თამარ შუკვანი
20.03.2019

 „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა პირველი მოსმენით, ხმათა უმრავლესობით მიიღო - 89 ხმა 31-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა. ინიციატორები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

რამდენად გააბათილებს კობახიძის კანონპროექტი იმ უარყოფით დამოკიდებულებას, რაც ამ საკითხის მიმართ არსებობს, რას შეცვლის და საბოლოოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს? ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრა.

ნაზი ჯანეზაშვილი: ეს არ იყო მოულოდნელი. რაც შეეხება უშუალოდ პროექტის შინაარსს, რომელიც იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, კითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, ეს პროექტი რა კუთხით შეძლებს უზრუნველყოს ჩინჩალაძის „კლანის" არმოხვედრა სისტემაში.

ორი მთავარი პრინციპი უნდა გაგვეთვალისწინებინა: პირველი - არ მოხვდნენ ჩინჩალაძის აქტივისტები სასამართლო სისტემაში და მეორე, მოხვდნენ მხოლოდ ღირსეული ადამიანები, თუმცა ეს პროექტი ამას ვერ უზრუნველყოფს, რადგან დღეისათვის უკვე სხვა რეალობა არსებობს, - მხოლოდ კარგად დაწერილი კანონი არ არის საკმარისი.

ახლა საჭიროა ისეთი კანონები, რომელიც ჩინჩალაძის ძალაუფლებას შეზღუდავს. ეს პროექტი ჩინჩალაძის კლანის არმოხვედრას სისტემაში ვერ უზურნველყოფს, - ეს არის მთავარი პრობლემა.

„რეზონანსი": თქვენ პირადად რა მოლოდინი გაქვთ კობახიძის კანონპროექტთან დაკავშირებით?

ნ.ჯ: რამე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, თუმცა, მაინც დაველოდოთ კომისიის დასკვნას; რა პასუხი იქნება, რაზე წავა მსჯელობა და რა მიმართულებით. ყველაზე საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შიგნით, სასამართლო სისტემაში ის გავლენიანი პირები, რომელთა ხელშიც არის ძალაუფლება; შეუძლიათ ბევრი რამის გაკეთება, - ვისზე შეაჩერებენ არჩევანს და ვინ იქნებიან კანდიდატურები.

ამ პროექტით ჩემი ხმა გადამწყვეტი კი არა, საერთოდ მნიშვნელოვანიც არ არის. საბოლოო ჯამში, ის 16 ადამიანი მიღებს გადაწყვეტილებას და იმ 16 ადამიანში მე ნამდვილად არ მოვიაზრები, პირიქით.

ჩართული ვიქნები ამ პროცესებში, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაზე არ მექნება არანაირი ბერკეტები, რომ ჩემმა ხმამ რაიმე გავლენა იქონიოს. 16 ადამიანს რჩება საბოლოოდ ძალაუფლება.

„რ": ამ კანონპროექტის თანახმად, რა შედეგის დადგომას უნდა ველოდოთ?

ნ.ჯ: მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ არ შეიძლება სასამართლო სისტემა გამოყენებული იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში, ეს ისევ სასამართლო სისტემას დააზარალებს.

შემდეგ კი, ეს ყველაფერი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ სასამართლო სისტემის გარდა, ყველაფერი დარჩეს. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ამ თემაზე ვმსჯელობთ; სასამართლო სისტემას არ უნდა გაცდეს და არ უნდა გადავიდეს ვინმეს პოლიტიკურ ინტერესებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას მთავარი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს.

„რ": რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ეს ხაზი იქნება გადაკვეთილი?

ნ.ჯ: სასამართლოს დააზარალებს. თუ ვინმე იყენებს თემას იმისათვის, რომ პოლიტიკური სარგებელი მიიღოს, ეს სასამართლოს დააზარალებს. დღეს ამის დრო არ არის. იქნება და ყველა მიხვდეს ამას.

მსჯელობა უნდა წავიდეს იმ კუთხით, როგორ ვუშველოთ სასამართლოს და არა პოლიტიკური მომავალზე. სასამართლო ეს არის სენსიტიური სფერო, სულ სხვა მიდგომებია საჭირო და არა ის, ქულები იწერონ და იძახონ, რომ ჩინჩალაძე ცუდია.

ჩინჩალაძე ცუდია, -ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ ახლა უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და არა ის, რომ ვიღაცეებმა შემდეგ ამით სარგებელი ნახონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×