თამარ შუკვანი
21.03.2019

 „არა, ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით არც ამ ტონით არც იმ ტონით, საერთოდ არანაირი ტონით, იმიტომ რომ იმ პარტიას ვცემ და ქალბატონ ირმას პატივს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ამ ტრიბუნიდან ნუ საუბრობთ. საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის სალომე ზურაბიშვილის შემდეგ თქვენი გამოსვლა," - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრს, ადა მარშანიას.

წულუკიანმა ეს მიმართვა იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს მოუწოდა მათთან საუბრისას ტონი შეეცვალა და მას „უნამუსო" უწოდა.

„ქალბატონო თეა, მინისტრო, თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენ წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთველზე," - აღნიშნა მან.

მარშანიას თქმით, პარლამენტში წულუკიანის მოხსენება ფარისევლური იყო.

„თქვენი პასუხების დროს გაურკვევლად ვიგრძენი თავი. თქვენ მე რაღაც საკითხებში ჭკუაც რომ გასწავლოთ, უნდა მიიღოთ ეს. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობის და პასუხების გარეშე.

„თქვენი გუშინდელი მთელი დღის ნარცისობა ვიხილეთ ჩვენ. თურმე იუსტიციის დარგში რამე მიღწევა თუ არის, თქვენი დამსახურებაა, მე ეს მიხარია, აღვნიშნე კიდევ, მაგრამ თურმე კომპლიმენტის, შექების, კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არც ყოფილხართ.

„რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი. ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მე მთავარი გკითხეთ გუშინ, აშკარად გამოჩნდა აქ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ ეს უბედურება, რაც მივიღეთ - სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმა - თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და თქვენ ხელებს იბანთ ჩვენ წინაშე.

„მე თქვენ დაგაბრალეთ იმ ავბედითი სიის შემოტანა პარლამენტში? არ დამიბრალებია. თქვენ უნამუსოდ და უსინდისოდ თავს იქნევთ სამთავრობო ლოჟიდან, რა უნდა ელაპარაკო ასეთ უნამუსო ადამიანს. შეიძლება ეს ადამიანი იუსტიციის მინისტრი იყოს?... არ გაბედოთ არასოდეს ასეთი ტონით, ასეთი მანერით, სიტყვებით და ასეთ არგუმენტაციით ჩემთან საუბარი, ქალბატონო მინისტრო. კარგად დაიმახსოვრეთ ეს," - განაცხადა ადა მარშანიამ.

გუშინ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმინეს, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, არ დაინდო.

„როგორც წესი, თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა არის უშინაარსო, სავსეა ტყუილებით და არის ღვარძლიანი და ბოროტი. როგორც ჩანს, ეს ღვარძლიანი, შურითა და ზიზღით სავსე გამოსვლები უმრავლესობას მოსწონს. ეს გასაგებიც არის - როცა თეა წულუკიანი პარლამენტში გამოდის, ის არც ერთ სიტყვას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არ ამბობს - ის ლაპარაკობს იმისათვის, რომ თავი წარმოაჩინოს ბიძინა ივანიშვილის წინაშე," - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ.

მინისტრის გამოსვლის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ წულუკიანმა „მასტერკლასი ჩაატარა."

„გუშინ ქალბატონმა თეამ მასტერკლასი ჩაატარა. პოლიტიკურად გააფარჩაკა ოპოზიცია. ის იყო მოწოდების სიმაღლეზე," - აღნიშნა სესიაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ წულუკიანის მიმართ სანქციები გამოიყენოს.

„თქვენ ხართ ქალბატონო თეა კანონდამრღვევი ადამიანი. ჩვენ მოგწერეთ წერილი და რეგლამენტის შესაბამისად უნდა გაგეცათ ამ კითხვაზე პასუხი და დღემდე ჩვენი შეკითხვა არის იგნორირებული, და პატივცემულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელის ამაყობს ახალი რეგლამენტით, კეთილი ინებოს და გამოიყენოს მინისტრის მიმართა ის სანქციები, რაც რეგლამენტში მოცემული," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×