საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი შსს-ს თანამშომლებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სპორტსმენის დაკავება 5 მარტს მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა, მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა. სპორტსმენი ამ ეტაპზე თბილისში #8 დაწესებულებაში იმყოფება.
დაკავებული სპორტსმენის ადვოკატი, ნანი აბრამიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მარნეულის სასამართლოს გადაწყვეტილება, თორნიკე ნაგლიაშვილის წინასწარ პატიმრობში დატოვების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას ელიან.
ადვოკატის განმარტებით, თორნიკე ნაგლიაშვილი ბრალს არ აღიარებს და ყოფილ მეუღლეს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თითქოს თორნიკემ ყოფილ მეუღელს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და მას „თავის მოჭრით“ ემუქრებოდა. ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას მსგავსი დოკუმენტური მტკიცებულება სასამართლოზე არ წარუდგენია, რადგანაც ბუნებაში არ არსებობს.
აბრამიშვილი აცახდებს, რომ ნაგლიაშვილის ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მას ქმარი მოკვლით ემუქრებოდა და ის გზაში იყო. სწაორედ ეს გახდა სპორტსმენის დაკავების მიზეზი.
ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი არსად არ მიდიოდა და ის ამ დროს ვარჯიშობდა და შეჯიბრისთვის ემზადებოდა. ხოლო როდესაც ის პოლიციამ დააკავა, სახლში იმყოფებოდა.
ადვოკატი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მას ყოფილი მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ეს 2018 წლის ზაფხულში იყო და მას მხოლოდ 30 დღიანი ვადა ჰქონდა. ასევე, ეს არ იყო ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გამოწერილი ორდერი. მას ვადა ჰქონდა გასული და მისი დაკავება შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო არ მომხდარა.
ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად დაზარალებული ძიუდოისტის ყოფილი მეუღლე გვანცა ფანგანი ითხოვს, რომ ნაგლიაშვილის გათავისუფლება მოხდეს და ის პატიმრობაში არ იმყოფებოდეს. გოგონა ამბობს, რომ ყოფილ ქმარს მასზე ზეწოლა არ მოუხდენია და მათი უთანხმოების მიზეზი ბავში გახდა, რომელიც მალევე გაირკვა. ადვოკატის ინფრომაციით, სპორტსმენის ყოფილი ცოლი სასამართლოზე მის გათავისუფლებას ითხოვდა.
„თორნიკე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის დამნაშავე არ არის. ასევე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომ მისი დაკავება ორდერის დარღვევის გამო მოხდა. მას შემაკავებელი ორდერი 2018 წელს ზაფხულში ჰქონდა გამოწერილი და 30 დღის ვადა ჰქონდა. ამიტომაც მისი დაკავების მიზეზი ეს არ ყოფილა.
„პროკურატურას არც სასამართლოზე არ ჰქონდა დოკუმენტური მტკიცება იმის, რომ თორნიკე ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა და მასზე ზეწოლას ახდენდა. ტყუილია, რომ ვითომ ესემეს შეტყობინებები არსებობს. უბრალოდ, გოგონამ დარეკა პოლიციაში და სიტყვიერად განაცხადა, რომ მას ქმარმა დაურეკა და დაემუქრა, თქვა, რომ ის გზაში იმყოფებოდა და მასთან მიდიოდა.
„თორნიკე საკუთარ სახლში, მარნეულში დააკავეს და ის არსადაც არ მიდიოდა - ვარჯიშობდა და შეჯიბრისთვის ემზადებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად ყოფილი ცოლი, დაზარალებული ითხოვს მის გათავისუფლებას და ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ მოუხდენია.
„ამის მიუხედავად სასამართლომ სრულიად არაფრისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. კანონით მას ამ დანაშაულისთვის, თუ დაუმტკიცდა, მხოლოდ 1 წელი ემუქრება. ასეთ ბრალდებაზე წინასწარ პატიმრობას ძალიან იშვიათად უფარდებენ. მითუმეტეს, საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არის და დაზარალებულიც აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში მას საფრთხე არ ემუქრება“, -აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.
ადვოკატი ამბობს, რომ ძიუდოისტს მარნეულის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 22 აპრილამდე შეუფარდა და ახლა მოთავსებულია #8 დაწესებულებაში. თუმცა, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდეგ კი ახალი სხდომა ჩაინიშნება.
ძიუდოს ფედერაციაში ამბობენ, რომ სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იციან, რომ ძიუდოისტს ოჯახური პრობლემები აქვს.
„აღარ წავიდა შვეიცარიაში. ოჯახური პრობლემები აქვს, როგორც ვიცით. შვეიცარიაში კი არა, საქართველოს ჩემპიონატზეც არ გამოვიდა. დანარჩენი არ ვიცით, დაკავებულია თუ არა“, - განაცხადეს ძიუდოს ფედერაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 151-ე მუხლით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.