ეკატერინე ბასილაია
13.03.2019

 თეა წულუკიანი მინისტრად დარჩა, ულტიმატუმმა გაჭრა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ულტიმატუმებს არავინ აყენებდა, უბრალოდ, "თეას გარეშე გუნდი ვერ წარმოუდგენია".

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე თავად თეა წულუკიანმა ამცნო მედიას, რომ დისკუსია დასრულებულია, თემა ამოწურულია და ის რჩება, თუმცა მთელი ეს ხმაური ისე დასრულდა, რომ ვერავინ გაიგო, თავად აზრთა სხვადასხვაობა რას შეეხებოდა.

არც წულუკიანი და არც პრემიერი მამუკა ბახტაძე რატომღაც არ ასახელებს, რა საკითხზე იყო დისკუსია მთელი ერთი კვირა, რასაც მოჰყვა სწორედ წულუკიანის ერთგვარი ულტიმატუმი, რომ თუკი მის "ძალიან მყარ პოზიციას" არ გაიზიარებდნენ, ის "განზე გადგებოდა".

პოლიტიკის კომენტატორების ნაწილის თქმით, რეალურად არანაირი სადისკუსიო თემა არ ყოფილა და სწორედ ამის გამოა ის "გასაიდუმლოებული".

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, როგორც ჩანს, "ოცნების" ახალმა ძალებმა, ვინც დღეს ფავორიტია, მოინდომეს წულუკიანის ჩაჩოჩება და წულუკიანის განცხადება იყო არა ივანიშვილისადმი ულტიმატუმი, არამედ - პასუხი მეორე ეშელონისადმი".

"წულუკიანის წასვლა-დარჩენა მაინც ივანიშვილს უნდა გადაეწყვიტა და ვნახეთ, როგორც გადაწყვიტა ივანიშვილმა, თუმცა რადგან დღეს ივანიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, იმის თქმა, რომ ხვალ ამას არ შეცვლის, ეს გარანტია არ არის. თუ გავიხსენებთ, ეკა ბესელიაც იმავეს ამბობდა - ივანიშვილი მხარს მიჭერსო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თურმე არა. ამიტომაც, ივანიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, წულუკიანის ადგილზე მთლად მშვიდად ვერ ვიქნებოდი", - ამბობს ძაბირაძე.

წულუკიანის შესაძლო გაშვებაზე ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა და მაშინ "ოცნებაში" ეს ყველამ უარყო, თუმცა ორშაბათს თავად იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მართალია, ჯერ არსად წასულა, მაგრამ 4-5 დღეა, სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს, მას განსხვავებული პოზიცია აქვს და შესაძლოა, მინისტრობიდან წავიდეს.

მინისტრმა მაშინვე უარყო ვარაუდი, რომ ეს დისკუსია სასამართლო რეფორმას უკავშირდებოდა.

მედიაში დაიწყო აქტიური განხილვა, რომ წულუკიანის მმართველ ძალასთან დაპირისპირება გასულ წელს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებულ სასჯელაღსრულების უწყებას უკავშირდება, თუმცა კონკრეტულად რა არ მოსწონს წულუკიანს, აქაც მხოლოდ ვერსიებია.

ერთი ვერსიით, სასჯელაღსრულების ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბება იგეგმება და ამას ეწინააღმდეგება წულუკიანი და ის ითხოვს, რომ მას ციხის გაკონტროლების უფლება ჰქონდეს.

საკითხი რომ პენიტენციურ სისტემას ეხება, ეს ვარაუდი გაამყარა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმაც.

"ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი - გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს აწერს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც ის საუბრობს, საზოგადოების საყურადღებოდაა გამოტანილი. არსებული ინფორმაციით, ეს იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

შემდეგ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც. მისი თქმით, წულუკიანი გუნდის ღირსეული წევრია და თუ მას რაღაც კითხვები აქვს, მთავრობისა და მისი ვალია, მას მოუსმინონ.

"საკადრო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ამაზე საუბარი არ გვქონია და უახლოეს დღეებში გვექნება კომუნიკაცია...

"თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია. ის 2012 წლიდან მინისტრთა კაბინეტის წევრია და ბუნებრივია, ჩვენი ვალია, მას მოვუსმინოთ. კომუნიკაცია იქნება მინისტრთანაც და პრემიერ-მინისტრთანაც", - თქვა კობახიძემ.

