უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ „ევროპული საქართველოს" კანონპროექტი ჩავარდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტმა დააგროვა.
24 მომხრე და 42 წინააღმდეგი - დეპუტატებმა ოთარ კახიძის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირეს. უმრავლესობის კანონპროექტს კი მხოლოდ 31 მოწინააღმდეგე ჰყავდა. კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ, ანრი ოხანაშვილმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი კახიანმა, დავით მათიკაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.
NGO-ები ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ, თუმცა, კანონპროექტი უკვე მიღებულია და სავარაუდოდ, მას მხარს ბიძინა ივანიშვილიც უჭერს. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ 18 მარტს „ქართულ ოცნებაში" გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, "უმრავლესობის მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერა საბოლოოდ გადაწყდა".
NGO-ების აზრით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი.
მათი თქმით, მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურები და კრიტერიუმები გამოყენებული იქნება ფორმალური კანონიერების ხაზგასასმელად.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში უკმაყოფილებას სახალხო დამცველიც გამოთქვამს. მისი აზით, უნდა შეიცვალოს შემდეგი არსებითი საკითხები: კრიტერიუმები; კენჭისყრის ფარულობა, ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ღიაობის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე; გარდა ამისა, შეიცვალოს ინტერესთა კონფლიქტთან; ხმათა რაოდენობასა და კანდიდატთა რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა პარლამენტი დალოდებოდა ვენეციის კომისიის პასუხს, ვიდრე კანონპროექტის განხილვას დაიწყებდა.
ირაკლი კობახიძე არ არის პოლიტიკური ფიგურა, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების აღმასრულებელი ხუთოსანი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.
„როგორც ჩანს, ჩვენ ვერ გავაგებინებთ ხალხის დაკვეთას კობახიძეს. ჩვენ უნდა მოვბილიზდეთ, რომ ძალიან ძვირი უნდა იყოს ჩინჩალაძის და მურუსიძის დასმა უზენაეს სასამართლოში. ამაში ამ პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ძვირი უნდა გადაიხადოს. არ ვაპირებ ამ ყველაფერს თავი დავანებო და ჩინჩალაძე, მურუსიძე და გვრიტიშვილი შევაყვანინო უზენაეს სასამართლოში. სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი", - განაცხადა ანა დოლიძემ.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორსაც. სოფო ვერძეულის განცხადებით, ამ დოკუმენტის მიხედვით სამართლიანი სასამართლო მხოლოდ ოცნებად დარჩება.
„ფორმალურად დასაშვები კანდიდატურების დამტკიცების შემდეგ საბჭოს წევრები 18 ხმას აი ესე გადასცემენ მათთვის სასურველ ხმას ისე, რომ არც გასაუბრებას ჩაატარებენ , არც ინფორმაციას მოიძიებენ. ვისაც ვინ მოეწონება, ასე გაიყვანს გრძელ სიაში. გრძელ სიას თქვენ დაუკარგეთ აზრი. გრძელი სიის აზრი იყო ის რომ საბჭოდან პარლამენტში მოსულიყო იმაზე მეტი კანდიდატი ვიდრე არის ვაკანსია.
თუ ორ მესამედს არ შეცვლიდით , მთავარი პრობლემა რაც არის, მთელი პრობლემა რაზეც ამ კლანის ძალაუფლება დგას, ეს არის 11 წევრი საბჭოში, 11 ხმა,რომელიც აქვს. და თუ თვალს არ გაუსწორებთ ამას რომ 11 ხმა ამ კლანს საბჭოში აქვს მივიღებთ აბსურდს, რაც დაასამარებს ოცნებას თავისუფალ სასამართლოზე ამ ქვეყანაში. ეს კანონი ამ ფორმით, ჩემი აზრით ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს ქვეყანა ეს კანონი, რომ დაწერო ან ძალიან არ უნდა გესმოდეთ კონტექსტი," - განაცხადა სოფო ვერძეულმა.