პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორს კვლავ აკრიტიკებს და საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაში სდებს ბრალს. კობახიძის განცხადებით, შემდგომ არჩევნებზე ობიექტური დამკვირვებელი სამოქალაქო საზოგადოება ვერ იქნება. მისი აზრით, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია. კობახიძის განცხადებას კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი სექტორი, რომელიც რეალურად სუსტია, ეს ხელისუფლებაა.
„მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში თუკი რომელიმე სექტორი სუსტია, ეს არის ხელისუფლება და მათ შორის პარლამენტი, მმართველი ძალა და მათი უსუსურობა ჩანს ყველგან და ყველაფერში. ბოლო მოვლენები ამის ყველაზე ნათელი დასტურია, სასამართლოსთან მიმართებაში მათი გადაწყვეტილებები, ის, თუ რა ფორმით იღებენ და როგორ კანონებს იღებენ.
„ჩვენ დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც ჰყავთ სადამკვირვებლო მისიები და რომლებიც წლებია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა მას შევახსენო, რომ ამ ორგანიზაციებს არსებობის უფრო დიდი ისტორია აქვთ, ვიდრე თავად „ქართულ ოცნებას".
„ჩვენ 25 წლის ორგანიზაცია ვართ, ვაკვირდებით ყველა არჩევნებს, გავუძელით ყველა ხელისუფლებას, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ამდენს გაუძლებს "ქართული ოცნება", ყოველ შემთხვევაში, კობახიძის ხელმძღვანელობით და პარლამენტის თავმჯდომარეობით. ვფიქრობ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს პრობლემებსა და გამოწვევებზე, იქვე მას მეტი არგუმენტაციაც სჭირდება," - განაცხადა სულხან სალაძემ.
„2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები" მიმდინარე კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, რაც საარჩევნო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას ხელს უშლის.
„პრობლემა, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე, არის სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ხაზგასმით ვამბობ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და არა არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც სამწუხაროდ, ხელს უშლის საარჩევნო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას.
„ამ კუთხით, განსაკუთრებული პრობლემები იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო პირდაპირი ფორმით ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. რაც ბუნებრივია, სერიოზული პრობლემაა და ეს ახდენს ზოგადად იმ ცნების დისკრედიტებას, რასაც ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაცია. მაგალითად, ყველაზე ერთ-ერთი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავად იყო ინიციატორი „30 თეთრის კამპანიის", რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ბუნებრივია, ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ ფენომენის დისკრედიტებას. კიდევ ერთ ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი ჰქონდათ განთავსებული საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქზე," - განაცხადა კობახიძემ.
ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი 2" მწვავედ გააკრიტიკა და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ფაშისტური უწოდა.
„ასევე იყო „რუსთავი 2"-ში მონაწილეობის კუთხით, სადაც პირდაპირ ტარდებოდა აგიტაცია ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატების წინააღმდეგ და პირდაპირი იყვნენ ჩართული ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომელებიც იმავდროულად, იყვნენ დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამ პროცესის. ბუნებრივია, ეს შეუთავსებელია ერთმანეთთან.
„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, ვინც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს, ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხა სფეროდან. ეს იყო ფაშისტური განცხადება, პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ბოლშევიკური, გინდათ ეს ტერმინი გამოვიყენოთ. არამხოლოდ არ მოხდა რეაგირება მათი მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.