2019 წლის გაზაფხულზე პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში მმართველ გუნდს და ოპოზიციას შორის თავგანწირული ბრძოლა იქნება, რადგან ამ არჩევნებში გამარჯვებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებს. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
„ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში აიწევს მერე უკვე საპარლამენტო არჩევნების გამარჯვების შანსი, რადგან ამომრჩეველი დაინახავს, რომ ოპოზიციამ შეიძლება გაიმარჯვოს", - აცხადებს საყვარელიძე.
მისივე შეფასებით, წლევანდელი შუალედური არჩევნების 2020 წლის არჩევნების გენერალურ რეპეტიციად მონათვლა გადაჭარბებული შეფასება იქნება, რადგან მსგავსი რამ უკვე იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე. გარდა, ამისა, როგორც საყვარელიძე აცხადებს, 2020 წლისათვის პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში შესაძლოა დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იყოს.
„ბევრი რამ დრომაც უნდა დააზუსტოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან შორი პერიოდია. იქამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს როგორც ოპოზიციის რეიტინგში, ისე „ქართული ოცნების" რეიტინგის გარშემო და შეიძლება ახალი პოლიტიკური ჯგუფებიც წარმოიქმნას", - აცხადებს საყვარელიძე.
თამთა ჩაჩანიძე