რა ეტაპზეა მოსამართლეთა ტესტების პასუხების გაჟონვის სკანდალური საქმის გამოძიება და რეალურად რატომ გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ეკატერინე ბასილაია
24.03.2019

 „თავიდან ნინო გვენეტაძე თითქოს უტევდა ამ კლანს, შემდეგ ცოტა შეარბილა პოზიციები და ყველა საუბრობდა, ხომ არ იყო ეს მოსამართლეების ტესტების სკანდალიდან გამომდინარე. მე არ ვიცი სინამდვილეში რა მოხდა, რეალურად მოხდა ტესტების გაჟონვა გვენეტაძის მხრიდან, თუ ეს იყო ხაფანგი... 

„ეს გამოძიება ძალიან სკანდალურია და სანამ გვენეტაძე თანამდებობაზე იყო, ამ ტესტების თემა სულ ტრიალებდა მის ირგვლივ. ამიტომაა მნიშვნელოვანია, სად არის გამოძიება. 

„როცა გამოძიება დაიწყო, ყველა ამბობდა, რომ ხელისუფლება ამ ტესტების საქმე გვენეტაძის წინააღმდეგ იყენებდა. შემდეგ გამოძიება საეჭვოდ მიჩუმდა. ახლა გასარკვევია, ხომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ ეს საქმე გვენეტაძის წინააღმდეგ,“ - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

„რეზონანსი“: ნინო გვენეტაძის ყოფილმა მრჩეველმა კახა წიქარიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გვენეტაძე დიდი წნეხის გამო წავიდა და ეს წნეხი ჩინჩალაძის კლანიდან მოდიოდა. მეტიც, გვენეტაძეს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შიშიც ჰქონდა და გვენეტაძე ამ დაპირისპირებაში მარტო აღმოჩნდა. თქვენი აზრით, რატომ გადადგა გვენეტაძე, იყო ასეთი მძიმე სურათი? 

ნაზი ჯანეზაშვილი: პირველ რიგში, მინდა, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და ამიტომ გეტყვით, რაც ზუსტად ვიცი და რა გამოცდილებაც მე მაქვს. რამდენადაც ვხვდები, ეს ადამიანი აკეთებს განცხადებას იუსტიციის საბჭოში ნინო გვენეტაძის საქმიანობიდან გამომდინარე და იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც მაშინ საბჭოში იყო. 

თქვა, რომ გვენეტაძეს გვერდში არავინ არ დაუდგა. ზუსტად 2017 წლის ნოემბერში, როდესაც გვენეტაძის მიმართ იყო ერთგვარი ზეწოლა, ბულინგი ყველა მოსამართლე წევრის მხრიდან, მაშინ მე გამოვუცხადე სოლიდარობა და ეს სიუჟეტი ახლაც იძებნება მედიაში. თუ ვინმე ასე განიცდიდა ნინო გვენეტაძის მდგომარეობას, ბოდიში, მაგრამ, სანამ თანამდებობიდან წავიდოდა, მანამ ამოეღოთ ხმა და მანამ დაეცვათ. ახლა, როცა ადამიანი გაუჩინარდა და საკუთარი ახლობლების გარდა მართლა არავინ არ იცის სად არის, ახლა ცოტა გვიანია ამაზე ლაპარაკი და თან, არარელევანტურია. 

არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ შეიძლება გვენეტაძეს ვინმე ხელით შეხებოდა, თუკი ამაზე სარწმუნო წყაროდან მიწოდებული სარწმუნო ინფორმაცია არ არსებობს. მე ვიცი, რაც იუსტიციის საბჭოზე ხდებოდა და ვთქვი კიდეც, რომ დაძაბულობა ნამდვილად აღწევდა პიკს. ეს დაძაბულობა დღესაც არის საბჭოში თუნდაც ჩემი და ანა დოლიძის მისამართით. 

ნინო გვენეტაძეს ზოგადად ჩემთანაც უთქვამს ეს - ისეთ დღეში ვარ ზოგჯერ, რომ მგონია დამარტყამენო, მაგრამ ეს არის ადამიანის წარმოდგენა იმ დაძაბულობიდან გამომდინარე, რაშიც არის, თუმცა რეალურად აქამდე მივიდოდა თუ არა ვინმე, ეს არავინ არ იცის. ამაზე საუბარი ახლა, თანამდებობის დატოვებიდან 6 თვის შემდეგ, არასერიოზულია. 

