პაატა ლომაძე: "დიდი იმედით ვუყურებთ ახალ საკანონმდებლო ინციატივას"
მარი გოცირიძე
19.03.2019

 ივლისიდან საქართველოში სავალდებულო ავტოდაზღვევა ამოქმედდება. იგი მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რისკები მინიმალურად შეამცირონ და ნებისმიერ პრობლემას იოლად გაუმკლავდნენ. ახალი კანონის შემოღება მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ქვეყნის ეკონომიკასაც დიდ სარგებელს მოუტანს.

სავალდებულო ავტოდაზღვევა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც თბილისში გამართულ დაზღვევის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს. ფორუმზე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე, ბაზრის ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სისტემაში საერთაშორისო გამოცდილებაზე გაამახვილეს ყურადღება.

სავალდებულო დაზღვევა პირველი ივლისიდან უნდა შევიდეს ძალაში. "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც საქართველოში დაზღვევის ჯანსაღი, ფინანსურად მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას უქმნის რისკს.

"კონფერენციის ფარგლებში, მოგვეცა საშუალება, რომ საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების როლსა და შესაძლებლობებზე გვესაუბრა. ასევე უახლოეს პერიოდში მოსალოდნელ ცვლილებებზე ვიმსჯელეთ, რამდენად სწორად მოიქცნენ სადაზღვევო კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები, რათა ჯანსაღი, გადახდისუნარიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო სისტემა შეიქმნას.

ჩვენი კომპანია დიდი იმედით უყურებს სავალდებულო ავტოდაზღვევასთან დაკავშირებულ ინციატივას. აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში, რათა არ გამოგვეპაროს ისეთი დეტალები, რამაც შეიძლება მთლიანად ამ სისტემას შეუქმნას საფრთხე. ბევრი საკითხი უკავშირდება სადაზღვევო პროდუქტს - რა იქნება სავალდებულო, რა მექანიზმით მოხდება მისი ბაზარზე გამოტანა, რომელი სადაზღვევო კომპანიები ჩაერთვებიან, რათა კონკურენციის პირობები არ დაირღვეს.

ბაზარი ბოლო წლებში საკმაოდ სტაბილურად ვითარდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის მაინც შეზღუდვებია. მაგალითისთვის, საქართველოში რეგისტრირებული 1,3 მილიონი მანქანიდან სულ 70 ათასია დაზღვეული, რაც მიუთითებს, რომ დიდი პოტენციალია ბაზარზე, მაგრამ მომხმარებლისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდებაა საჭირო.

გამოცდილი პრაქტიკაა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შემოიღეს სავალდებულო ავტოდაზღვევა, გამოიწვია საზოგადოების ცნობადობის ამაღლება სადაზღვევო მომსახურების მიმართ და, შესაბამისად, ბევრად უფრო სწრაფად დაიწყო განვითარება. ვფიქრობ, ევროპული გამოცდილება საქართველოს შემთხვევაშიც გაამართლებს," - აღნიშნა "რეზონანსთან" პაატა ლომაძემ.

მისი შეფასებით, სავალდებულო დაზღვევა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და ავტოსაგზაო ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს შესაბამისი ზარალის ანაზღაურება მოხდეს.

"დღესდღეობით ბაზარზე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის კონკურენტული გარემო და თანაბარი პირობები სადაზღვევო კომპანიებისთვის. მოგეხსენებათ, არსებობს რამდენიმე ბანკი, რომელიც სადაზღვევო კომპანიას ფლობს ან აფუძნებს და ეს კომპანიები არიან გარკვეულწილად უფრო მძლავრ პოზიციაზე არა ფინანსურად, არამედ ინფორმაციული კუთხით, რამდენადაც მათ კლიენტურაზე სრული წვდომა აქვთ. რამდენიმე დომინანტი ბანკია, რომელიც ფლობს ძალიან დიდ ინფორმაციას და ტექნიკურ საშუალებებსაც გადახდის უზრუნველყოფის კუთხით. ბუნებრივია, ეს ისეთი უპირატესობაა, რომელიც არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ გააჩნია და დანარჩენ ინდუსტრიას საფეხურებრივად დაბალ პოზიციაზე ამყოფებს.

