
„მე ხმა მივეცი კვაჭანტირაძის გადაყენებას. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. სწორი გადაწყვეტილებაა, ვინც ამას მისცა ხმა," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების უშედეგო მცდელობის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, ზოგიერთი დეპუტატისთვის უცნობი იყო, თუ რას უყრიდნენ კენჭს და კვაჭანტირაძის გადაყენებაც სწორედ ამის გამო ვერ მოხდა.
„ვფიქრობ, რომ რამდენიმე დეპუტატმა ვერ გაიგო როგორ და რა დროს იყო კენჭისყრა. ზოგიერთმა დეპუტატმა ვერ გაიგო რას აძლევდა ხმას, ზოგიერთი შეგნებულად არ დაესწრო ამ პროცესს. აქედან გამომდინარე დადგა ეს შედეგი.
„ეს საკითხი დადებითად გადაწყდება შემდეგ კენჭისყრაზე. კონცენტრირებული უნდა იყოს ყველა დეპუტატი თავის გადაწყვეტილებაში," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ვერ შეძლო. 67 მომხრე, 8 - წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. ხოლო, გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
ცნობისათვის, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი „ქართული ოცნების" სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ესენი არიან: ცოტნე ზურაბიანი, რატი იონათამიშვილი და ლევან კობერიძე. ამასთან, სხდომას არ ესწრებოდა 74 დეპუტატი, მათ შორის 34 - უმრავლესობის წევრი.