„ეს არის სრულიად ცარიელ ადგილზე წარმოშობილი აჟიოტაჟი მამა კახაბერთან და საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით. თუკი ადამიანი, თუნდაც პოლიტიკური ნიშნით ჩვენთვის სრულიად მიუღებელი მდგომარეობით, დგას ლოცვაზე, ჩვენ რა განცხადება უნდა გავაკეთოთ - არ დაუშვათ ეს ადამიანი ლოცვაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება აქ? "- აცხადებს საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ასე პასუხობს იმ ფაქტზე, რომ მოსკოვში ქართველმა მღვდელმა მონაწილეობა მიიღო ლოცვაში, სადაც დე ფაქტო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „ელჩებიც" იყვნენ რუსეთის პატრიარქის, კირილის მიერ მიწვეული.
ცნობისათვის, რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 17 მარტს მოსკოვში, მართლმადიდებლობის ზეიმზე მაცხოვრის ტაძარში ლიტურგიას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციაში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ ახბა და ასევე რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზნაურ გასიევი.
ამასთან, ამავე ვებგვერდის ცნობით, სხვა პირებთან ერთად, ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.
არის თუ არა საქართველოს საპატრიარქოსთვის მიუღებელი, როდესაც რუსეთის ეკლესია წირვაზე „ელჩების" სტატუსით იწვევს სეპარატისტული ხელისუფლებების წარმომადგენლებს და თან, ამ ლიტურგიაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელიც მონაწილეობს?
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ „ეს არის სრულიად ცარიელ ადგილზე წარმოშობილი აჟიოტაჟი".
„თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მამა კახაბერი უკვე რამდენიმე წელია მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მსახურობს, ეს ეკლესია არის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის შემადგენლობაში და მამა კახაბერს არავინ არ უთანხმებს წირვაზე ვინ დაესწრება და ვინ - არა. მამა კახაბერი მონაწილეობს მართლმადიდებელ წირვაზე და ამ წირვაზე თუ პატიჟებენ ვინმეს, მამა კახაბერი ვერ დააბრკოლებს მას.
„ზოგადად, ეს არ არის სააჟიოტაჟო საკითხი. ეს არ არის პოლიტიკური აქცია, რომელშიც მონაწილეობს მამა კახაბერი, იგი, როგორც მღვდელს შეეფერება, მსახურებით აღნიშნავს მართლმადიდებლურ დღესასწაულს.
„რეაგირება რაზე უნდა მოხდეს, მოსკოვის ტაძარში ლოცვას ვის დავუშლით ჩვენ? თუ შეეხებიან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, საქართველოს ეკლესიის ინტერესებს, მაშინ გავაკეთებთ რეაქციას, მაგრამ თუკი ადამიანი, თუნდაც პოლიტიკური ნიშნით ჩვენთვის სრულიად მიუღებელი მდგომარეობით, დგას ლოცვაზე, ჩვენ რა განცხადება უნდა გავაკეთოთ, არ დავუშვათ ეს ადამიანი ლოცვაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება აქ? ეს არის სრულიად ცარიელ ადგილზე წარმოშობილი აჟიოტაჟი მამა კახაბერთან და საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით," - ამბობს ჯაღმაიძე.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოს საპატრიარქო წერილის მიწერას მაინც რუსეთის პატრიარქისთვის, ჯაღმაიძე ამბობს, რომ შენიშვნის წერილს გააგზავნიან, რომ ტიტულატურის მითითება შეცდომაა.
„ოფიციალურ საიტზე არის მითითებული მათი ტიტულატურა? არ წამიკითხავს რა ეწერა ოფიციალურ საიტზე. რა თქმა უნდა, თუ ასე ეწერა, რაღაც სახით ამას ვაცნობებთ. თუ ოფიციალურ გვერდზე მოხსენიებულნი არიან ელჩებად, ეს ძალიან დასანანია, ეს არის შეცდომა და ამაზე რა თქმა უნდა, გვექნება რეაქცია, შენიშვნის სახით წერილი უნდა მიეწეროს," - დასძენს ჯაღმაიძე.
საგულისხმოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პატრიარქი დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს ხვდება და არცერთ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქოდან არც საპროტესტო განცხადება ყოფილა და არც საპროტესტო წერილი.
თეოლოგი გოჩა ბარნოვის თქმით, ის და სხვა თეოლოგები ხშირად ამბობენ, რომ რუსეთის ეკლესიის ამგვარ ქმედებებზე საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულება არის შემრიგებლური პოლიტიკა იმ რეალობასთან, რა რეალობაშიც აფხაზეთი და სამაჩაბლო იმყოფება.
„ფაქტობრივად, ჩვენ ვუდასტურებთ მათ საეკლესიო კანონების დარღვევას, ყველაფერს, რასაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებენ. ადრეც ვთქვი, როდესაც საქართველოს პატრიარქი იყო ჩასული კიევში მსახურებაზე, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ავტოკეფალიის თემა და რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქი დააყენა რიგითი ეპისკოპოსების გვერდზე, რაც ძალიან დამამცირებელი იყო, მაგრამ რატომღაც ვეგუებით ჩვენ მსგავს ქმედებებს.
„ელჩების" გვერდით ლოცვა რა გამოდის, ჩვენ ვუდასტურებთ, ვეთანხმებით იმ მდგომარეობას, რაც აფხაზეთში და სამაჩაბლოშია?! არ მახსოვს, რომ აფხაზეთში და სამაჩაბლოში არსებულ საეკლესიო ვითარებაზე, ეკლესიების გადათეთრებაზე, გადაკეთებაზე, მღვდლების დანიშვნაზე და ა.შ. რაიმე პროტესტი გამოეთქვას ჩვენს საპატრიარქოს რუსეთის პატრიარქთან. ეს შემაშფოთებელია.
„ჩემი სასულიერო აკადემიიდან გაგდების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო, რომ ვთქვი, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაციის პოლიტიკა პრორუსულია. მათი ნებისმიერი ქმედება აშკარად პრორუსულია და შემრიგებლურია რუსეთის ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეპისკოპოსად არ აკურთხეს დემეტრე თეთრუაშვილი, მიზეზი იყოს სწორედ ის, რომ საინგილოს, ჰერეთის ეპარქიაზე უარი ვთქვით და მას მალე რუსეთი მიითვისებს. ასევე გვახსოვს ბიბილოვს რომ მიულოცა „გაპრეზიდენტება" რუსეთის პატრიარქმა და ამაზე არანაირი პროტესტი ჩვენს საპატრიარქოში არ გვინახავს. ამ პრობლემებზე უნდა საუბრობდეს სინოდი, რომ რატომ არ ხდება რეაქცია, პროტესტი ასეთ თემებზე," - ამბობს ბარნოვი.