„ყველაზე სავარაუდოა, რომ ისევ იმ ჯგუფმა გაიმარჯვოს, რომელსაც უმრავლესობის უმრავლესობა ჰქვია, მაგრამ შეიძლება პროცესებმა ასეთი კარდინალური სახე არ მიიღოს და ჯგუფები პოზიციების შეთავსებაზე შეთანხმდნენ. გააჩნია, რომელი სტრატეგია იქნება არჩეული," - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების კიდევ ერთ ტალღას, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით წარდგენილ სამ კანონპროექტზე, 15 მარტს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალში განვითარებულ მოვლენებსა და „თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რამაზ საყვარელიძე: თუ ნაპრალების ამოვსება და ერთმანეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა ამოცანა, მაშინ ამაზე უნდა იმუშაონ. თუ დაპირისპირება და კიდევ უფრო გახლეჩვაა მიზანი, მითუმეტეს თუკი სურთ მათი კრიტიკოსი ბევრი იყოს, ვხედავთ, რომ ამერიკაც ამ თემის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, მაშინ ის რადიკალური პოზიცია უნდა აიღონ, რომელიც არასამთავრობოებისთვის და „ოცნების" „აჯანყებული" ნაწილისთვისაც მიუღებელი იქნება.
ასეთი ვერსიის განვითარება წამგებიანია, მაგრამ „ოცნება" წამგებიან ნაბიჯებს ხშირად დგამს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.
„რეზონანსი": უნდა ველოდოთ თუ არა ვითარების უფრო მეტად დაძაბვას?
რ.ს.: სიტუაციის დაძაბვას უნდა ველოდოთ. ჯერ ადრეა, ბევრი დროა დარჩენილი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობაც მატულობს-ხოლმე.
„ქართული ოცნების" უმრავლესობის უმრავლესობა საზოგადოების თვალში რაც უფრო წამგებიან პოზიციას დაიკავებს, მით უფრო მეტი შანსია, რომ დეპუტატები კვლავ გამოეყონ მას.
„რ": სოფელ ხურვალეთში მომხდარ ფაქტსაც რომ შევეხოთ, რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი და იყო თუ არა გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვის მცდელობა?
რ.ს.: თუკი ამ მოვლენას შევხედავთ, როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტს, მისი შედეგი იმ იმიჯის გაძლიერება იქნება, რომ ხელისუფლება უძლურია და ეს რუსეთთან დაკავშირებით ყველაზე ადვილი სათქმელია, რადგან რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლება მართლაც უძლურია.
თავად ტრამპია უძლური, ამხელა სახელმწიფოს ხელმძღვანელი და საქართველოს ხელისუფლება უძლური რომ იყოს, გასაკვირი არაა. მაგრამ „ხელისუფლება უძლურია" უკვე ქმნის იმ განწყობილებას, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვლაოს. ამ ტიპის მოვლენები ხელისუფლების შეცვლის განწყობლების წისქვილზე ასხამს წყალს.
„რ": „თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებს როგორ შეფასებთ?
რ.ს.: ეს საკითხი მარტივი არ არის, რადგან „თიბისი ბანკის" საქმე რა ფაქტორების გამო დაიწყო, ეს ჯერჯერობით გაუგებარია. ყველას აქვს ეს კითხვა, მათ შორის უცხოელებსაც - იყო თუ არა საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ასეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორიც „თიბისი ბანკია", დარტყმის ქვეშ დამდგარიყო, რადგან ასეთ ინსტიტუტებზე დარტყმა ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება-ხოლმე.
თუმცა, რამ გამოიწვია ეს დარტმა, ცხადი არ არის. ვიცით, რომ 2008 წლის მასალებია ამოწეული, მაგრამ რა მოხდა გაუგებარია. აქამდე რატომ იყო ეს მასალები ხელუხლებელი? ბანკის მაშინდელი თანამშრომელი ვერ იხსენებს და ესეც გაუგებარი ფაქტია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას ვერ იხსენებს.
„რ": როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი?
რ.ს.: ამ საქმეს გაუგებრობების მთელი ჯაჭვი ახლავს და როდესაც დასაწყისი გაუგებარია, დასარულიც გაუგებარი ხდება, რადგან საით მიდის პროცესი, ძნელი სათქმელია.