(რეზონანსი) მესტიის მცხოვრებმა მზიური ჯაფარიძემ, რომელსაც კერძო სასტუმრო აქვს და ტურისტებს მასპინძლობს, ორი დღის შემდეგ ჩინელ ტურისტს დაკარგული საფულე დაუბრუნა.
მზიური ჯაფარიძე აცხადებს, რომ გოგონა მესტიაში ორი დღის შემდეგ ამოვიდა, როგორც კი გააგებინა, რომ მისი დაკარგული საფულე იპოვა.
„ორი დღის ლოდინის მერე როგორც იქნა მოვიდა ის ჩინელი გოგონა, რომელსაც ფული დარჩა ჩემთან. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მინდა ვთქვა, ბევრმა დამირეკა რატომ დაუბრუნეო. ღმერთი არ შემარგებდა და არც უჩუქებია არაფერი. რომც ეჩუქებინა, არ ავიღებდი", - ამბობს ჯაფარიძე „პრაიმტაიმთან".
ჩინელმა ტურისტმა გოგონამ რამდენიმე დღის წინ მესტიაში ერთ-ერთ სასტუმროში საფულე დაკარგა, სადაც პირადობის მოწმობა, საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერი და დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვალუტა აღმოჩნდა.