ჩვენ ზუსტად ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვთანამშრომლობთ ზედამხედველობის სამსახურთან, პარლამენტთანაც, რომ მოხდეს ყველა სადაზღვევო კომპანიის ჩაყენება თანაბარ პირობებში. რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი ისე, რომ არ დაზარალდეს დანარჩენი კომპანიის ინტერესები," - განაცხადა პაატა ლომაძემ.

ბაზრის ერთ-ერთ გამოწვევად იგი კონკურენციის მხრივ არსებულ ვითარებას მიიჩნევს. "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის თქმით, არსებობს რისკი, რომ დომინანტმა ბანკებმა სადაზღვევო ბაზარზეც გააგრძელონ დომინირება.

"საქართველოს ზომის ქვეყანა ბევრია აღმოსავლეთ ევროპაში, ბევრი მაგალითი არსებობს, სადაც განვითარებულია სადაზღვევო მომსახურება, თუმცა მათგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მცირე წილი უჭირავს დაზღვევას, მაგრამ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს. სადაზღვევო ინდუსტრიას სწორი განვითარების პირობებში თავისუფლად შეუძლია რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სადაზღვევო მომსახურება სოციალური პროდუქტია და მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ არ გაღარიბდეს მოსახლეობა გაუთვალისწინებელი ხარჯის გამო და არ ჩავარდეს სასოწარკვეთაში. ამ თვალსაზრისით, სავალდებულო დაზღვევა არის გარანტი, რომ ეკონომიკა არ გაჩერდეს და ნებისმიერი მოქალაქე იყოს დაცული," - ამბობს პაატა ლომაძე.

სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, დაზღვევა რთული, არატრადიციული პროდუქტია და სჭირდება ლოკომოტივი, რომელიც აქამდე საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობდა. სავალდებულო ავტოდაზღვევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა და აუცილებელია, რომ ახალი კანონმდებლობა რეალობის ადეკვატური და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული გახდეს.

"საქართველოში ავტომობილის სავალდებულო სამოქალაქო დაზღვევა შემოდის და მაღალი ინტერესიც ამით არის გამოწვეული. ცვლილება აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გაჩნდა რეალური იმედი, რომ სადაზღვევო ურთიერთობა განვითარდება, მეტი და მეტი ხალხი შევა სადაზღვევო კომუნიკაციაში და ისწავლის დაზღვევით სარგებლობასა და სარგებლის მიღებას.

15 წლის თავზე, როგორც იქნა, სავალდებულო დაზღვევის ამბავი დაიძრა საქართველოში, ანუ მთავრობამ დაინახა, როგორც მთელმა მსოფლიომ, რომ ამით შეიძლება იმ რისკების მართვა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ახლა მთავარია, კანონმდებლობა რეალობის ადეკვატური გახდეს. ძალიან ბევრ ქვეყანას შექმნია პრობლემა, როდესაც მოთმინების და სტაბილურობის გარეშე დაუწყია მასობრივი სავალდებულო დაზღვევა, ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენს კულტურასა და ტრადიციაში დაზღვევა არ ზის, წინაპრებისგან არ გვისწავლია, ამიტომ სიახლის მისაღებად სტაბილურობა და მოთმინება გვმართებს.

ცხადია, არსებობს ობიექტური მიზეზიც, დაზღვევა რთული, არატრადიციული პროდუქტია და სჭირდება ლოკომოტივი, რომელიც აქამდე საქართველოში ფაქტობრივად არ იყო, ახლა იწყება, მათ შორის სავალდებულო დაზღვევით სუბსიდირებული პროგრამები და სხვა. მოთმინება გვინდა და უნდა გვესმოდეს, რომ სადღაც 4-5 წელიწადი დაგვჭირდება, რომ ეს სიტუაცია დალაგდეს და ბაზარი განვითარდეს," - აღნიშნა "რეზონანსთან" დევი ხეჩინაშვილმა.

(ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×