თამარ შუკვანი
19.03.2019

 „ეს აცდენილია საერთოდ დღევანდელ მდგომარეობას. ეს მისი პირადი განცხადებაა და მან უნდა ახსნას რატომ და რისთვის. აქ მთავარი პოლიტიკური პროცესი იყო. კომიტეტის წარმატება-წარუმატებლობაზე არ არის ლაპარაკი საჭირო," - ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მისი თანაგუნდელის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ზვიად კვაჭანტირაძემ თვითონაც კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, უფრო სწორად უსაქმურობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა."

ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ გია ვოლსკიმ თავად უნდა ახსნას მისი განცხადება. პირადად ის კი მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ კომიტეტის წარმატება-წარუმატებლობა დღევანდელი სხდომის განსახილველ თემას არ წარმოადგენდა.

„მან თვითონ უნდა ახსნას ალბათ, რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს. არავითარ შუაში აქ კომიტეტის მუშაობა-არმუშაობა, წარმატება-წარუმატებლობა არ არის. არც ის, ვინ არიან წარმატებული თავმჯდომარეები. აბოლუტურად სხვა საკითხია და საერთოდ არაფერ შუაში არ არის.

„აქ ლაპარაკი იყო და არის იმაზე, რომ ადამიანი როდესაც ტოვებს უმრავლესობას, პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები-ხოლმე და ეს მიიღება ყველგან," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მწვავედ გააკრიტიკა:

„ზვიად კვაჭანტირაძემ თვითონაც კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, უფრო სწორად უსაქმურობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ზვიად კვაჭანტირაძე. არ იმსახურებს კომიტეტის თავმჯდომარეობას, ის არ იმსახურებს სიმპათიას, რომელიც შესაძლოა, ჩვენს თანაგუნდელებს ძველი ისტორიის გახსენებით გააჩნდეს," - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×