რა მოხდა რეალურად ოკუპაციის ხაზზე და რას უნდა ველოდოთ მომავალში
ელზა პაპოშვილი
18.03.2019

 რა მოხდა ხურვალეთში - ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია თუ ტყუილი, რომლის გავრცელებაც კონკრეტულად ვიღაცას ხელს აძლევდა. რა რისკებს შეიცავს მსგავსი პროვოკაციები და როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციაში არსებული საფრთხე თავიდან აიცილოს.

"გადავარჩინოთ ხურვალეთი" - ეს იყო იმ აქციის სახელი, რომელიც 15 მარტს სოფელ ხურვალეთში დაანონსდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცები შევიდნენ.

აყველაფერი იმით დაიწყო, რომ 15 მარტს სოციალურ ქსელში ლუდა სალიას მიერ, რომელიც ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები სოფელში შევიდნენ.

"თწთ ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან მოსახლეების ეზოებში," - დაწერა სალიამ სოციალურ ქსელში.ამის შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ სამოქალაქო აქტივისტები. მათ შორის გიგა მაქარაშვილი, რომელმაც "ფეისბუქ" ლაივი ჩართო და საზოგადოებას სოფელში ჩასვლისკენ მოუწოდა.

"მე ვარ აქ და ყველას გთხოვთ, ჩამოხვიდეთ ხურვალეთში. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს სოფელი," - ამბობდა იგი ვიდეომიმართვაში.

რუსი ჯარისკაცების გამოჩენის საპასუხოდ ხურვალეთში მოქალაქეები იკრიბებოდნენ. ამის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა ხურვალეთში ჩასვლა გადაწყვიტა, თუმცა პოლიციამ შესასვლელი ჩაკეტა და გადაადგილება შეზღუდა. სამართალდამცველები სოფელში შესვლის საშუალებას არც ჟურნალისტებს აძლევდნენ, მოქალაქეთა რაოდენობა კი იზრდებოდა.

ამის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომენტარი იყო: "ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე."

მსგავსი შინაარსის კომენტარი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდანაც: "ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები არ შეიმჩნევა. არც ინციდენტი შეგვიმჩნევია".

ხურვალეთთან მყოფი მოქალაქეები კი სოფელში შესვლას ითხოვდნენ. მათ სურდათ, საკუთარი თვალით ენახათ, რომ სოფელში სიტუაცია სტაბილური იყო. იგივე მოთხოვნა ჰქონდათ ჟურნალისტებსაც, თუმცა პოლიცია მათ ეუბნებოდა, რომ, მიღებული ბრძანების შესაბამისად, სოფელში არავის შეშვება არ შეეძლოთ. თუმცა მედიის წარმომადგენლების შეშვება პოლიციამ უკვე ხუთი საათისთვის დაიწყო,როცა, სავარაუდოდ, რუს სამხედროებს აღნიშნული ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ.

ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ან დამატებითი ბარიკადების მშნებელობის ფაქტი არ გამოვლენილა.

"ვიღაცის ბოროტი ხუმრობა და პროვოკაცია იყო" - ასე აფასებს ხურვალეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი 15 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოფელში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ადგილობრივების განცხადებით, სოფელში სრული სიმშვიდეა.

"არარსებულ პრობლემაზეა საუბარი, დღეს ეს ყველაფერი ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყო. ვიღაცა ერთობა ამ პრობლემით. ეს იყო პროვოკაცია და მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვეულებრივი მშვიდობიანი დილა გაგვითენდა, მე უშუალოდ მავთულხლართებთან ვცხოვრობ, ყოველდღიური შეხება მაქვს ამ ყველაფერთან, პირადად ჩვენ არავის არ შევუწუხებივართ. არ არის სასურველი ასეთი ზედმეტი პროვოკაციული განცხადებები. აქ პოლიცია ისე გვიცავს, ნაბიჯს არ ვდგამთ მათ გარეშე. არც სასაფლაოებზე არანაირი გადაადგილება არ შეიმჩნევა," - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ლელა ქიტუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ 15 მარტის მოვლენები ივანიშვილის პოლიტიკის გაგრძელებაა, სიტუაციის განმუხტვა კი იმის ხარჯზე მოხდა, რომ მან რუსებს, სავარაუდოდ, "რაღაც დაუთმო".

"ერთი კვირის წინ კარასინის გზავნილი ივანიშვილისთვის ყვითელი ბარათის ჩვენების ტოლფასი იყო. გზავნილი მარტივი იყო - ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენ წინააღმდეგ. ივანიშვილმა არათუ მოკავშირეებს მიმართა, მომეხმარეთო, არამედ ორივე მხარესთან "დუმილის უფლება" გამოიყენა. შედეგმა არ დააყოვნა და რუსებმა ხურვალეთის მოქმედებით ოდნავ გაწითლებული ბარათი აჩვენეს ივანიშვილს.

