ია აბულაშვილი
16.03.2019

 „მესამე პოლიტიკური ძალა კი არა, კლანიც რომ გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე, ისიც უკეთესი იქნება ქვეყნის მომავალისთვის. მაგრამ რა პერსპექტივა ექნება დავით მაღრაძის მოძრაობას „დაიცავი საქართველო“, რომ ფავორიტი ადგილი დაიკავოს ქართულ პოლიტიკაში, ამის პროგნოზი გამიჭირდება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დავთი მაღრაძის ინიციატივას აღადგინოს მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ და შემოიკრიბოს ძველი თანაგუნდელები.

„საზოგადოებაში ნელ-ნელა ჩნდება მოთხოვნილება მესამე პოლიტიკურ ძალაზე. იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება" კარგავს რეიტინგს და ამას ყველა გრძნობს, ცდილობენ შექმნან ახალი მოძრაობა, ან ძველი დაბრუნდეს. 

„ეს ახალი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ასეთი გაერთიანებები ყოველთვის იქმნებოდა არჩევნების წინ. გვახსოვს, 2012 წელსაც შეიქმნა მოძრაობა და მაშინაც დავით მაღრაძე აქტიურად იყო ჩართული პროცესებში, მაგრამ ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა არ ჰქონია.

„მე პირადად  მივესალმები საზოგადოებრივი მოძრაობების გააქტიურებას. მესამე  პოლიტიკური ძალა კი არა, კლანიც რომ შეიქმნას, ისიც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. მაგრამ შეუძლია ამ გუნდს ისეთი მიმზიდველი პროგრამა შესთავაზოს საზოგადოებას, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს და ფავორიტი ადგილი დაიკავოს ქართულ პრლიტიკაში?

„ვნახოთ, ამჯერად რას შესთავაზებენ და რამდენად მოიპოვებენ ამომრჩევლის მხარდაჭერას. მხოლოდ განცხადებების დონეზე ასეთი საქმეები არ კეთდება, არც ახალი სახეების მოძიებით, არც ძველის დაბრუნებით, არც სახელწოდებით, არც იმით, რომ ამ გუნდში იქნებიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონს არც „ნაციონალები“ და არც „ოცნება“. არის სხვა ფაქტორებიც, რომელიც გასათვალისწინებელია. თუნდაც ის, რომ რაც არ უნდა გაგრძელდეს  „ოცნების“ რეიტინგის ვარდნა, მას მხარდამჭერები მაინც ეყოლება, დარჩება პოლიტიკურ ძალად და დიდ გუნდს შეიყვანს პარლამენტში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×