ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლაში ერთვება. ვინ დაუპირისპირდება მას "ოცნებიდან", ჯერ უცნობია, თუმცა, პოლიტიკის ექსპერტების თქმით, მაისის შუალედურ არჩევნებში მთავარი პოლიტიკური ომი სწორედ ზუგდიდში გაიმართება "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის, რადგან "ოცნებისთვის" პრინციპულად გადამწყვეტია, არ დამარცხდეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლთან და მაინცდამაინც ზუგდიდში. თანაც იმ ფონზე, როცა მაისის შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ რეპეტიციადაც მიიჩნევა და გახშირდა საუბარი, რომ მმართველი პარტია პოპულარობას კარგავს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის აზრით, ზუგდიდის მერის არჩევნებში ბევრი სიმბოლოა, რის გამოც ეს ოლქი "ოცნებისთვის" მთავარ საბრძოლო რინგად უნდა იქცეს. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ ზუგდიდი "ნაციონალებისადმი" ლოიალურად განწყობილი ქალაქია; კანდიდატი არის სანდრა რულოვსი, მიხეილ სააკაშვილის ცოლი; და რომ ეს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უვერტიურა.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ სანდრა რულოვსს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად გამარჯვების შანსი აქვს; ერთი, იმიტომ, რომ "ოცნების" პოპულარობა სულ უფრო ეცემა და მეორეც, სამეგრელოში, კონკრეტულად კი ზუგდიდში, რულოვსისადმი დამოკიდებულება ყოველთვის პოზიტიურია სხვადასხვა მიზეზის გამო და ესეც ზრდის "ნაციონალების" გამარჯვების შანსს.
რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება მთაწმინდის ოლქში; მერების არჩევნებია 5 ოლქში - ზუგდიდში, ჭიათურაში, მარნეულში, ხულოსა და ზესტაფონში; საკრებულოს არჩევნებია 6 მუნიციპალიტეტში.
ამ რიგგარეშე არჩევნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, პრინციპული ბრძოლის ადგილი ზუგდიდის მერის არჩევნები გახდება, სადაც "ნაცმოძრაობის" მთავარი ფიგურა, ყოფილი პირველი ლედია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, "ოცნებამ" კი უნდა დაამტკიცოს, რომ მათი მთავარი ლოზუნგი - "ანტიმიშა" ისევ მუშაობს და ამომრჩეველი სააკაშვილის ცოლს მხარს არ დაუჭერს.
ვინ იქნება "ოცნების" კანდიდატი, დიდი ალბათობით, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. საუბარია, რომ მოქმედი ვიცე-მერის - გიორგი შენგელიას კანდიდატურა განიხილება, რასაც თავად შენგელიაც ადასტურებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ზუგდიდის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში იგი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ყოფილი მერი ბრალდებას უარყოფს.
ზუგდიდის არჩევნებში ერთგვარი გამოცდილება სანდრა რულოვსს უკვე აქვს. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. პირველ ტურში ვერც მან და ვერც "ოცნების" კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ვერ მიიღო 50%-ზე მეტი ხმა, მეორე ტურში მონაწილეობაზე კი რულოვსმა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ "პირველსავე ტურში გაიმარჯვა" და მას ეს არჩევნები "მოპარეს".
ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, რაც დრო გადის, სანდრა რულოვსის შანსი იზრდება, "ქართული ოცნების" ნარატივი "ანტიმიშა" კი უკვე აღარ ჭრის იმიტომ, რომ ის სისტემური მანკიერება, რაზეც აპელირებდნენ, მთლიანად გადმოიბარეს და მთლიანად გახდნენ სამართალმემკვიდრეები კოლექტიური მურუსიძის სახით. ამდენად, ზუგდიდის არჩევნები "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია და თუნდაც ამ ერთ ოლქშიც რომ დამარცხდეს, ეს მმართველ ძალას დაანგრევს.
"ქართული ოცნებისთვის" დღეს ძალიან მძიმეა ნებისმიერი პრეცედენტის შექმნა თუნდაც ლოკალური ძალაუფლების დაკარგვისა. ამ პარტიის პერსპექტივას უკვე ძალიან ბუნდოვნად ვხედავ იმის მიუხედავად, სანდრა რულოვსი გაიმარჯვებს თუ არა, რადგან "ოცნებას", პრაქტიკულად, აღარ ჰყავს ნატურალური ამომრჩეველი. მისი ამომრჩეველია მხოლოდ მედროვე და ადმინისტრაციული რესურსი.
