თამარ შუკვანი
12.03.2019

 „ეს ჩვენი მთავრობის უკანასკნელი გაფართხალებაა, რომელმაც საერთო მთავრობის „აჯაფსანდალი" შექმნა. არ მგონია მაღალი თანამდებობის პირებს, ჰქონდეთ დრო და უნარიც, რომ რაიმე შეტევა დაუწყონ ქალბატონ მინისტრს. „ჯერ თავო და თავოო" - ალბათ, ყველას ასეთი განცდა აქვს და ცდილობენ, რაც შეიძლება ხშირად იყვნენ მდუმარენი, მათი გამონათქვამები არ აღმოჩნდეს რომელიმე მაღალი თანამდებიბის პირისთვის მიუღებელი," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენასა და „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.

თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენასა და მიმდინარე წლის მაისში მოსალოდნელ შუალედური არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ „რეზონანსი" ანალიტიკოს სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

„რეზონანსი": შესაძლოა თუ არა ვივარაუდოდ, რომ მთავრობასა და წულუკიანს შორის რაიმე სახის შეთანხმება არსებობს, რის საფუძველზეც წულუკიანი თანამდებობიდან არ გადადგა? და ამ შემთხვევაში, რა შეთანხმებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ?

სოსო ცისკარიშვილი: ამას ვერ გამოვრიცხავთ, რადგან, პრაქტიკულად, სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღამ, რომელსაც თავში ქალბატონი მინისტრი ედგა, არათუ გააუმჯობესა რაიმე, არამედ ეს ის თემა არის, რომელიც ქალბატონმა წულუკიანმა ვერ დაძლია, მეტიც, ეს თემა გახდა მიზეზი „ოცნების" ნგრევის პროცესის დაწყებისა.

ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ არა მხოლოდ ოპოზიციური ძალები, არამედ „მეოცნებეთა" სოლიდური რაოდენობაც ალმაცერად უყურებს იუსტიციის მინისტრს, მაგრამ რაიმეს მის წინააღმდეგ ხმამაღლა ვერ იტყვიან, ვერც პარლამენტარები და ვერც მთავრობის წევრები. ჯერ საკუთარ თავს უფრთხილდებიან, ცდილობენ მიუღებელი არაფერი წამოსცდეთ. „მეოცნებეთათვის" საუკეთესო გამოსავალი თვალების დახუჭვა, ყურების დაცობვა და ენის მოკვნეტვა იქნება.

„რ": „ოცნებისთვის" წულუკიანის წასვლა, რამდენად საზიანო იქნებოდა?

ს.ც.: ეს იქნებოდა, რბილად რომ ვთქვათ, წკლიპურტი, რეალურად კი - ალიყური, კარგი „შემოტკაცუნება" ამა თუ იმ „მეოცნებე" პირის მიმართ. ქვეყანა დღეს ბევრად მეტი გამოწვევის წინაშე დგას. ქალბატონი მინისტრი კი არ აპირებს სუიციდზე ფიქრს. ქალბატონი წულუკიანი „მეოცნებეთა" რიგებში დარჩება და დარწმუნებული ვარ, რომ ის რაიმე მავნე ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი „მეოცნებეების" უმრავლესობა იზიარებს იმ მიდგომას, რომელმაც ლამის მთელი ჩვენი საზოგადოება გადარია. როდესაც მოსამართლეების „საამაყო ათეული" იქნა წინ წამოწეული. სიას, რომელსაც ბეჭედი ჩვენმა „კადრებთუხუცესმა" დაარტყა, იქ თემა დახურულია. ეს ყველაფერი ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს უფსკრულისკენ უბიძგებს.

„რ": „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესების ფონზე, ოპოზიცია შუალედური არჩევნებისთვის გაერთიანებას აპირებს. რამდენად შეძლებენ ისინი გაერთიანებას და რა შეიძლება მოყვეს ამას შედეგად?

ს.ც.: პარტიების გაერთიანება არ არის ადვილი. არჩევნების წინ სადღეგრძელოს სახით არის ხოლმე ასეთი განცხადებები - „გაგვიმარჯოს", „ჩვენ ერთად ვიქნებით". როგორც კი საქმე მიდგება კონკრეტულ პიროვნებაზე, სწორედ ეს ადამიანი აღარ იქნება ამა თუ იმ მიმართულებით არჩეული.

არ გვაქვს პოლიტიკური კულტურა და ეს ვერც ექნება იმ ქვეყანას, სადაც დარეგისტრირებულია 250-მდე პოლიტიკური ორგანიზაცია. პარტიები, მოძრაობები... რა ქნას ამომრჩეველმა? როგორ მოიფიქროს, ვინ არის სწორი და ვინ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე?

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×