"ეს იყო რუსეთის მიერ წინასწარ დადგმული პროპაგანდისტული ნაღმი, რომელიც 15 მარტს აფეთქდა"
თამარ შუკვანი
19.03.2019

 "ყირიმისა და საქართველოს სცენარი განსხვავებული მოდელია, თუმცა საქართველო "მწვანე კაცუნების" გამოჩენისთვის შეიძლება მოწყვლადი ტერიტორია აღმოჩნდეს.

"მწვანე კაცუნები" - ეს არის რუსეთის სპეციალური დაგეგმარებისა და სპეციალური ოპერატიული სარდლობის შენაერთები, რომლებიც ეროვნული თავდაცვის ცენტრს ემორჩილება" - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია 15 მარტს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში განვითარებული მოვლენების "რეზონანსთან" შეფასებისას.

7 თებერვალს დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, რამდენიმე დღის წინ კი სოფელში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ. ამ ინფორმაციას ადგილობრივები ადასტურებენ, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გადმოსვლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს.

ფოტოსურათზე, რომელიც ხურვალეთის თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა, სამხედრო ფორმიანი და ნიღბიანი ადამიანები არიან ასახული - ე.წ. მწვანე კაცუნები, რომლებიც ეროვნული კუთვნილების ნიშნის გარეშე მოქმედი ჯარისკაცები არიან, თუმცა რუსეთის არმიას ექვემდებარებიან.

რუსეთის მსგავსი ხელწერა უკვე ცნობილია როგორც ყირიმის ანექსიისას, ასევე დონბასის ოლქში ბრძოლის დროს, სადაც სწორედ ეს "მწვანე კაცუნები" გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი კატეგორიულად უარყოფდა, ამის არაპირდაპირი დადასტურება მრავლად არსებობს.

ხურვალეთში მომხდარი ფაქტის შემდეგ ეს საკითხი საქართველოსთან მიმართებით უკვე დღის წესრიგში დგას. რამდენად რეალურია, რომ რუსეთმა საქართველოში სწორედ ეს ტაქტიკა გამოიყენოს.

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საქართველო ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, რადგან რუსეთმა, შესაძლოა, იმავე ტაქტიკას მიმართოს, რასაც იყენებდა ყირიმის ანექსიისას.

"რუსეთმა, შესაძლოა, ყირიმის გამოცდილება ან სხვა ელემენტები გამოიყენოს - დონბასის, ვენესუელის, სირიისა და ყირიმის მაგალითების ფონზე, სავსებით შესაძლებელია ჩვენს რეალობაში ასეთი კომბინირებული ვარიანტის გამოყენება, თუ დასჭირდა ამის ამოქმედება.

"ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მოვიგერიოთ ასეთი ტიპის ჰიბრიდული ასიმეტრიული შეტევები. თუკი ფრთხილად ვიქნებით და დროულად აღმოვაჩენთ ამ საფრთხეების ზონებს, ეს შესაძლებელია. მთავარია ჩვენი თავდაცვისა და მთლიანად ხელმძღვანელობის მაღალი პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა," - აღნიშნა მაისაიამ.

რასთან გვაქვს საქმე - რუსეთის მხრიდან ეს დაზვერვის ტიპის აქცია იყო თუ გარკვეული სახის მუქარის შემცველი მესიჯი? შესაძლოა თუ არა, ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტს დავუკავშიროთ?

მაისაიას აზრით, გარკვეულწილად შეიძლება ანაკლიის პორტსაც დავუკავშიროთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ატოცის თემატიკა და ნატო-ს ფაქტორი - ალიანსში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მიერ საკმაოდ სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯები.

"ეს ჰიბრიდული ომის ნაირსახეობა და საოკუპაციო ომია, პროპაგანდისტული ომის ელემენტია. ე.წ. სამხედრო კაგებემ ჯერ კიდევ 12 მარტს გამოაცხადა, რომ 15 მარტს პროვოკაციები იგეგმებოდა ქართული მხარის მიერ. ასეთი აჟიოტაჟის გამოწვევაც დაგეგმილი სცენარი იყო სწორედ რუსული სცენარის კონტექსტში.

"რუსები ცდილობენ, რომ სიტუაცია აჟიტირებული გახადონ და აწიონ მუხტი. ამას ემატება ანაკლიის საკითხი, ატოცის თემატიკა და დღეს დაწყებული ნატო-ს გაფართოებული წვრთნები. ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ.

"ეს რუსეთისთვის სერიოზული დამოკიდებულების საკითხია მათ მიმართ, ვინც საქართველოთი ინტერესდება საკმაოდ სერიოზული ზრახვების კონტექსტიდან გამომდინარე. ჩვენ ახალი ცივი ომის რეალობაში ვიმყოფებით. ის ვითარება, რაც ჩვენთან მიმართებით შეიქმნა, უმწვავესი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს.

"ეს ფაქტი გარკვეულწილად მუქარის ელემენტს შეიცავდა - სამხედრო კაგებემ განცხადება 12 მარტს გაავრცელა, პროვოკაციაა მოსალოდნელიო, რაც წარმოაჩენს, რომ რუსული მხარე ამზადებს რაღაცას.

"ამიტომ ჩვენთან ატეხილი აჟიოტაჟი ამ გამოხმაურებასთან რაღაც კავშირში უნდა იყოს. ეს იყო რუსეთის მიერ წინასწარ დადგმული ერთგვარი პროპაგანდისტული ნაღმი, რომელიც 15 მარტს აფეთქდა. კიდევ რა ნაღმები ექნებათ, ამას დრო და ვითარება გამოაჩენს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×