„ეტყობა თავიანთი პირადული გარჩევები აქვთ და ამ პირადულ გარჩევებში რაღაც-რაღაცეები დათმეს. მეტი რა? პოლიტიკის შემცვლელი არც წულუკიანია და არც ბახტაძე. როდესაც ასეთი თანამდებობა გიკავია და ქვეყანაში აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის, ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია," - აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, საქართველოში პრემიერ-მინისტრების წასვლა-დარჩენის საკითხიც კი არ არის გადამწყვეტი და ამ შემთხვევაში, არც იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან წასვლა იქნებოდა დიდი მნიშვნელობის.
„ამ საკითხებით არ ვინტერესდები, რადგან არ მიმაჩნია ეს ისეთ საკითხად, რომ შესაძლოა ამ ქვეყანაში რაღაცა შეცვალოს. პრემიერ-მინისტრი წავა თუ მოვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში არც წულუკიანის.
„ეს „ქართული ოცნების" შიდა სამზარეულოა - ვის უფრო მეტ ნდობას მიანიჭებენ. მოსახლეობისთვის საინტერესო ის კი არ არის, იუსტიციის მინისტრი წულუკიანი იქნება თუ, სიტყვაზე, პეტრიაშვილი, ხალხისთვის საინტერესოა ცხოვრების დონე - უკეთესი სისტემა იქნება თუ უარესი, პენსია და ხელფასი გაეზრდებათ თუ შეუმცირდებათ. ამას, სამწუხაროდ, არც წულუკიანი წყვეტს და არც ბახტაძე, რადგან ეს ადამიანები საკუთარი კარიერით არიან დაკავებული და თავის კაბინეტებზე, მანქანებზე ზრუნავენ, მეტი არაფერი," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ცნობისათვის, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ გარკვეული საკითხები არსებობდა, რომელზეც აღმასრულებელ გუნდთან ვერ თანხმდებოდა და შესაძლო იყო პოსტი დაეტოვებინა.