თამარ შუკვანი
19.03.2019

 „ის, რაც დღეს მოხდა, პირველ რიგში არის პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ პროტესტი. უნდა ველოდოთ, რომ პროცესი განმეორებადი იქნება, რადგან დეპუტატები და პარლამენტარები პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებებს ანგარიშს მაინცდამაინც არ უწევენ," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.

დღევანდელ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად „ქართულმა ოცნებამ" ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა და შესაბამისად, კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო, თუმცა მოგვიანებით პოსტის დატოვების შესახებ განცხადება თავად ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა და თანამდებობიდან გადადგა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები კვლავ განმეორდება, რადგან დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს დიდ ანგარიშს არ უწევენ.

„უმრავლესობა არ ჰყავს „ქართულ ოცნებას", უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს ჰყავს და მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია პროცესი არეგულიროს. სხვა ვერავინ - ვერც კობახიძე, ბახტაძე, ამ პროცესს ვერ დაარეგულირებს. პრობლემა ის არის, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გაუჭირდებათ ამ პრობლემების დარეგულირება, თვით ივანიშვილსაც კი.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ოცნებამ" დაკარგოს დეპუტატების ისეთი რაოდენობა, რომ შედეგად პოლიტიკური კრიზისი იქნას გამოწვეული, ვგულისხმობ 76 მანდატს, მაგრამ ასეთი ფაქტები, რაც დღეს მოხდა, კვლავ იქნება და განმეორდება.

„ის, ვინც პოლიტიკაში დარჩენას აპირებს და ვერ მიიღებს მომავალი ცხოვრების მოწყობის გარანტიებს 2020 წლის შემდეგ ის, რა თქმა უნდა, ანგარიშს არ გაუწევს არც ივანიშვილის სიტყვას და არც სხვა ვინმესი და დაუპირისპირდება „ოცნებას", თუმცა იმ 76 მანდატს „ქართული ოცნება" შეინარჩუნებს," - განაცხადა ვატხანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტის სხდომაზე პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ვერ შეძლო. 67 მომხრე და 8 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. ხოლო გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

ცნობისათვის, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი „ქართული ოცნების" სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ესენი არიან ცოტნე ზურაბიანი, რატი იონათამიშვილი და ლევან კობერიძე. ამასთან, სხდომას არ ესწრებოდა 74 დეპუტატი, მათ შორის 34 - უმრავლესობის წევრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×