თამარ შუკვანი
25.03.2019

 დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილ ინიციატივაზე, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას ეხება და სისხლის სამართლის წესით დასჯას გულისხმობს, დღეს პარლამენტში კენჭისყრა არ მომხდარა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამ საკითხის ირგვლივ პოზიციების შეჯერების შედეგად პროექტს წარდგენილი სახით მხარს არ უჭერს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეპუტატს საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტიდან გაწვევა და პროექტის რელიგიის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში გადატანა შესთავაზა.

კვიციანმა განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში არსებული რელიგიებისა და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვა.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კვიციანს შესთავაზა წარდგენილი ინიციატივისთვის კენჭი დღეს არ ეყარათ, რადგან პროექტი არსებული რეგულაციებით წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან მოდის და დახვეწას საჭიროებს.

ოხანაშვილმა კვიციანს ურჩია, საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, რელიგიის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში განიხილოს. ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მას აპარატის თანამშრომელს გამოუყოფს, რომელიც ცვლილებებზე მასთან ერთად იმუშავებს, რასაც კვიციანი დათანხმდა და აღნიშნა, რომ წარდენილი პროექტი დაიხვეწება და შემდეგ კი ამ კანონპროექტს უკვე მიიღებენ.

„ამის შემდეგ კანონპროექტს მივიღებთ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. არის რაღაც წვრილმანები, რაც არ მოეწონათ, დავხვეწთ და კანონპროექტს მივიღებთ," - განაცხადა კვიციანმა.

ცნობისათვის, კანონპროექტით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ასევე პროექტით, რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×