აფხაზების მიერ რუსი ბიზნესმენების სასტიკად შევიწროებასა და თავდასხმა-გატაცებებზე საუბარი არ წყდება და რუსულ მედიაში ახალ-ახალი ინფორმაციები ჩნდება. ამჯერად სანქტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ჰყვება, როგორ გაიტაცეს ის აფხაზებმა გასული წლის ზაფხულში ახალი ათონის სასტუმროდან და რომ მის ოჯახს 200 მილიონი რუბლი მოსთხოვეს გამოსასყიდის სახით და რომ ტყვეობაში 4 საშინელი თვე გაატარა.
რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლოვი აფხაზეთში მისი გატაცების დეტალებს „იუთუბიზე" ჰყვება და მის ვიდეომიმართვას რუსული მედია აქტიურად აზიარებს.
ბიზნესმენი 18 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვას იწყებს იმით, რომ გასულ წელს მისი სახელი ცნობილი გახდა იმის გამო, რომ გაიტაცეს, საქმეზე გამოძიება ახლაც მიმდინარეობს, ამიტომ ყველა დეტალზე ვერ ისაუბრებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა გატაცების დეტალებს მოყვება.
მისი თქმით, ის აფხაზეთში 2018 წლის 29 მარტს ჩამოვიდა, „იმისათვის, რომ გაეცნო ქვეყანა და შეესწავლა ამ „რესპუბლიკაში" მუდმივი ცხოვრების შესაძლებლობები.
„19-20 ივნისის ღამეს, უფრო სწორად გამთენიისას 2:30 საათზე, სასტუმროს ნომერში სამხედრო ფორმაში ჩაცმული უცნობი შეიარაღებული პირები შემოცვივდნენ ხმამაღალი ყვირილით: „მაქსიმ იაკოვლოვ, რუსეთის ფე-ეს-ბე" და იარაღი დამიმიზნეს. ცდილობდნენ ჩემთვის ხელბორკილების დაედოთ.
"ერთ ხელზე ხელბორკილები უცებ დამადეს, მეორე ხელს კი არ ვაძლევდი, წინააღმდეგობას ვუწევდი. დამიწყეს დახრჩობა, ცემა, სანამ სიკვდილამდე არ მიმიყვანეს. როდესაც ხელბორკილი ორივე ხელზე დამადეს, წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთული აღმოჩნდა.
"თავზე ტომარა ჩამომაცვეს, რომელშიც ძნელი იყო სუნთქვა. სასტუმროდან გამომიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. როცა ასეთი რამ შენს თავს ხდება, არ იცი რა არის ნამდვილი და რა არის არარეალური.
"ამავე დროს, თქვენ იძებნებით ინტერპოლის მიერ აბსოლუტურად გაყალბებულ საქმის გამო, ყოველგვარი სირცხვილის ან უხერხულობის გარეშე. უფრო მეტიც, ჰოლივუდის ბლოკბასტერებიც კი გამოიყურება ფერმკრთალ ასლად იმის, რაც ხდება შენს თავს" - ამბობს მაქსიმ იაკოვლოვი.
ბიზნესმენი ვიდეომიმართვაში მადლობას უხდის ყველას, ვინც მას გათავისუფლებაში დაეხმარა, ან ეცადა დახმარებოდა და ამბობს, რომ მის გათავისუფლებაში ჩართულები იყვნენ სანკტ-პეტერბუგის რუსი სამართალდამცველები, ასევე სანკტ-პეტერბურგის აფხაზური დიასპორის წევრები და მისი მეგობარი და პარტნიორი მუსა ხაბელოვიჩი.
ის ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უფრო დეტალურად ვერაფერს გაამჟღავნებს, ვერც ეჭვმიტანილებზე იტყვის რამეს და დასძენს, რომ მას გარკვეულო დრო კიდევ სჭირდება ჯანმრთელობა რომ აღიდგინოს.
მაქსიმ იაკოვლოვი სანკტ-პეტერბურგელი ბიზნესმენია, „კიროვის ქარხნის" აქციონერი და „პოლიგრაფონის" გენერალური დირექტორი. ბიზნესმენი 2018 წლის 20 ივნისს ახალ ათონში სასტუმრო „ათონიდან" გაიტაცეს.
შეიარაღებული ადამიანები ნიღბებსა და კამუფლიაჟში შეიჭრნენ სასტუმროში, სასტუმროს თანამშრომლებზე მუქარის შემდეგ შეიჭრნენ ბიზნესმენის ოთახში და იძულებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, - ეს ინფორმაცია მაშინ აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.
გატაცებიდან ერთი თვის შემდეგ ბიზნესმენმა მეუღლეს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გამოსასყიდის სახით 200 მილიონი რუბლი უნდა გადაეხადა. მისი გათავისუფლება 4 თვის შემდეგ მოხდა, 2018 წლის ოქტომბერში. ამ საქმეზე დაჭერილი ამ დრომდე არავინაა.
რუსულ მედიაში უკვე სამი თვეა აქტიურად იწერება იმაზე, თუ როგორი განუკითხაობაა აფხაზეთში და განსაკუთრებით რუს ბიზნესმენებს როგორ ავიწროებენ, იტაცებენ და კლავენ. დაიბეჭდა რამდენიმე ბიზნესმენის მონაყოლიც აფხაზების მხრიდან მუქარაზე, გატაცებასა და ბიზნესების წართმევაზე.
რუსულ მედიაში აფხაზეთში არსებულ კრიმინალურ განუკითხაობაზე საუბარი გახშირდა მას შემდეგ, რაც გაგრაში 26 იანვარს მანქანაში აფეთქებით მოკლეს მოსკოველი ბიზნესმენი მიხაილ ევალენკო. ამის შემდეგ რუსულმა მედიამ დაიწყო რუს ბიზნესმენებზე თავდასხმის ყველა გახმაურებული საქმის თავიდან გახსენება.
მაგალითად გაიხსენეს, 2012 წელს ბიზნესმენ სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მდივნის, ოლგა სკარედნოვას მკვლელობა, როდესაც ცხედრები ერთ წელზე მეტ ხანს იყო გადამალული ერთ-ერთი სოფლის ჭაში და თანაც, ამ დანაშაულის ორგანიზატორი ადგილობრივი „პარლამენტის დეპუტატი" აღმოჩნდა.
ასევე დაიწერა ინტერვიუ მოსკოველ ბიზნესმენთან, მიხაილ პანოვთან, რომელმაც აფხაზეთში პლასტმასის საწარმო ააგო, რომელიც დღესაც ერთადერთი მოქმედი საწარმოა აფხაზეთში და ეს ბიზნესი მას აფხაზებმა წაართვეს.
მსგავსია მეორე გახმაურებული ისტორიაც ბიზნესმენ იგორ ვაროვის, რომელიც გაგრაში ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტის „კონტინენტის" მფლობელი იყო და მას აფხაზი ძმები ჩანბები ჯერ ფიზიკურად გაისწორდნენ, შემდეგ ციხეშიც ჩასვეს მოგონილი ბრალდებით და ბიზნესიც წაართვეს.