რეზონანსი
19.03.2019

 საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს უკვე წელსვე შეუძლიათ შეამცირონ ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა 3 წლამდე და მაგისტრატურის - 1 წლამდე. თუმცა, ბაკალავრიატის შემთხვევაშე პირველ ეტაპზე ეს სიახლე მხოლოდ ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნებისთვის ამოქმედდება. მაგისტრატურის სწვალის ხანგრძლივობის შემცირება კი ეტაპობრივად მოხდება - პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას შეეხება და შემდგომში უკვე სხვა მიმართულებებსაც.

ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების მართვისა და არაფორმალური განათლების სამმართველოს უფროსმა ნინო ბერელიძემ განაცხადა.

„ეს დამოკიდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობაზე, ერთობლივად შეიმუშავოს ესეთი პროგრამა, მოიპოვოს ამაზე განხორციელების უფლება აკრედიტაციით, ან ავტორიზაციით და შემდეგ გამოაცხადოს მათზე მიღება. ამ დროისათვის სტუდენტები ვინც ჩარიცხულები არიან, მათ რა თქმა უნდა არ შეეხებათ", - განმარტავს ბერელიძე.

მისივე თქმით საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ შესაძლებლობას როდის გამოიყენებენ და მიმართავენ შესაბამისი განცხადებით სამინისტროს, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია.

ბერელიძის ინფორმაციით, „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ეს ცვლილება ამოქმედდა 2018 წლის ოქტომბრიდან და მასში წერია, რომ 3 წლიანი საბაკალავრო და 1 წლიანი სამაგისტრო პროგრამების განხორციელების წესი და პირობები უნდა დადგინდეს მინისტრის ბრძანებით.

„მინისტრის ბრძანების პროექტით შეთანხმების ყველა ეტაპი გავიარეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო ჯგუფებთან და შეთანხმების საფუძველზე საიტზე აიტვირთება მარტის ბოლომდე.

„პირველ ეტაპზე, სანამ ჩვენ მოვემზადებით და ეტაპობრივად საგანმანათლებლო დაწესებულებებს მივცემთ უფლებამოსილებას თვითონ აირჩიონ რომელ სფეროში გააკეთებენ 3 წლიან ბაკალავრიატს და 1 წლიან მაგისტრატურას, მანამდე ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნებისთვის ამოქმედდება ეს წესი. როგორც გითხარით მარტის თვეში წარედგინება მინისტრთა კაბინეტს", - განმარტავს ბერელიძე.

მისივე თქმით, ამ პროგრამის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა არსებობს. ერთი ის, რომ 2010 წლიდან სისტემაში არის 12-წლიანი ზოგადი განათლება და მეორე - 2011 წლიდან ამოქმედებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაცია და აქედან გამომდინარე, სამწლიან საბაკალავრო პროგრამებზე გადასვლისათვის ხელის შემშლელი პირობები არ არსებობს.

„რაც შეეხება ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას, ის არ არის ტიპიური, მას თავისი მიზნები აქვს. ეს პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამებია და არ არის კვლევაზე ორიენტირებული. ამ შემთხვევაში სამუშაო გამოცდილებაც დიდწილად მნიშვნელოვანია. ამის შესაძლებლობა ამ დროისათვის ექნებათ მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებში, რომლებიც მართვაზეა ორიენტირებული, მაგალითად როგორიც არის ბანკის მართვა და ამ პროგრამებზე გადასვლაც ეტაპობრივად ქვეყანას უკვე შეუძლია", - განმარტავს ნინო ბერელიძე.

მისივე ინფორმაციით, ამ პროგრამების განხორციელება ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ ერთობლივად განხორციელებული პროგრამის ფარგლებში როგორც საქართველოს სხვა, ასევე უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან.

თამთა ჩაჩანიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×