"გზავნილის შინაარსი ისევ მარტივი იყო. თუ ჩვენთან არ ხარ, ჯერ ხურვალეთს დავიკავებთ და ისე აგირევთ შიგნით, ხოლო ეგეც თუ საკმარისი არ აღმოჩნდა, გორი-თბილისის ტრასამდე ამოვიწევთო," - აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე აზრით, ივანიშვილმა საიდუმლო არხების მეშვეობით რუსებს სანაცვლოდ რაღაც დაუთმო. ამიტომაა ეს თამაში "ბინძური", რადგან ჩვენ ვერ გავიგეთ, რა დავთმეთ.

"რუსებმა კი ერთი რამ უნდა იცოდნენ. თუმცა ალბათ იციან და მაგითიც აშანტაჟებენ ივანიშვილს. თუ ისინი ხურვალეთს ან რომელიმე დასახლებულ პუნქტს დაიკავებენ, სანამ მათ მოვკითხავთ, ივანიშვილს ჩამოვაგდებთ მისი უმოქმედობის და უსუსურობის გამო," - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ ეს იყო აქციის მონაწილეების მხრიდან ხელოვნურად გამოწვეული პროცესი, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგითაც დასრულებულიყო.

იგი ამბობს, რომ 13 მარტს ე.წ. უშიშროების სამსახურებმა საჯაროდ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქაცარავა 15 მარტს ხურვალეთში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას აპირებდა და ისინი ამას არ დაუშვებდნენ.

"ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული პროვოკაცია და მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ სისხლისღვრა არ მოხდა. ქაცარავა სააკაშვილთან დაახლოებული პირია, რომელიც პირდაპირ, ერთი-ერთში "ნაციონალების" ხელწერას იმეორებს. ეს ოსური მხარისათვის წინასწრ შეტყობინებული ინფორმაცია იყო, რომლებიც მოემზადნენ და ქართველებისგან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას დაელოდნენ. მე მაქვს სუს-თან კითხვები, მიუხედავად იმისა, რომ გადავრჩით. რას ჰგავს ეს? ეს არის ორი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და იმის მცდელობა, რომ სისხლი დაღვრილიყო.

"საიდან მოხვდა ინფორმაცია იმაზე, რომ ქაცარავა იქ რაღაც პროვოკაციას აპირებდა - ოსებს დაესიზმრათ? აშკარაა, რომ ვიღაცამ ქართველების მხრიდან, ვის თავშიც ეს პროვოკაცი მოიხარშა, თან ოსურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა.

"ეს არის საოკუპაცია რეჟიმთან გარიგება, რათა მოხდეს პროვოკაცია და სისხლი დაიღვაროს. არ მგონია, რომ სალიას რაღაც დაესიზმრა, ფაქტია, რომ იქ ვიღაცები ნამდვილად იყვნენ და გარკვეული მოძრაობები შეიმჩნეოდა. რუსები ელოდებოდნენ ქართველებს და ისინი გარკვეულ აქტოვობაში იყვნენ," - აცხადებს ზაქარეიშვილი "მთელ კვირასთან".

მისივე თქმით, ფაქტია, რომ რუსები ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან, თუმცა შორიახლოს იყვნენ და რაღაცას ელოდებოდნენ. რუსი ოკუპანტები ქართველების მხრიდან წინასწარ გაცხადებულ პროვოკაციას ელოდნენ. ისმის მთავარი კითხვა, რუსები თავად მოვიდნენ თუ ვიღაცისგან წინასწარ მოწვეულები იყვნენ. ზაქარეიშვილის აზრით, მოსახლეობამ ადეკვატური და რეალური განგაში დაიწყო, მაგრამ აქამდე როგორ მივედით, ამაზეა საუბარი.

"საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო. საიდუმლო ფაქტი არ იყო, რომ 15 მარტს რაღაც იგეგმებოდა. უსაფრთხოების სამსახურს ამის პრევენცია უფრო ოპერატიულად უნდა მოეხდინა. ყველამ კარგად ვიცით, რომ გარკვეული პროვოკაციული ნაბიჯები იდგმება. გამოძიება უნდა ჩატარდეს და გამოიკვლიონ, როგორ მოხვდა ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებთან, რომ ის 15 მარტს ხურვალეთში გარკვეულ აქტივობას აპირებდა.

"მსგავსი აქტიურობა, თუ რაიმე დაპირისპირება არ ხდება, დასაშვებია და ესეც კონფლიქტის შედეგია. თუმცა ჩვენს თავს კითხვა უნდა დავუსვათ - რას გვაძლევს ეს აქტიურობა და რუსების წისქვილზე წყალს ხომ არ ვასხამთ?

"არ უნდა ვათქმევინოთ ოსებს, ქართველები ისევ იმ რიტორიკას აგრძელებენ, რაც 90-იან წლებში ჰქონდათო. ეს ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს. მათ ცუდ რუსეთსა და ცუდ საქართველოს შორის არჩევანი რომ უდგებათ, ისევ რუსეთს ირჩევენ," - განაცხადა ზაქარეიშვილმა "მთელ კვირასთან"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×