„როგორც თერმომეტრი ტემპერატურას ზომავს, ისე ინდიკატორები გაზომავს ჩვენ პროგრესს ან რეგრესს, რაც ხელს შეუწყობს გენერალური გეგმის განმტკიცებას და რეალიზებას და შემდეგ გვიჩვენებს იმ მიმართულებას ქალაქგანვითარებისა, რომელიც შეიძლება იყოს ჩამორჩენილი, გვიჩვენებს თუ რა პრობლემები გვაქვს. სხვაგვარად ყველა ხელისუფლება გეტყვის, რომ ყველაფერი არის იდეალურად და ყველა პოლიტიკური ოპოზიცია იტყვის, რომ ყველაფერი არის საშინლად", - აცხადებს არქიტექტორი-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
ვარდოსანიძე ამბობს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენისას გეგმის ორ ნაწილი შემუშავებაში მონაწილეობდა.
„მე ვმონაწილეობდი მხოლოდ ორ კომპონენტში, ორ ნაწილში. პირველი - თბილისის ადგილი საქალაქო აგლომერაციაში. იქმნება ურბანული სისტემა - მცხეთა, თბილისი, რუსთავი, გარდაბანი. ამას სჭირდება გააზრება, რადგან კიდევ უფრო მაღალი დონეა ვიდრე გენერალური გეგმა.
„მეორე კომპონენტი, რომელიც იყო ჩემს ხელში, არის თბილისის ურბანული განვითარების ინდიკატორები, ანუ მაჩვენებლები, რომლის გარეშე ჩვენ ვერ ვიტყვით ქალაქი წინ მიდის თუ უკან იხევს. რატომღაც აქამდე ეს სისტემა არ არის ამოქმედებული, ჩვენ ვთავაზობთ ამ სისტემას", - აღნიშნავს ვარდოსანიძე.
არქიტექტორი-ურბანისტი ამბობს, რომ არ არსებობს იდეალური გენგეგმები, ამიტომაც საჭიროა ურბანული ინდიკატორების სისტემის რეალიზება და გენგეგმის მუდმივი განახლება.
„ძალიან კარგია, რომ გენგეგმა მივიღეთ, მაგრამ იდეალური გენგეგმები არ არსებობს, რადგან ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. მას სჭირდება მუდმივი განახლება, რისთვისაც მზად უნდა იყოს საკრებულო და პოლიტიკური ძალები.
„ქალაქის განვითარება ბუნებრივი პროცესია თავისი ხარვეზებით, ჩავარდნებით თუ წარმატებით და ამ ყველაფერს სჭირდება ობიექტური გაზომვა. ამის ერთადერთი საშუალება დედამიწის ზურზე არის ურბანული ინდიკატორების სისტემის რეალიზება და მუდმივი წარმოება. ეს უნდა იყოს ყოველწლიურად, რათა მერიის ხელმძღვანელობამ გვითხრას რა წერტილში ვართ, რა არის გასაკეთებელი, სად გვაქვს ჩავარდნა და ასე შემდეგ", - აცხადებს ვარდოსანიძე.
ნინი იკაევა