"ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი, რომლის ნიუანსების თაობაზეც ჩვენ ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ, ჩემი აზრით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სერიოზული შეცდომა მთავრობამ დაუშვა" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, ვისაც "რეზონანსი" ანაკლიის პორტის პერსპექტივებზე ესაუბრა.
"რეზონანსი": რა პერსპექტივა აქვს ანაკლიის პორტს იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, მაგალითად ის, რომ ხელისუფლების მხრიდან ფოთში ახალი პორტის გაპიარება პირდაპირი დარტყმაა ანაკლიაზე?
დემურ გირხელიძე: დილეტანტური და აბსოლუტურად საქმის არმცოდნე შეფასებაა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ფოთის პორტის არსებობის გამო ანაკლიის პორტის მშენებლობას კითხვის ქვეშ აყენებს. საქმე ისაა, რომ ფოთის პორტის მოდერნიზაცია შეუძლებელია, მას სერიოზული ტვირთმზიდავი გემების მიღება არ შეუძლია. ამდენად, სრულიად გამორიცხულია მისი პერსპექტივა, ფოთის პორტისგან კარგი პოლიტიკით და კარგი მენეჯმენტით ცოტა მეტის გამოწურვა შეიძლება, თუმცა მეტი არაფერი.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეს უკვე სხვა რამეა, ამ პროექტის შემქმნელები არიან ქართველი სპეციალისტები და მთავარი მოქმედი პირი სპარტაკ ერაგია, რომელმაც ყულევის პორტი ააშენა. ეს არ არის უბრალო პროექტი, ეს არის სატრანსპორტო კვანძი, სადაც თავმყორილი უნდა იქნას როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო და უახლესი ტიპის სატრანპორტო საშუალებები. თანაც იგი ვერ ჩაიკეტება საქართველოთი, რადგან ამ პორტის მშენებლობას არანიარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მოდერნიზირებული არ იქნა აქტაუს პორტი კასპიის ზღვაზე, აგრეთვე ბაქოს პორტი და ჩინეთიდან მომავალი სარკინიგზო მაგისტრალი ყაზახეთი-აზერბიაჯანი, საქართველოს ჩათვლით.
ანაკლიის პროექტი არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი, ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ინიციატივა, რომლის ნიუანსების თაობაზე ჩვენ ყველაფერი არ ვიცით, კარგი იქნება თუ კონფორნტაციული პროექტი არ იქნება და ინტერესების ბალანსის თვალსაზრისით იქნება რეალიზებული, რადგან საქართთველოს არ სჭირდება სიტუაციის გამძაფრება, როდესაც რაღაც საფრთხეებეზე იქნება საუბარი. ამიტომ გაგვაჩნია გონება, რომ წესით უნდა ვიაზროვნოთ, თუმცა, ქართული პოლიტიკა 28 წელია დიდი აზროვნებით არ გამოირჩევა, ეს მე შიგნიდან ვიცი და არა მოყოლით...
"რ": მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკთან დაკავშირებული ხმაურიანი მოვლენები ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემას დაუკავშირა და საკითხმა მწვავე პოლიტიკური დებატების ჭრილში გადაინაცვლა, ხელისუფლებამ კონსორციუმის ვალდებულებებზე დაიწყო ლაპარაკი...
დ.გ: მე არ ვფიქრობ, რომ ამ პროექტთან მიმართებაში ხაზარაძე რაიმეში დამნაშავეა, საქმე ისაა, რომ ის კერძო პირია, ბიზნესმენია, მას აქვს სურვილი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი გავლენის ქვეშ მოექცია. ეს არ არის უკანონობა, ეს არ არის საძრახისი სურვილი. იმიტომ არსებობს მთავრობა და ხელისუფლება, რომ უზარამაზარი მნიშვნელობის პროექტები ერთი და ორი პირის ინტერესებზე არ დაიყვანოს და ბლოკირება გაუკეთოს ასეთ სურვილებს. ბატონმა ხაზარაძემ გამოიყენა თავისი გავლენა მთავრობაზე და ამიტომ, ჩვენ პირველ რიგში მთავრობა უნდა გავაკრიტიკოთ და არა ხაზარაძე. მე შემიძლია ნებისმიერ დისკუსიაში დავამტკიცო, რომ მათ შეცდომა დაუშვეს, თანაც სერიოზული, როცა ვერ გაარჩიეს გლობალური სახელმწიფო ინტერესი და პირადი ინტერესი.