თამარ შუკვანი
16.03.2019

 საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ეუთო-ს წარმომადგენელმა რუდოლფ მიხალკამ აფხაზების მიერ გამოგზავნილი ღვინო გადასცა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა.

„ეს საჩუქრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - როდესაც კონფლიქტის ზონაში თითქმის ყველა კონტაქტი გაყინულია," - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს უბრალოდ სუვენირს წარმოადგენს და დიდი სიმბოლური დატვირთვა ამას არ უნდა მივცეთ.

„ამაში არც დადებითი და არც უარყოფითი არაფერია. მეც მიგზავნიან აფხაზები ღვინოს. ეს ვერც კონფლიქტს მოაგვარებს და ვერც გაართულებს. ვერც აფხაზეთის აღიარებას შეუწყობს ხელს, როგორც ზოგიერთს ჰგონია და ვერც აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებას.

„არაფერი არ არის, გარდა სუვენირისა. აფხაზური ღვინო მეც შემიძლია მოვუტანო. არანაირი სიმბოლური დატვირთვა არ შეიძლება მივცეთ ამას. ეს არის პატივისცემა, ღვინით გაუმასპინძლდე სხვას. ამ ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი კახეთიდან ჩატანალი ყურძნიდან კეთდება," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×