თამარ შუკვანი
22.03.2019

 "შალვა შავგულიძის პერსპექტივას დიდად ვერ ვხედავ. ამას წმინდა მარკეტინგული კუთხით რომ შეხვედოთ, შეიძლება სამიზნე ჯგუფების გარკვეულწილად აღრევა მოჰყვეს. ელექტორალური შეუთავსებლობა მგონია, რომ "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი შალვა შავგულიძე გახდა" - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შალვა შავგულიძის მხარდაჭერას.

მისი აზრით, შავგულიძის კანდიდატურას დიდი ეფექტი ვერ ექნება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სამომავლოდ "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" კვლავ ერთად ვიხილოთ.

"ვერ ვიტყვი, რომ მაჟორიტარულ ოლქში მას განსაკუთრებული ეფექტი აქვს, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: "ევროპული საქართველო" წინა ხელისუფლებისგან, "ნაციონალური მოძრაობისგან", დისტანცირებას ცდილობს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კი "თავისუფალ დემოკრატებთან" პარტნიორობა დამატებით ელფერს შესძენს. ისინი ოპონენტი გუნდების პარტნიორებად გამოჩნდებიან.

"თავისუფალი დემოკრატები", როგორც პარტია, ახლა ბევრად დასუსტდა. მათი ნაწილი დღეს ხელისუფლებაში კვლავ მონაწილეობს, მაგრამ თვითონ პარტია დასუსტებულია. შეიძლება გაძლიერდეს ან სამომავლოდ "ევროპულ საქართველოს" შეერწყას კიდეც. ამ ადამიანებისთვის "ევროპულ საქართველოსთან" პარტნიორობა, შესაძლოა, სხვა მხრივ გახდეს გამოსაყენებელი.

"ამ პარტნიორობას აქვს თავისი რისკები, უპირატესობა და სისუსტეებიც, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებზე განსაკუთრებული აქცენტი, არა მგონია, ჰქონდეთ. მათი აქცენტი საერთო იმიჯმეიქინგზე უნდა იყოს, რაც "თავისუფალ დემოკრატებს" უფრო ქმედითს გახდის, ხოლო "ევროპულ საქართველოს" იმიჯმეიქინგისთვის წაადგება," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობა" მთაწმინდის ოლქის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართება, შალვა შავგულიძეს დაუჭერს მხარს, რის შესახებაც "ნაცმოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიას იმ ოლქებში საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება, სადაც ოპოზიცია კონკურენტუნარიან კანდიდატს დაასახელებს.

"ჩვენ მივესალმებით ყველა გაერთიანებას. საპრეზიდენტო არჩევნებში დავინახეთ, რომ გაერთიანებას აქვს შედეგი და ეს შედეგი იყო ოპოზიციური ძალების კანდიდატის გამარჯვება. კარგია, რომ მათ ერთიანი კანდიდატი წარადგინეს. რამდენიმე ოლქში მიმდინარეობს არჩევნები და ჩვენ ალბათ არ დავაყენებთ იქ, სადაც კონკურენტუნარიანი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს, ისევე, როგორც ისინი ფიქრობენ, ზუგდიდში ჩვენს კადიდატს დაუჭირონ მხარი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, "ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" გუშინ კოალიცია შექმნეს და მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარადგინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×