„წულუკიანმა თავის სტილში იმოქმედა. ოპოზიციაც თავის სტილში მოქმედებდა - ყველა ის საკითხი, რაზეც ადრე ჰქონდათ საუბარი, ახლაც წამოჭრეს. ამიტომაც, წულუკიანი ყველა საკითხისთვის მზად იყო. მოულოდნელი სვლა ოპოზიციას არ გაუკეთებია, მოულოდნელია არც წულუკიანის სვლები იყო, იგი თავის სტილს ინარჩუნებდა,“ - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლას „რეზონანსთან“ საუბრისას.
გასულ კვირას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის მოსმენასთან დაკავშირებით და „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, ეკა ბესელიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დადგომის შესახებ, „რეზონანსი“ ანალიტიკოსს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რამაზ საყვარელიძე: ამ შეჯახებას არ მოყოლია ის, რაც ოპოზიციას სურდა - დამარცხებული წულუკიანის ხილვა. შესაძლოა ოპოზიცია იმედგაცრუებულიც კი დარჩა. ოპოზიციას ანალოგიურად არც ბახტაძის შეშინება გამოუვიდა, რომელმაც მათ გარკვეული პასუხები წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფმა თავის დროზე თქვა, რომ დანაშაულის რაოდენობა იზრდება. დანაშაულის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება თავად ხელისუფლებას რომ აქვს, ეს ბახტაძემაც თქვა.
ხელისუფლება რამდენიმე ვარიანტი აქვს: ერთი ის, რომ აღრიცხვიანობა შეიცვალა, მეორე, საპოლიციო მომსახურებაში შესაძლოა ხარვეზები რეალურად არსებობს. ცალსახა პასუხი, რაც ოპოზიციას უნდოდა, რომ ციხიდან დამნაშავეთა გამოშვებამ შექმნა ასეთი მდგომარეობა, არ გამოუვიდა. მაშინ სტატისტიკა მართლაც უნდა დადებულიყო იმისა, იმათგან რა პროცენტი აღმოჩნდა ხელახლა დანაშაულში ჩაფლული, ვინც მაშინ გაუშვა.
ამაზე ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, თუმცა წესით, ეს ინფორმაცია თვითონ ოპოზიციას უნდა ჰქონოდა. გამოვიდა, რომ შეკითხვა მხოლოდ პოლიტიკური ჟღერადობის იყო, პოლიტიკური საყვედური - რომ თქვენ რა ნაბიჯიც გადადგით, არასწორია. ამას დამტკიცება უნდა. მითუმეტეს, ოპოზიცია მომგებიან როლში არ არის, რადგან ის რაოდენობა მსაჯვრდებულებისა, რაც მაშინ არსებობდა, ნამდვილად ეჭვს იწვევს ნამდვილად სწორი იყო თუ არა.
ოპოზიცია ნულოვან ტოლერანტობის თეზისს იცავდა და ამ თეზისის დაცვა ძნელია, რადგან მოსახლეობასაც ახსოვს რამდენი ადამიანი, ბავშვების ჩათვლით, ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას ციხეში. იმ ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ოპონენტები იყვნენ და საერთაშორისო სტატისტიკამაც არაერთხელ აღნიშნა, რომ იმ რაოდენობის პატიმრები ევროპაში არავის ჰყავდა. ეს არაბუნებრივი შედეგია. იმ პოზიციიდან შეტევა, რომ მაშინ პატიმრები არ უნდა გამოეშვათ, ოპოზიციას წამგებიან პოზიციაში ამყოფებს.
„რეზონანსი“: როგორ ფიქრობთ, 22 მარტს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენისას დარბაზი ნახევრად ცარიელი რატომ იყო?
რ.ს.: ჩვენ გვახსოვს ბატიაშვილის პირველ შეხვერდას როგორი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამჟამად ბატიაშვილი უფრო დაკონკრეტებული ვერსიით მოვიდა, რის განხორციელებასაც აპირებს, თუმცა დარბაზის მდგომარეობა მიგვითითებს, რომ ოპონენტებს რეფორმა არ აინტერესებდათ. მათ პოლიტიკური დებატები უნდოდათ, პოლიტიკური დისკომფორტის შექმნა, იგივე სურდათ, რაც წულუკიანთან და ბახტაძესთან მიმართებაში. ეტყობა ეს მუხტი ბატიაშვილზე აღარ ეყოთ.
