რეზონანსი
21.03.2019

 შუალედური არჩევნებისთვის "თავისუფალ დემოკრატებსა" და "ევროპულ საქართველოს" შორის "სტრატეგიული ურთიერთობების" პერსპექტივას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე სკეპტიკურად უყურებს და არ სჯერა, რომ პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ბოლო სიტყვებით აგინებდნენ, საერთო იდეის ქვეშ გაერთიანდნენ.

"მე და მგონი, საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გავიგეთ ზუსტად ისინი გაერთიანებულები არიან ერთი კონკრეტული თემის გარშემო, რასაც ჰქვია პროპორციული არჩევნები თუ სხვა პოლიტიკურ თემატიკას აერთიანებენ?!

პირველ რიგში, მათ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია, რომ გაიგოს ხალხმა, რეალურად რაშია საქმე", - აცხადებს არეშიძე.

ანალიტიკოსი გაერთიანებული პარტიების წარსულ დაპირისპირებას იხსენებს და ურჩევს, რომ ივანიშვილის წასვლის იდეაზე მუშაობას სჯობს, საზოგადოების წინაშე პროგრამული ან სტრატეგიული გზავნილებით წარსდგნენ.

"საერთო გაერთიანება იწვევს გაღიზიანებას, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს გუშინ, გუშინწინ როგორი შეუთავსებელი იყო მათი პოლიტიკური პოზიციები და ხალხს არ სჯერა, რომ მომავალში შეთავსებული იქნება, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია.

"არ შეიძლება პარტიები, რომლებიც ერთმანეთის პოზიციებს ბოლო სიტყვებით აგინებდნენ, საერთო იდეის ქვეშ გაერთიანდნენ.

"ის, რომ ივანიშვილი წავიდეს და ჩვენ ვიყოთ, არ მუშაობს, საზოგადოებას სჭირდება მკაფიო გზავნილები, პროგრამული ან თემატური, აქედან გამომდინარე, ვიდრე ისინი არ ჩამოყალიბდებიან და საზოგადოების წინაშე მკაფიო გზავნილებით არ წარსდგებიან, რთულია ლაპარაკი რამდენად ეფექტური იქნება მათი გაერთიანება. ისინი არ ამბობენ, რას იზამენ ამის შემდეგ, ამიტომაც ეს ყველაფერი არაეფექტურია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ავტორი: ნათია ფეხშველაშვილი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×