ბრიტანული „დეილი მეილი" ორგანიზაცია Globehunters-ის ინფოგრაფიკას აქვეყნებს, რომელშიც საქართველო იმ 187 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ონკანიდან წყლის დალევა უსაფრთხო არ არის, ეს ინფორმაცია ტურისტებისთვის არის განკუთვნილი და ეს კვლევა Globehunters-მა დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინა.
„რეზონანსი", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში სოფლებსა და ქალაქებში ეს პრობლემა არის, თუმცა თბილისში წყალი მრავალგზის იქნა შესწავლილი და ონკანიდან წყლის დალევა საშიში არ არის.
„არის ქვეყანაში პრობლემა, ძირითადად სოფლის წყალსადენებში. თვითონ თბილისში ბევრჯერ არის ეს შესწავლილი და წყალი უსაფრთხოა", - აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად წყლის ანალიზი ჩაატარა, რომლის შედეგებიც გაზაფხულის ბოლოს გახდება ცნობილი.
თამთა ჩაჩანიძე