ვინც საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისა და უსაფუძვლოდ თავშესაფრის მიღებაში დაეხმარება, 2-დან 4 წლამდე პატიმრობა დაემუქრება, განმეორების შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელი 6-წლამდე გაიზრდება.
ამ კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა და მას მალე კენჭს უყრიან. „ოცნების“ დეპუტატების არგუმენტია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრანტთა რიცხვი გაზრდილია და საფრთხეა, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს.
კანონპროექტს უკმაყოფილება მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ უცხოეთში ქართველები გაჭირვების გამო მიდიან და ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შექმნას და დაასაქმოს ადამიანები, მათ სიღარიბის გამო დასჯას უპირებს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ამ კანონის მიღების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკანონო მიგრაციის ზრდამ უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეუქმნა. მისი თქმით, „სამწუხაროდ, არის წინაპირობა, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება“.
ხულორდავა ამბობს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„არასწორია, თითქოს ამ პროექტის მიზანი იყო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, ვინც ევროკავშირში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება. ასე არ არის. აქ კონკრეტულად საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ხელს უწყობენ უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყანაში და მიგრანტები გახდნენ, ან ეხმარებიან იმაში, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაყალბებით და ა.შ.
„ორივე ეს პირობა - თავშესაფრის მოთხოვნების ზრდა, ასევე საზღვარზე უარი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ სტატისტიკის ზრდა, სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება“, - უთხრა ხულორდავამ ჟურნალისტებს.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, თუ სტატისტიკურად შევხედავთ ყველაფერს,იდეაში საფუძველი არსებობს, რომ რომელიმე ქვეყანამ, სადაც მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მოითხოვოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.
„ამ დრომდე ეს საკითხი ოფიციალურად არცერთ შეხვედრაზე არ განხილულა, ისე, ინდივიდუალურ დონეზე კომუნიკაცია იყო და ნანახი გვაქვს ასევე ელჩების განცხადება ამ თემაზე. საფრთხე ნამდვილად არის.
„შეჩერების მექანიზმის ხუთი თუ ოთხი პრინციპიდან ერთ-ერთი ეფუძნება თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის ზრდას და სადაც ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი, იმ ქვეყანამ შეიძლება დააყენოს საკითხი შეჩერებაზე.
„გასული წლის მეოთხე კვარტალში ძალიან მომატებული იყო თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა, განსაკუთრებით საფრანგეთში. აქედან გამომდინარე იყო საფრანგეთის ელჩის განცხადებაც იანვარში და იყო კიდევაც ნახსენები შეჩერების მექანიზმის მეორე ანგარიშში. ციკლური პერიოდები აქვს ხოლმე, რაღაც პერიოდში მატულობს, რაღაც პერიოდში იკლებს.
„თავად ამ კანონპროექტს არ ვიცნობ და გამიჭირდება შეფასება, მაგრამ იდეაში ის, რომ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი და რაც გაკეთდა, საკმარისი არ არის, ეს ცხადია. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად საინფორმაციო კამპანიისა, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, რომელიც გვარის შეცვლის გართულებას შეეხებოდა, საკმარისი არ აღმოჩნდა და უცხოეთში თავშესაფრის მოთხოვნები გრძელდება,“ - ამბობს ჩხიკვაძე.
მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ამ კუთხით სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკეთოს და გააძლიეროს მუშაობა, ეს არის, ცირკულარული მიგრაციასთან დაკავშირებით შეთანხმებები ინდივიდუალურად ქვეყნებთან.
„ამ ეტაპზე ევროკავშირის სამ ქვეყანასთან გვაქვს შეთანხმება, რომ იქ ადამიანები დასაქმდნენ და საჭიროა, ერთი - რომ მასშტაბი გაიზარდოს, კვოტებზეა ლაპარაკი, რამოდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებაზეა საუბარი და ეს კვოტა უნდა გაიზარდოს და მეორე მხრივ, უფრო მეტ ქვეყანასთან უნდა მოხდეს მსგავსი შეთანხმების მიღწევა და შესაბამისი მუშახელის გაგზავნა.
„ამ შეთანხმების თანახმად, პერიოდული ჩადის და მუშაობს საქართველოს მოქალაქე, მისი უფლებები არის დაცული, სოციალური პაკეტი აქვს და არ არის არალეგალი. ასეთი შეთანხმება არის გერმანიასთან, პოლონეთთან და ესტონეთთან,“ - ამბობს ჩხიკვაძე.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე მოიწონა. პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება სს წესით დასჯადი ხდება. სასჯელი 2-დან 4 წლამდე პატიმრობას გაითვალისწინებს. ჯგუფის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენაზე კი, 6-წლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.