თეა წულუკიანმა სამშაბათსაც გააგრძელა წასვლაზე საუბარი, თუმცა არ დაადასტურა მედიისა და გია ვოლსკის ვარაუდები და თქვა, რომ დისკუსია არ ეხება არც იუსტიციასთან სასჯელაღსრულების გაერთიანების საკითხს ან შეწყალების კომისიას. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ახლო მომავალში იტყვის თუ არა, მისი მყარი პოზიცია რა საკითხს ეხებოდა, მან ჟურნალისტებთან ერთგვარად იხუმრა, რომ როცა დაბერდება, შეიძლება, მაშინ თქვას ამაზე რამე, მანამდე - არა.

მან ასევე განაცხადა, რომ 13 მარტს სომხეთში ვიზიტისას პრეზიდენტის დელეგაციაში ყოფნას გეგმავს და ამდენად, მისი წასვლა-დარჩენის საკითხი ამ ვიზიტამდე, ანუ სამშაბათ საღამომდე უნდა გარკვეულიყო და გაირკვა კიდეც - ორდღიანი ხმაურის შემდეგ წულუკიანმა მინისტრის პორტფელი შეინარჩუნა.

სამშაბათს მთავრობის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ამცნო საზოგადოებას, რომ პოზიციები შეჯერდა, თემა არის ამოწურული და გუნდთან მუშაობას აგრძელებს.

იუსტიციის მინისტრმა ამ განცხადებით დაასწრო პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამის შემდეგ გაახმოვანა, რომ წულუკიანი რჩება.

"თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია... ულტიმატუმს აქ არავინ აყენებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ულტიმატუმს აქ არავინ არ აყენებს. აქ საკითხი ეხებოდა პროფესიულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას და მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება... თუ თქვენ გაქვთ იმის ილუზია, რომ საკითხებს დისკუსიის გარეშე ვიხილავთ, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. ძალიან ცხარე დისკუსიების შედეგია ყველა ის ინიციატივა, რომლებსაც ვდებთ საზოგადოების წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ბახტაძემ თქვა, რომ სამინისტროების გარდა ცვლილებები არ იგეგმება და მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგული რჩება.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "თავისთავად ის ფაქტი, რომ წულუკიანმა დააანონსა წასვლა, თუკი რაღაც პრინციპულ საკითხზე მის აზრს არ გაიზიარებდნენ და არ დაასახელა, რა პრინციპული საკითხი იყო, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ არანაირი პრინციპული სადისკუსიო საკითხი არც არსებობდა".

"არ მესმის, იუსტიციის სამინისტროში რა საკითხი უნდა ყოფილიყო, რისი გასაჯაროებაც არ შეიძლება. ამიტომ მგონია, რომ ეს უფრო თავის დაზღვევის მიზნით გაკეთებული განცხადება იყო იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებაში" განვითარებული პროცესის ლოგიკა სამთავრობო გადახალისებას მოითხოვს და მგონია, რომ ამ გუნდის გადახალისების დროს გარკვეულმა ძალებმა, შეიძლება ითქვას, ახალმა ძალებმა, ვინც დღეს ფავორშია, მოინდომეს წულუკიანის ჩაჩოჩება და მისი განცხადება იყო არა ივანიშვილისადმი ულტიმატუმი, არამედ - პასუხი მეორე ეშელონისადმი.

"გადაწყვეტილება სწორედ ივანიშვილმა უნდა მიიღოს. ის ბოლო წუთამდე თავს იკავებდა, ბოლოს კი წულუკიანი დატოვეს. მგონია, რომ ზოგადად მთავრობის გადახალისება ახლა ნაადრევია, ალბათ, უფრო ერთი თვის შემდეგ მოხდება და ერთი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს კაბინეტი და თავად წულუკიანიც მოყვეს ამ ცვლილებაში.

"რატომ ინარჩუნებს დღემდე მინისტრობას? როგორც ჩანს, ივანიშვილთან მისი ურთიერთობა ძალიან კარგია და ამიტომ რჩება ის პოსტზე. წულუკიანის მსგავსად, მეშვიდე წელია, მინისტრის პოსტს ასევე ინარჩუნებს სერგეენკო. ივანიშვილს სჭირდება ისეთი ხალხი, ვისაც ენდობა. დღეს სხვა ფაქტორით ის კადრებს აღარ აარჩევს.

"ამ ეტაპზე წულუკიანმა ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ, ივანიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს, რომ ერთ თვეში ივანიშვილმა აზრი არ შეიცვალოს", - ამბობს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×