ელზა პაპოშვილი
25.03.2019

 ხაშურში სავარაუდოდ ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა 24 მარტს საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილვეების განცხადებით,  ქმარმა ცოლს დანა ექვსჯერ დაარტყა.  30 წლის თაკო დოლიძეს ქმარმა სამსახურში სილამაზის სალონ „მირაჟში“ მიაკითხა. გოგონას ახლობლების თქმით, მან ცოლს უთხრა, რომ   საქმე ჰქონდა და სხვებთან თანდასწრებით საუბარი არ სურდა. 

ამიტომ ის ოთახში ცალკე გაიყვანა. მამაკაცმა , სავარაუდოდ, მარტო მოხელთებული ცოლი დანით დაჩეხა. თვითმხილველები ყვებიან, რომ 32 წლის მამაკაცი ცოლს დაუნდობლად ურტყამდა და მიუხედავად სისხლის გუბეებისა, არ ჩერდებოდა.   ახალგაზრდა ქალს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავე 1986 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა. ხოლო დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

უწყების ცნობით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 10-109 მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. 

"კლინიკაში შემოიყვანეს  ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც  მრავლობითი ჭრილობები, გულმკერდის და მუცლისღრუს არეში აქვს მიყენებული და შემავალი ჭრილობებია.  ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია და შემდგომ პაციენტი მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა მაგრამ სტაბილურია" - აღნიშნა "ახალი კლინიკის" დირექტორმა კახა ხელაძემ. 

რა გახდა ახალგაზრდა ქალის დაჭრის მოტივი ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია, თუმცა ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ სავარაუდო კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობაა. მათი თქმით, ცოლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ადრეც მკურნალობდა. ისინი დაჭრილ გოგონას დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ საკმაოდ მხიარული და კომუნიკაბელურია.   

 ,,საშინელი ამბავი მოხდა, ისეთი კარგი გოგოა, ყველა ძალიან ვნერვიულობთ. დადებით, მხიარული და პოზიტიური ადამიანი. სალონში მუშაობს,  ქმარს სამსახურში მიუკითხებია და უთქვამს მეორე ოთახში გავიდეთ საქმე მაქვსო. ისიც რა აზრზე მოვიდოდა გვერდით გაყოლია, ალბათ შეეხათრა ხალხის თავალწინ არაფერი მითხრასო. იქ დაურტყამს შვიდჯერ დანა. თან სულ გულში ურტყია. ისე იყო თურმე გახელებული, რომ ქალი სისხლში ცურავდა და არ ჩერდებოდა. ვიცით, რომ საკმაოდ ეჭვიანი და მძიმე ხასიათის ადამიანი იყო. ადრე ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა და მკურნალობდა. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, საერთოდ გაუბედურებულები არიან. ასეთი ანგელოზივით გოგოა, ღმერთს ვთხოვთ, რომ კარგად იყოს“,-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×