
18-29 მარტს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019" ჩატარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
ამ მოვლენას ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია საკმაოდ მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს ნატოში გაწევრიანებისათვის.
„ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, იმიტომ, რომ სამხედრო თავსებადობა არის ერთ-ერთი მოთხოვნა და ერთმნიშვნელოვანი ამოცანა, მათ შორის შეიარაღებული ძალების სამხედრო მართვისა და ოპერატიული დაგეგმარების კუთხით. ჩვენ გვეძლევა კიდევ ერთი საშუალება, რომ სამხედრო ტექნიკური კუთხით ვიყოთ ნატოს კოალიციურ ძალებთან თავსებადი", - აცხადებს მაისაია.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე 24 ქვეყნიდან - ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო და შვედეთი.
სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში" 18 მარტს ოფიციალურად გაიხსნება.
ნათია ფეხშველაშვილი