ბოლოს და ბოლოს გვენეტაძეს დაცვა ჰყავდა. თუ არ ვცდები, 2 ადამიანი დაჰყვებოდა, მათგან ერთი ადამიანი რეგულარულად იჯდა დარბაზში და დაცვა თავმჯდომარეს იმისთვის სჭირდება, რომ ყველასაგან იყოს დაცული.

„რ“: თქვენი აზრით, მაშინ რა გახდა გვენეტაძის გადადგომის მიზეზი?

ნ.ჯ.: ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, თუ ვინმეს აინტერესებს რატომ წავიდა ნინო გვენეტაძე, მოიკითხოს რა ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მოსამართლეების ტესტებს უკავშირდება და რა ხდება ამ საქმეზე. ეს ტესტები იყო ძალიან სკანდალური მისი იმიჯის, რეპუტაციის და მისი თანამდებობის გარშემო.

„რ“: თქვენ საუბრობთ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების სავარაუდო გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიებაზე? (თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეობის ზოგიერთ კანდიდატს უკანონოდ მიუწვდებოდა ხელი გამოცდის პასუხებზე და ამის გამო 2016 წლის თებერვალში პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო. რედ.)  თქვენ თვლით, რომ გვენეტაძე შეიძლება დააშანტაჟეს, რომ თუ არ გადადგებოდა, ამ სს საქმეზეს ბოლომდე მიიყვანდნენ და ის გამტყუნდებოდა?

ნ.ჯ.: გამორიცხული არაფერი არ არის, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ რომ ვიცოდეთ ოფიციალური ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება, ეს ყველა კითხვას მოხსნიდა. იქნებ გვენეტაძემ არჩია გაცლოდა სისტემას და წასულიყო იმიტომ რომ, ტესტების საქმე არის სერიოზული პრობლემა მისი კარიერისთვის, მისი რეპუტაციისთვის და იქნებ ისედაც მოუწევდა წასვლა?! 

ჩვენ არ ვიცით რეალურად რა მოხდა. ერთხელ გვენეტაძემ გამაფრთხილა, ნაზი, ფრთხილად იყავი, ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელიო. ჩვენ ხომ არ ვიცით, სანამდე წამსვლელები არიან და რისი გაკეთება შეუძლიათ?!  

თავიდან გვენეტაძე თითქოს უტევდა ამ კლანს, შემდეგ ცოტა შეარბილა პოზიციები და ყველა საუბრობდა, ხომ არ იყო ეს ტესტების სკანდალიდან გამომდინარე. მე არ ვიცი სინამდვილეში რა მოხდა, რეალურად მოხდა ტესტების გაჟონვა გვენეტაძის მხრიდან, თუ ეს იყო ხაფანგი... 

ეს გამოძიება ძალიან სკანდალურია და სანამ გვენეტაძე თანამდებობაზე იყო, ამ ტესტების თემა სულ ტრიალებდა მის ირგვლივ. ამიტომაა მნიშვნელოვანია, სად არის გამოძიება. 

როცა გამოძიება დაიწყო, ყველა ამბობდა, რომ ხელისუფლება ამ ტესტების საქმე გვენეტაძის წინააღმდეგ იყენებდა. შემდეგ გამოძიება საეჭვოდ მიჩუმდა. ახლა გასარკვევია, ხომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ ეს საქმე გვენეტაძის წინააღმდეგ.

„რ“: ზოგადად, გვენეტაძეს როგორი ურთიერთობა ჰქონდა ჩინჩალაძის ე.წ. კლანთან, იყო დიდი დაპირისპირება?

ნ.ზ.: დაპირისპირება იყო, თითქოს ეტაპები ჰქონდათ. გვენეტაძე კლანის წევრი არ იყო, ხან უპირისპირდებოდა მათ, ხან - არა და ამან დააზარალა კიდეც. მე ვიცი, რომ გვენეტაძეს მიხეილ ჩინჩალაძესთან დაპირისპირება ჰქონდა ყველაფერზე, ვიღაცის არჩევა იყო ეს, თუ სხვა. დაპირისპირების მთავარი საფუძველი იყო ის, რომ რეალურად თავმჯდომარე  იყო ჩინჩალაძე და არა გვენეტაძე. 

კოტე კუბლაშვილის დროსაც რეალური თავმჯდომარე ჩინჩალაძე იყო, უბრალოდ მაშინ კუბლაშვილი მორგებული იყო ამ ყველაფერს და ერთ-ერთი მონაწილე იყო პროცესების.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×