თამარ შუკვანი
22.03.2019

 "თიბისი ბანკის" საქმის შემდეგ ანაკლიის პორტის პროექტი საკმაოდ აქტუალური საკითხია და მთავარ განსახილველ თემად იქცა მას შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, პოლიტიკური დებატების ჭრილში გადაინაცვლა. მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ პორტისა და ბანკის თემა გამიჯნულია, საზოგადოებაში სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ღრმაწყლოვანი პორტის აშენების საკითხი.

ამ საკითხზე 21 მარტს პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს. იგი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

მინისტრის განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან ანაკლიის პორტის გაიგივება იმ პიარის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში ანგაჟირებული პირების მხრიდან შეინიშნება.

"სახელმწიფოს ამ პერიოდის განმავლობაში რატომღაც არ გასჩენია იმის ამბიცია, რომ ეთქვა - ეს მისი პროექტია და არა - მამუკა ხაზარაძისა. შესაბამისად, ნებისმიერი კითხვა, რომელიც პროკურატურასა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეიძლება გაუჩნდეს, კონკრეტულად, მამუკა ხაზარაძესთან ან ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ხელშემშლელი მთავარი ფაქტორი არ არის, რადგან ამ პროექტს წარუმატებელი გამოცდილება უკვე აქვს. ჩვენ ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე არ ვსაუბრობთ," - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მან ანაკლიის პორტის მიმართ რუსეთის ინტერესებზეც ისაუბრა:

"რუსეთის ინტერესი დიდია, თუმცა ჩვენ ბანკებს უნდა ავუხსნათ, რომ ამ ქვეყანაში, გარდა რუსეთისა, სხვა რისკებიც არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელი მეზობლის ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებით უდავოა. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს ოქროს აქცია, რათა სახელმწიფომ ამ რისკებისგან თავი დაიცვას," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართა: "თუ თქვენ გგონიათ, რომ ხელს შეახოცავთ ანაკლიის კონსორციუმს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, არ გამოგივათ."

გოცირიძის განცხადებით, მთავრობის, მათ შორის მაია ცქიტიშვილის პოლიტიკაა, რომ პროექტის შეუსრულებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დააბრალოს, თავად კი პასუხისმგებლობა აირიდოს. ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა სურს.

"თქვენი პოლიტიკა არის, რომ ტენდერში გამარჯვებულმა "თიბისი ჯგუფთან" დაკავშირებულმა ადამიანებმა ვერ უზრუნველყვეს რაღაც მიზეზებით პროექტი და თქვენ ხელები დაიბანეთ. თქვენ არ შეარჩიეთ, თქვენ არ ჩაატარეთ ტენდერი?" - განაცხადა მან.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ არც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, არც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს და არც ვინმე სხვას ინტერესი არ აქვს და ეს მხოლოდ სპეკულაციაა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი კი აცხადებს, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებულმა პროცესმა კონსორციუმს ხელი შეუშალა და ინვესტორებს კითხვები გაუჩინა.

"სწორედ ეს პროცესები უშლის ხელს კონსორციუმს, რომელიც 4 წელია, ჩართულია ამ პროექტში და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის პროექტის აქამდე მოყვანაში. სწორედ მამუკა და ბადრი არიან მთავარი მამოძრავებელი ძალა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ის მოვლენები, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს, განცხადებები, რომლებიც მამუკასა და ბადრის წინააღმდეგ გაკეთდა, იყო შემაფერხებელი და კითხვები გაუჩინა უცხოელ ინვესტორებსა და პარტნიორებს," - განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, არის თუ არა სახელმწიფო პროექტის ინიციატორი, ახვლედიანი პასუხობბს, რომ ეს პროექტი კერძო პარტნიორობაზეა დაფუძნებული და მისი ინიციატორი ორივე მხარე იყო.

"ეს არის პროექტი, რომელიც კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად ხორციელდება, რაც, ვფიქრობ, ყველაზე უფრო მიზანშეწონილი სტრუქტურაა ასეთი ტიპის პროექტისთვის. სწორედ ამიტომ მიიღო თავიდან ეს გადაწყვეტილება მთავრობამ, რომ პროექტის იმპლემენტაციის ნაწილი კერძო სექტორისთვის მიენდო. ზოგადად, რა თქმა უნდა, როგორც მთავრობა, ისე კერძო სექტორი, ჩვენ, როგორც პარტნიორები, ვართ პროექტის ინიციატორები ერთობლივად," - განმარტა ახვლედიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×