ეკატერინე ბასილაია
20.03.2019

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაუბროდ დიალოგის ახალი ფორმატის - პოლიტიკური დიალოგის შექმნის იდეით გამოდის და როგორც მისმა პრესსპიკერმა განაცხადა, უკვე დაწყებულია მუშაობაც. თუმცა რეალურად რა დიალოგზეა საუბარი, ეს არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის სურვილი, თუ "მეორე ჟენევა" ან ვისთანაა დაწყებული მუშაობა, ადმინისტრაციაში არაფერი იციან და ამბობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ იდეაა.

პოლიტოლოგების თქმით, ზურაბიშვილის იდეა გაუგებარი და ჩამოუყალიბებელია. თანაც, ზურაბიშვილი ქვეყანაში არაფერს წყვეტს და მთავარია, შეთანხმებულია თუ არა მისი ეს "უტოპიური იდეა" მთავრობასთან.

პრეზიდენტის ახალ იდეაზე შეთანხმება არ ყოფილა არც მთავარობასთან. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, ეს არის პირადად პრეზიდენტის ინიციატივა და მთავრობაში ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა.

სამშაბათს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე სომხეთის ვიზიტის შეჯამებისას თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სასაუბროდ ახალი, პოლიტიკური დიალოგის ფორმატი უნდა შეიქმნას.

"ეს არის გამოსავალი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უარი ვთქვით სამხედრო დაპირისპირებაზე. პოლიტიკური დიალოგი ამ შემთხვევაში არის ერთადერთი გამოსავალი, ოღონდ ეს პოლიტიკური დიალოგი უნდა იმართებოდეს მუდმივად, პერმანენტულად, ყველა ტრიბუნის გამოყენებით.

"ახალ ფორმატთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია, თუმცა ჯერ ეს საწყისი ეტაპია. ეს არ იქნება არაფრის ალტერნატივა, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას ყველა არსებული ფორმატი, თუმცა, მისი აზრით, ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება. მაღალი პოლიტიკური დიალოგი არ იწარმოება ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კონკრეტულად რა სახის დიალოგი იგულისხმა პრეზიდენტმა, არის თუ არა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე მსჯელობა და ვისთან არის მუშაობა დაწყებული, "რეზონანსი" შეეცადა, დეტალები გაეგო, თუმცა უშედეგოდ.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, მას არ უთქვამს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების იდეა არსებობს, ხოლო რას გულისხმობს ახალი ფორმატი, არც ამაზე აქვთ კონკრეტული პასუხები, რადგან ეს ჯერ მხოლოდ ინიციატივაა.

"ფორმატი შინაარსობრივად როგორი იქნება, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ეს არის მხოლოდ ინიციატივა, რომ ახალი ფორმატი გვჭირდება, სადაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური დიალოგის წარმოება. ვინ იქნება მონაწილე, ამაზე ჯერ საუბარი არ არის", - ამბობს მოისწრაფიშვილი.

კითხვაზე, რუსეთის წარმომადგენელთან ერთად პირისპირ დარჩება საქართველო, თუ იქნებიან სხვებიც, პრესსპიკერი პასუხობს: "მოდით, ამაზე ჯერ ნუ დავკონკრეტდებით. ჯერ იდეის დონეზეა".

საერთაშირისო ურთიერთობის ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის თქმით, თავად ზურაბიშვილი ქვეყანაში არაფერს წყვეტს, ამიტომ მთავარია, ეს საკითხი შეთანხმებულია თუ არა მთავრობასთან.

"რა იდეა მოუვა თავში პრეზიდენტს, ეს არ არის მთავარი. როგორც ჩანს, ვიღაცას მოუვიდა იდეა და თქვა, რომ დიალოგი გვჭირდება, თუმცა მეეჭვება, რეალურად ჰქონდეთ განხილული, ეს როგორ უნდა გაკეთდეს და ეჭვი მაქვს, რომ არც არის მთავრობასთან შეთანხმებული.

