ანალიტიკოსი გია ნოდია „რეზონანსთან“ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული „ქართულ ოცნებაში“ უკვე ისეთი მასშტაბის ბზარები გაჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობაში პროცესების გაკონტროლებას ვეღარ ახერხებს.
მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ „ოცნებამ“ კობახიძის კანონპროექტს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთნ დაკავშირებით მხარი არც დაუჭიროს. ნოდია, არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილი იძულებული გახდეს ამ პროცესების ფონზე კობახიძის გადაყენება გადაწყვიტოს.
ნოდია ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება მისთვსი გაუგებარი, თუმცა ლოგიკურია, მაგრამ ნოდიას არ სჯერა, რომ სააკაშვილი რეალურად პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდება.
„რეზონანსი“: თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ფაქტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებისათვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ შეძლო? ხომ არ არის ეს იმის ნიშანი, რომ უმრავლესობაში ბზარი გაჩნდა და კობახიძე უმრავლესობაში ავტორიტეტით ვერ სარგებლობს?
გია ნოდია: რა თქმა უნდა, დიდი ხანია ჩანს, რომ ივანიშვილი დაბრუნების შემდეგ პარტიას ვერ მართავს. მან შექმნა „ოცნებაში“ ისეთი განლაგება, სადაც ვხედავთ, რომ კობახიძემ უნდა მართოს საპარლამენტო საკითხები, თუმცა ფაქტია და ბოლო დროს კარგად ჩნდება, რომ მას არავინ უსმენს.
მიუხედავად იმისა, რომ მან პარტიაში ღარიბაშვილი დააბრუნა და ცდილობს, რომ ე.წ. ძველი სახეები დარჩნენ, პრობლემა საბოლოოდ მაინც ვერ გვარდება. ივანიშვილის მიზანია, რომ ყავდეს დისციპლინირებული გუნდი, რომელიც ხმას უსიტყვოდ იმას მისცემენ, რასაც ეტყვიან, მაგრამ ამას ვერაფრით ვერ მიაღწია.
„რ“: ხომ არ ელით, რომ ამ ფაქტის შემდეგ კობახიძის თანამდებობა გადაიხედოს?
გ.ნ.: არ მგონია ჯერჯერობით ივანიშვილის კობახიძის შეცვლა სურდეს, თუ მან ეს უახლოეს მომავალში გააკეთა, მაშინ გამოვა, რომ აიძულეს და რაღაც პროცესების გამო სხვა გზა არ ჰქონდა. ყველაფრის მიუხედავად მეჩვენება, რომ ივანიშვილი პირიქით, ცდილობს, რომ კობახიძე გუნდის ლიდერად შეინარჩუნოს.
ფაქტიურად ერთი ადამიანის ფულზე აგებული გუნდი, რომელიც როგორც ბიზნეს კორპორაცია შეიქმნა, რაღაცნაირად იშლება. პოლიტიკური გუნდის ბიზნეს გათვლებით აშენება არ ამართლებს.
„რ“: მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით სამი კანონპროექტია შემოტანილი პარლამენტში. როგორ ფიქრობთ, იმ ყველაფრის ფონზე, რაც კვაჭანტირაძის გადაყენებასთან დაკავშირებით მოხდა, შესაძლებელია, რომ კობახიძის კანონპროექტი ჩავარდეს?
გ.ნ.: კობახიძის კანონპროექტის გასვლაზე ძალიან დიდი პოლიტიკური ფსონია დადებული. ეს არის ცალსახად დეკლარილებული კანონპროექტი, რომლის უკანაც ივანიშვილი დგას. თუმცა ასეთი მოვლენების შემდეგ, წინასწარმეტყველება რთული ხდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ არ გავიდეს. ვნახოთ. „ოცნებაში“ სიტუაცია რომ რადიკალურად იცვლება, ცხადია და ეს უკვე საპარლამენტო ცხოვრებაზეც ისახება.
„რ“: როგორ გგონიათ, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომით რა ჩაიფიქრა და რეალურად მისი ქმედება რა მიზანს ემსახურება? რაში წაადგება მას და პარტიას ასეთი გადაწყვეტილების მიღება?
გ.ნ.: ზუსტად მიჭირს იმის თქმა სააკაშვილს რა ჩანაფიქრი შეიძლება ჰქონოდა. ანალოგიურს სთხოვდა უგულავა და ბოკერია, რის გამოც მათ ფაქტობრივად პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათ კონფლიქტი ამის გამო მოუვიდათ და მაშინ სააკაშვილმა გადადგომაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომაც ახლა ძალიან მიჭირს მისი გადაწყვეტილების შეფასება და ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი ფაქტი იყო.
რა თქმა უნდა, მის წასვლას ცუდად და არასწორ გადაწყვეტილებად არ მივიჩნევ, მაგრამ სააკშვილის წასვლა პოლიტიკური და პარტიული ცხოვრებიდან რამდენად რეალური იქნება, ამაში ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება.
მან ფაქტობრივად საკუთარი მემკვიდრე თავადვე დაასახელა და უაპელაციოდ განაცხადა, რომ მას ამ თანამდებობაზე ვაშაძე სურს და ყველას მისი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ყოველგვარი დისკუსიის გარეშე მოითხოვა ვინ უნდა ყოფილიყო მისი შემცვლელი. ამიტომაც ვაშაძის უკან მაინც რეალურად საკაშვილი იდგება და პროცესების რეალური წარმართველი ის იქნება.