მალე მოპედის მძღოლები შესაბამისი მართვის მოწმობის გარეშე ვეღარ ივლიან, ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი კანონი განხილვის პროცესშია და ძალაში შემოღებისთანავე ფედერაცია განცხადებას აუცილებლად გააკეთებს.
ოგბაიძის განცხადებით, გაეროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კონვენციის შესაბამისად, მოპედი განეკუთვნება ორთვლიან მოძრავ მექანიკურ საშუალებას, რომლის ძრავის კუბატურა 50 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია და ამ მექანიკური საშუალების მართვა გარკვეულ უნარებს მოითხოვს. მისი თქმით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ვალდებულს ხდის საქართველოს, რომ ეს წესები მიიღონ.
„ვადასტურებ რომ ეს არის სწორი მოთხოვნა და მოზარდს, არანაკლებ 16 წლისა, რომელიც მართავს მოპედს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი მართვის უნარები, რადგან იგი სარგებლობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით - სავალი ნაწილით და ხდება სატრანსპორტო მოძრაობის ჩვეულებრივი მონაწილე“, - აცხადებს ოგბაიძე.
მისივე ინფორმაციით, მართვის მოწმობის აღებისას მძღოლებს მოუწევთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაბამის კატეგორიაში და ახალი კანონის ძალაში შემოსვლის შემდგომ მოპედის მძღოლი, რომელსაც არ ექნება შესაბამისი მართვის მოწმობა, დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით.
თამთა ჩაჩანიძე