"როცა ლაპარაკობს, რომ ჟენევა არ პასუხობს მოთხოვნებს, ჟენევაში განიხილება უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც პოლიტიკურს უკავშირდება და მსგავსი მეორე ფორმატი გაუგებარია.

"უნდა ჩამოყალიბდნენ, ვინ უნდა ელაპარაკოს რუსებს, უნდა იყოს ეს ფორმალური, თუ არაფორმალური დიალოგი. ლაპარაკი რუსეთთან საჭიროა, მაგრამ უნდა დავიწყოთ იმით, ვინ უნდა დაელაპარაკოს რუსეთს. ვინც კარგად იცის რუსეთი, ასეთი ვიღაც ლაპარაკობს უკვე პრაღაში კარასინთან. ასევე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ საკითხებზე ვისთან რა უნდა ილაპარაკოს, როცა თავად ქვეყანაში არაფერს წყვეტს?!" - ამბობს შარაშენიძე.

ანალიტიკოს ნოდარ ხარშილაძის თქმით, ჯერ ჯობია, თავად გაერკვიონ, ჩამოყალიბდნენ, რა იდეას გვთავაზობენ და მერე გაახმოვანონ.

"ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტია, ამიტომ ჯერ ჩამოყალიბდნენ. თუ პირდაპირ დიალოგზეა საუბარი, დადონ ხედვა. თვითონ არ იციან, რას ამბობენ და ეს, როგორც მინიმუმ, შემაშფოთებელია", - მიიჩნევს ხარშილაძე.

მისივე თქმით, თუ ჟენევის მსგავსი მეორე ფორმატი უნდა შეიქმნას, ეს წარმოუდგენელი და არარეალურია.

"ჟენევის ფორმატის ალტერნატივა ვერ იქნება ზურაბიშვილის ახალი იდეა. ჟენევის ფორმატში, საქართველოს გარდა, მონაწილეობს ევროკავშირი და აშშ. ჟენევის ფასეულობა ის არის, რომ ჩვენ რუსეთს ველაპარაკებით ჩვენს მეგობრებთან ერთად. რაღაც ახალი ფორმატის შექმნა, სადაც რუსეთს ერთი-ერთზე ველაპარაკებით, არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ჩვენ და რუსეთს სხვადასხვა მსოფლმხედველობა გაგვაჩნია როგორც საქართველოზე, ასევე რეგიონზე.

"რუსეთი გვეუბნება, ახალ რეალობას შეეგუეთ, აღიარეთ და ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეთო. ჩვენ ვეუბნებით, ტერიტორიები დაგვიბრუნეთო. ვერანაირი სალომე ზურაბიშვილი ამას ვერ შეცვლის რაციონალურად იმიტომ, რომ არ იცვლება. დაწყებული ედუარდ შევარდნაძიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ძალიან კარგად იცოდა რუსული ელიტა, ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ ვერც მან და ვერც შემდგომმა ხელისუფლებებმა ეს ვერ შეძლეს.

"ეს არ არის პიროვნული მიზეზებიდან გამომდინარე ანუ რაიმე ფორმატის ნაკლებობის გამო კი ვერ მოხდა, არამედ რუსეთსა და საქართველოს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება აქვთ რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

"მით უმეტეს, ერთი-ერთზე ლაპარაკის აზრს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ რუსეთი ერთი-ერთზე არ გელაპარაკება, რუსეთი ერთი-ერთზე ცდილობს, მხოლოდ დაგჩაგროს. ეს მისი ტაქტიკაა. ერთი-ერთზე ელაპარაკა ბატონი კალაძე "გაზპრომზე" და რაც მივიღეთ ვნახეთ - წამგებიანი ხელშეკრულება.

"ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის უტოპიური იდეები ძალიან სახიფათოა იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ჟენევის ფორმატის დისკრედიტაცია, რომელსაც შეიძლება დიდი არაფერი შედეგი არ მოჰქონდეს, მაგრამ ეს არის ფორმატი, სადაც ჩვენ რუსეთთან საუბარში შემოვიყვანეთ ჩვენი მეგობრები. რუსეთი დიდია და გვერევა, ამიტომ დავუძახეთ მეგობრებს", - ამბობს ხარშილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×