"შესაბამისად, "ოცნების" დეგრადაციის პროცესი ვერ შეჩერდება. ბაბილონის გოდოლი ნგრევის პროცესშია, როდის ჩამოიშლება ბოლომდე, ეს უკვე ტექნიკური და დროის საკითხია," - აღნიშნა ხუხაშვილმა.
რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ასე წინასწარ განსაზღვრო, ვის აქვს გამარჯვების რეალური შანსი, რთულია, თუმცა, მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა ექნება, ვის დააყენებს "ოცნება" კანდიდატად. თუკი ადრე გვარს მნიშვნელობა არ ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი "ოცნებისთვის" უკვე გამარჯვების მომტანი იყო, დღეს ვითარება შეცვლილია და მმართველ პარტიას რულოვსთან დასაპირისპირებლად ავტორიტეტის მოძებნა მოუწევს.
გარდა ამისა, საყვარელიძის თქმით, სანდრა რულოვსი რიგითი "ნაციონალის" სტატუსით არ არის შეყვანილი ამ ბრძოლაში, რაც ამ არჩევნების მნიშვნელობას ზრდის - შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდი მთავარი დაპირისპირების ცენტრად გადაიქცევა.
"ზუგდიდის არჩევნები დაახლოებით ისეთი რამაა, რაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში მოგება "ნაციონალებს" ბევრს არაფერს აძლევდა, რადგან, უფლებების თვალსაზრისით, პრეზიდენტი არ არის მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ წაგება ძალიან ბევრს ართმევდა "ოცნებას". უპირველეს ყოვლისა, ართმევდა რეიტინგს.
"მაუგლიში" როგორცაა, აკელამ ააცდინაო, ითქვა და მერე დაესივნენ მას. ანალოგიური რამ მოხდება აქაც - თუ დამარცხდა "ოცნება", შემდეგ მას დაესევიან, იქნება ყიჟინა, რომ "ნაციონალებმა" დაამარცხეს ზუგდიდში "ოცნება" და, შესაბამისად, შეიძლება დაამარცხონ სხვაგანაც.
"ამ შესაძლებლობის გაჩენა იქნება დიდი და სერიოზული დარტყმა მოქმედი ძალისთვის. ყველას გაუჩნდება იმის მოლოდინი, რომ "ოცნების" დასრულება შესაძლებელია. ამიტომ მეტოქეები გახდებიან უფრო თავდაჯერებული, ბრძოლაში თავდაჯერებას კი დიდი წინა აქვს. რულოვსის გამარჯვება "ოცნებისთვის" ძალიან დიდი დარტყმა იქნება. ამიტომაც დიდი და მძიმე ბრძოლა იქნება ზუგდიდის არჩევნებზე," - ამბობს საყვარელიძე.
მისი თქმით, ზუგდიდის მერის არჩევნებში ბევრი სიმბოლოა - თავად სანდრა რულოვსი, ზუგდიდიც, როგორც ქალაქი და რაც მთავარია, მომენტი - 2020 წლის უვერტიურა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ და რთულ ბრძოლას გულისხმობს.
"სიმბოლოების თვალსაზრისით, კიდევ ერთი რამაა, ანტიკურ ხანაში ომში დაპირისპირებული მხარეები გამოუშვებდნენ ფალავნებს საბრძოლველად და რომელი ფალავანიც დამარცხდებოდა, იმ მხარის ჯარი ითვლებოდა დამარცხებულად. ფალავნების ბრძოლით წყდებოდა მთელი ბრძოლის ბედი. ასეთი მოდელი სიმბოლურად ჩვენში ზის. თუ რაღაც არენაზე ერთის ფალავანმა მეორისას აჯობა, იქ ჩნდება განცდა, რომ მეორე დამარცხებულია ყველა სხვა მოქმედი პირის შემთხვევაშიც. ეს სიმბოლოც არსებობს," - ამბობს საყვარელიძე.