პოლიტიკური ბრძოლის გაჩაღება მათთვის საინტერესო და მომგებიანია. გამოდის, რომ ეს ორი რაუნდი მათთვის დიდად წარმატებულად არ დასრულდა და ამიტომ მესამე რაუნდზე აღარ მივიდნენ.
„რ“: 21 მარტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილსაც მოუსმინეს, რომელიც თავისი ინიციატივით მივიდა პარლამენტში. მან ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ განხორციელდება თუ არა ეს პროექტი? ან თუნდაც რამდენად არსებობს კავშირი „თიბისი ბანკის“ საქმესა და ამ პორტს შორის?
რ.ს.: ჯერჯერობით გადამწყვეტი პასუხის გაცემა ძნელია. ხელისუფლების განცხადებებში ასეთი კავშირი არ იკითხება. ისინი ერთმანეთისგან აბსოლუტურად იზოლირებულ თვალსაზრისს გვთავაზობენ. ამტკიცებენ, რომ უაღრესად დაინტერესებულები არიან ამ ანააკლის პორტით.
ანაკლიის პორტით დაინტერესება ბუნებრივია, რადგან ზოგადად საქართველოს, როგორც ქვეყნის და ამ კონკრეტული ხელისუფლების პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ არსებობს. ხელისუფლების გარანტიაზე მეტი ამერიკული მხარის გარანტიაა.
ოპოზიცია ამბობს, რადგან აშშ-ს აინტერესებს, საქართველო ამ პროექტს ჩაშლის. ძალიან გულუბრყვილო ნათქვამია. საერთოდ, ოპოზიცია არ თვლის თავს ვალდებულად, რომ მათი კრიტიკა მაღალი კვალიფიკაციის იყოს. მხოლოდ კრიტიკით სურთ, რომ გავიდნენ.
დავუშვათ საქართველომ ანაკლიის მშენებლობა ჩაშალა. დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენი რამით ვართ ამერიკაზე დამოკიდებული? ე.ი. აშშ-ც ჩაშლის ყველა იმ პროექტს, რომლითაც ჩვენ დამოკიდებული ვართ მასზე.
ისეთი კომფორტი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავშალოთ და დანარჩენი მისაღები მივიღოთ, საქართველოს არ გამოუვა. ეს ობიექტური რეალობა გვაქვს, რომელიც ქმნის იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პორტი დასრულდება.
„რ“: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ" ეკა ბესელიას წინააღმდეგ კომპრომატების მოძიება დაიწყო და შესაძლოა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს. რამდენად რეალურია, რომ მსგავსი რამ მოხდეს?
რ.ს.: პოლიტიკაში ყველაფერი რეალურია, გამორცხული არ არის. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, მოინდომებს თუ არა პარტია ამას.
მე არ ვსაუბრობ იმაზე, არის თუ არა საამისო არგუმენტები და მასალა, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, თუმცა მოინდომებს თუ არა პარტია, ამაზე არის ეს დამოკიდებული. მასალა რომც იყოს, თუ პარტიამ გადაწყვეტა, რომ ბესელიას წინააღმდეგ იურიდიული არგუმენტები არ გამოიყენოს, მაშინ არც გამოიყენებს.
მმართველი გუნდისთვის ამგვარი სისხლის სამართლის საქმის წამოჭრა ბესელიას წინააღმდეგ ძალიან წამგებიანია. 2020 წლის არჩევნები მოდის, მოსახლეობამ თუკი დაინახა, რომ ოპონენტებთან უმრავლესობის ეს უმრავლესობა კამათობს არა იმ არგუმენტებით, რაც კამათის საგანია, ამ შემთხვევაში მოსამართლეთა შერჩევის წესი, არამედ კამათობს ირიბი არგუმენტებით და ეცდება სასამართლოზე თავისი ოპონენტი დამნაშავედ გამოაცხადოს, ეს უკვე პოლიტიკური ოპონენტების იურიდიული დევნაა და საქართველოს მოსახლეობა იმ თვალით შეხედავს, რომ ამ ხელისუფლებას ძალის გამოყენების გარდა, სხვა არგუმენტი არ გააჩნია. ეს თითქმის გარანტირებული პირობაა იმისა, რომ 2020 წელს ამ მეთოდზე წასულმა ხელისუფლებამ ხმები ვერ მიიღოს.