"შუალედურ არჩევნებში მმართველ გუნდს გამარჯვება გაუჭირდება, რადგან მისი პოპულარობა კატასტროფულად ეცემა. "ოცნებისთვის" უკეთესი იქნება თავიდან აიცილოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოს. ოპოზციისთვის კი ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის" - აცხადებს შერიგების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშილი მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.
"რეზონანსი": რამდენად მომგებიანი იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვის" სააკაშვილისგან დისტანცირება და რა რეაქცია ექნება მათ ამომრჩეველს, რომ პარტიის თავმჯდომარე არა სააკაშვილი, არამედ გრიგოლ ვაშაძე იქნება?
პაატა ზაქარეიშვილი: გამიკვირდა სააკაშვილისგან ასეთი ნაბიჯი, ეტყობა გონიერება ეყო და კარგი სვლა გააკეთა, არჩევნების წინ რომ ჩამოსცილდა ოპოზიციას და საშუალება მისცა უფრო მყარად გაერთიანდნენ და შეავიწროვონ "ოცნება". ვერც მმართველი გუნდი გააძლიერებს მომავალი არჩევნებისთვის ამ თემატიკას, სააკაშვილი რევანშს და რევოლუციას აწყობსო. სააკაშვილისგან დისტანცირებულ გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი შანსი აქვს ხმების მობილიზების და ეს სტრატეგიულად სწორი გადაწყვტილებაა.
"რ": შუალედურ არჩევნებში, რომელიც მაისში ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება, გამარჯვების რა შანსი აქვთ ხელისუფლებას და ოპოზიციას? "ნაციონალები" ამბობენ, რომ სამეგრელოში დიდი რეიტინგი აქვთ და ზუგდიდში კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინეს.
პ.ზ: შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსებს ზრდის ის, რომ "ოცნება" კატასტროფულად კარგავს პოპულარობას. ამიტომ, ჩემი აზრით, უფრო გონიერი სვლა იქნება, თუ "ოცნება" თავიდან აიცილებს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, ახლა თუ დამარცხდება ოპოზიციას კიდევ უფრო გააძლიერებს, ამით კი თავს გადაირჩენს და მოემზადება მომავალი არჩევნებისთვის.
ოპოზიციისთვის კი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა ერთგვარი რეპეტიცია იქნება 2020 წლის არჩევნებისთვის. სანდრა რულოვსი კი, რომელიც ზუგდიდში მერის არჩევნებისთვის იბრძოლებს, ალბათ გაერთიანებული ოპოზიციისთვის ეს სვლა მომგებიანია, რადგან სანდრა სამეგრელოში პიროვნულად არის პოპულარული, მეგრულ სიმღერებს მღერის და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება ეს სენტიმენტები მისაღებია.
"რ": "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებას როგორ შეაფასებდით? ამბობენ, რომ გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხიდნენ.
პ.ზ: ღირებულებებით ახლოს მდგომი პარტიებია და პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. განსაკუთრებით კარგი სვლა იყო კანიდადატის შერჩევა, მთაწმინდის რაიონში უკეთეს კანდიდატს ვერ შეარჩევდნენ, პირადად მე დიდი სიამოვნებით მივცემ ხმას შალვა შავგულიძეს.
"რ": დავით მაღრაძის მოძრაობას "დაიცავი საქართველო" რა პერსპექტივ აქვს, შეძელებს მხარდამჭერების მობილიზებას?
პ.ზ: ეჭვი მეპარება, რომ დავთი მაღრაძემ ასე მარტივად მიატოვოს ივანიშვილი. ვფიქრობ, ეს მოძრაობა ცოცხლდება იმისთვის, რომ მომავალი არჩევნებისთვის "ოცნებისგან" განაწყენებული ხალხი შორს არ წავიდეს. დავით მაღრაძე ნიჭიერი პოეტია, მაგრამ პოეტების, მომღერლების, მხატვრების და ა.შ. ადგილი პოლიტიკაში ნაკლებადაა.