(რეზონანსი) გორში 15 წლის დაკარგული მოზარდის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. "ბავშვი თბილისში მიმავალი სამარშუტო ტაქსში ნახეს" - ამის შესახებ განცხადება „პრაიმტაიმთან" გაუჩინარებული 15 წლის ბიჭის დეიდამ გააკეთა.
„სოციალურ ქსელში დავწერე ბავშვის გაუჩინარების შესახებ, კომენტარში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მითხრა, რომ მოზარდი თბილისის „მარშუტკაში" ნახა, სურათები ვაჩვენე და დამიდასტურა რომ ის იყო. ამის შესახებ პოლიციას ინფორმაცია უკვე მივაწოდე." - ამბობს დაკარგულის დეიდა.
ის 15 წლის ბიჭის მოტაცების ან გატაცების მცდელობას გამორიცხავს, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია. მოზარდი დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს.
„დაახლოებით 2 საათისთვის ვერხვებიდან საკუთარი სახლიდან ჭალის უბანში ბებიასთან წავიდა. 10 წუთში დედამ ბებიასთან დარეკა, თუმცა ბავშვი მისული არ იყო. ამის შემდეგ ყველა ნათესავს, კლასელს დავურეკეთ თუმცა მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. შუაღამემდე ვეძებეთ. ინფორმაცია რომ ვერავისგან მივიღეთ შემდეგ უკვე პოლიციას შევატყობინეთ. ბავშვს კონფლიქტი არავისთან ჰქონია, არც სუიციდის მცდელობა ჰქონია" - განაცხადა დეიდამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუსაოები მოზარდის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
15 წლის ბიჭის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა.