ელზა პაპოშვილი
25.03.2019

 ნატოს-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გზავნილები და გაფრთხილება- ვინ როგორ გაიგო გენერალური მდივნის განცხადებები და რა იყო ის მთავარი აქცენტები, რომელიც მდივანმა საქართველოში ჩამოიტანა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  საქართველო უკვე  დატოვა,  დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა, თუმცა თბილისში უკვე დაიწყო იმის გაანალიზება, რა თქვა და რა მინიშნებები დაუტოვა მან საქართველოს ხელისუფლებას. 

ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალურ ვიზიტს ქართველი პოლიტიკოსები განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თუმცა, ოპოზიცია ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, ხელისუფლებისგან მეტ ქმედით ნაბიჯებს ითხოვს.  მათი აზრით, სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი ადასტურებს, რომ რუსეთის პირისპირ ნატოს საქართველო მარტო არ ტოვებს. 

ნატო-ს გენმდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან. სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას. ის საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. ეს კვირა შეიძლება ჩაითვალოს ნატოს კვირეულად, რადგან საქართველოში ნატოს კომიტეტის სხდომა გაიმართება და ნატოს წევრი ქვეყნების გენერალიტეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ. 

„ნატოსთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, რომ ყველა ერს გააჩნია არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა"- აცხადებს ნატოს გენმდივანი.

კითხვაზე, რამდენად შეძლებს რუსეთი საკუთარი პოზიციითა და ქმედებებით ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ის ამბობს, რომ საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როცა ამას 29 წევრი ქვეყანა და თავად საქართველო გადაწყვეტენ.

სტოლტენბერგის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას და ცხადია რუსეთს, არ აქვს უფლება ჩაერიოს დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილებებსა და არჩევანში. ეს უფლება გარანტირებულია ჰელსინკის ოქმითაც, რომელსაც ხელს რუსეთიც აწერს.

„თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში“ - აღნიშნავს ის.  სტოლტენბერგის თქმით, ნატოს დამოკიდებულება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, არ შეცვლილა.  საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია, რასაც დღეს მიმდინარე ერთობლივი წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა,  მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპრიებული რეგიონების აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლება ფაქტობირვად გააფრთხილა და განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით და უნდა გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად,“ - ამბობს ის.  

 „ალიანსი არ აფასებს არჩევნების შედეგებს, არც იმას თუ როგორ ჩატარდა. ეს ეუთოს საქმეა, მაგრამ ვითვალისწინებთ, რასაც ისინი ამბობენ. მათ შეფასებაში ხაზგასმულია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია, რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და შეეცადონ გადალახონ უთანხმოებები, ვინაიდან საჭიროა, ორივე მხარემ დემოკრატიის ფუნქციონირება კარგი გახადოს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა თავისუფალ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაბარება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით კი  ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტისას პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს. მინისტრის თქმით, საქართველოს სერიოზული მხარდაჭერა აქვს ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისგან. 

„იყო უაღრესად სასარგებლო ვიზიტი. პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისგან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. თავად ეს წვრთნები უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ეს ვიზიტი და მთლიანად ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი, ამ დღეების განმავლობაში უნდა იყოს აღქმული მოახლოებული ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში. ნატო-სთან ასეთი დატვირთული დღის წესრიგი ნატო-სთან ჩვენი გააზრებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა დავით ზალკალიანი.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×