თამარ შუკვანი
22.03.2019

 დღეს ლენტეხში საპროტესტო აქციაზე ხმაური იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ხელედულა 3 ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას მართავს. იფიცებიან, რომ ჰესის მშენებლობას ლენტეხში არ დაუშვებენ.

დღეს „ხელედურა ჰესის" მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განხილვა უნდა მოეწყოს და სწორედ მის პარალელურად მიდის საპროტესტო აქციაც. დიალოგში მონაწილეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს წარმომადგენლები იღებენ.

დაანონსებულ შეხვედრაზე პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე არ შეუშვეს. ადგილობრივი მოსახლეობა მათ „წადით" შეძახილით შეხვდა.

ცნობისათვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდ. ხელედულაზე 50.77 მგ/ვტ დადგმული სიმძლავრის ხელედულა 3 ჰესის მშენებლობა იგეგმება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, პროექტი არარეგულირებადი (წყალსაცავის გარეშე), მდ. ხელედულასა და მდ. დევაშის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ერთსაფეხურიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს.

საპროექტო სქემის მიხედვით, მდ. ხელედულაზე მოეწყობა დაბალზღურბლიანი კაშხალი, საიდანაც უდაწნეო გვირაბის საშუალებით მდ. დევაშის ხეობაში წყლის გადაგდება მოხდება.

საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება 254.934 გვტ/სთ. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) რეალიზებული იქნას ადგილობრივ ბაზარზე. პროექტს შპს „ხელედულა ენერჯი" ახორციელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×