ია აბულაშვილი
21.03.2019

 "გრძელვადიანი იქნება თუ მოკლევადიანი მათი თანამშრომლობა, ვერ გეტყვით, თუმცა პოლიტიკაში გრძელვადიანი არაფერია. ჩემი აზრით, ეს არის საარჩევნოდ გაკეთებული მანევრი", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებას.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" ერთობას. ისინი თვლიან, რომ ღირებულებათა ახლოს მდგომი პარტიებია და პოლიტიკურ სიტუაციას გააჯანსაღებს?

რამაზ საყვარელიძე: "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა თავად პარტიის დამფუძნებელმა ირაკლი ალასანიამ და მისმა გუნდმა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ამ პარტიას.

დღეს რაზე შეთანხმდნენ "ევროპულ საქართველოსთან", არ ვიცი, თუმცა ამ პარტიას რეიტინგი სჭირდება და ალბათ რეიტინგი უბიძგებს "თავისუფალ დემოკრატებს" "ევროპული საქართველოსკენ".

რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", მათ სჭირდებათ სააკაშვილისგან დისტანცირება და ალასანიას პარტია აღიქმებოდა სააკაშვილის მოწინააღმდეგედ, შეიძლება, ეს იყოს მათი მხრიდან მანიშნებელი ჟესტი.

ანუ, ორივე პარტიას პოლიტიკური ინტერესები აქვს. გრძელვადიანი იქნება თუ მოკლევადიანი ეს თანამშრომლობა, ვერ გეტყვით, რადგან პოლიტიკაში გრძელვადიანი არაფერია. ჩემი აზრით, ეს უფრო საარჩევნოდ გაკეთებული მანევრია.

"რ": რამდენად მომგებიანი იქნება "ნაციონალური მოძრაობისათვის" სააკაშვილისაგან დისტანცირება? იგი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა და მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისაკენ მოუწოდა. შეძლებს სააკაშვილი პარტიიდან და ქართული პოლიტიკიდან დისტანცირებას?

რ.ს: ხმებს დააკლებს, რადგან გრიგოლ ვაშაძეს სააკაშვილის ქარიზმა არ აქვს და "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველს ამ ცვლილებაზე რეაქცია ექნება.

რას აპირებს და რა არის მიზეზი სააკაშვილის მოქმედებაში, ამასწინათ ინტერვიუ ჰქონდა, სადაც მისი გეგმები იყო გახმოვანებული, ბილეთიც ააფრიალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკრაინაში აპირებს ჩასვლას, საქართველო კი საერთოდ არ უხსენებია, მისთვის ხომ საქართველო მეცხრეხარისხოვანი თემაა, უკრაინა კი - უფრო დიდი თემა.

სააკაშვილი, ვინც ტიმოშენკოს უჭერს მხარს, აღიქმება, როგორც რუსეთის პროექტი, თუმცა საეჭვოა, რომ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს, რადგან სერიოზული ბრძოლა მიდის სერიოზულ ძალებს შორის და ტიმოშენკომ კანდიდატებს შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

"რ": შუალედურ არჩევნებში, რომელიც საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება, გამარჯვების რა შანსები აქვს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას? "ნაცმოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ სამეგრელოს რეგიონში ყველაზე დიდი რეიტინგი აქვთ და ზუგდიდში კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინეს.

რ.ს: ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, რადგან პიარის კუთხით, ამომრჩევლის მოსაზიდად ნაბიჯები არც ერთს არ გადაუდგამს. შეიძლება, ადგილზე მიდის ფიგურების შერჩევა, რომელიც შედეგს მოუტანს ან ერთს, ან მეორეს, თუმცა შანსი ორივეს აქვს, სახელისუფლებო პარტიას - უფრო მეტი.

რაც შეეხება სანდრა რულოვსის შემოყვანას ამ თამაშში, ისევ სააკაშვილის კარტის გათამაშებაა, თუმცა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში ერთხელ უკვე წააგო არჩევნები.

ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უფრო ბაქიბუქობს, რომ შუალედური არჩევნები არის რეპეტიცია 2020 წლის არჩევნებისთვის. შეიძლება, მართლაც რეპეტიცია იყოს, მაგრამ 2020 წლისთვისაც "ნაციონალებისთვის" მარცხით დამთავრდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×