2020 წლის საფინანსო წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული საბიუჯეტო პროექტის შემდეგ გახდა ცნობილი.

ამერიკამ მოკავშირე ქვეყნების ჯარების სწავლებისა და მომზადებისთვის წინა წელთან შედარებით $5 მლნ-ით მეტი გამოყო. აღსანიშნავია, რომ $26.4 მლნ გამოიყოფა ევროპისთვისა და ევრაზიისთვის, რათა სახელმწიფოებს რუსეთის აგრესიისთვისა და გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

საქართველოსა და უკრაინის გარდა, აშშ სამხედრო დახმარებას გაუწევს ბულგარეთს, პოლონეთს, რუმინეთსა და თურქეთს.

არსებითად, 2020 წლის საბიუჯეტო სახსრებიდან ამერიკის შეერთებული შტატები $661 მლნ-ის გამოყოფას აპირებს რუსეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

სამხედრო დახმარების გასაწევად გამოყოფილი თანხების გარდა, არსებობს მეორე, გაცილებით უფრო მასშტაბური პროგრამა, რომელიც გაწერილია ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საბიუჯეტო პროგრამაში და გულისხმობს უცხოელი სამხედროების დაფინანსებას. პროექტისთვის გამოიყოფა $5.3 მლრდ, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით $23.9 მლნ-ით მეტია. ამ დახმარებას მიიღებს როგორც საქართველო, ასევე უკრაინა, ლატვია და ლიეტუვა (ევროპისა და ევრაზიის მოკავშირე სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად დაგეგმილია $75 მლნ-ის გამოყოფა).

რუსეთის გარდა, აშშ თავის ფინანსებს მიმართავს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ტერორისტული დაჯგუფებებისა და ირანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამისთვის აშშ $5 მლრდ-ზე მეტის გამოყოფას გეგმავს.

ასევე შესაძლოა, რომ დაფინანსების ნაწილი გადაეცეთ ქვეყნებს, რომელიც თავიანთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზირებასა და რუსეთის სამხედრო ტექნიკაზე უარის თქმას აპირებენ.

გარდა ამისა, 11 მარტს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარკ გრინმა განაცხადა, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ საზოგადოებას შესთავაზებს ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ოპტიმალურ მექანიზმს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×