პირველი აპრილიდან საპენსიო რეფორმაში ჩართულ 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სისტემის დატოვების შესაძლებლობა ეძლევათ. განცხადება 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არსებული 70 ფილიალიდან ნებისმიერში შეუძლით დაწერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემას ვეღარ დატოვებენ. "ბიზნეს-რეზონანსმა" გაარკვია ამ პროცედურის ჩასატარებლად საჭირო ყველა ნიუანსი, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს მოსახლეობას.
რეფორმა, რომელიც 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, სავალდებულოა მხოლოდ 40 წელს ქვემოთ ასაკის დასაქმებულებისთვის. 40 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს კი სისტემის დატოვების შესაძლებლობა ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ექნებათ. ეს დრო კი პირველ აპრილს დადგება. სწორედ სისტემაში დარჩენილთა რაოდენობა გახდება ინდიკატორი, რამდენად წარმატებულად მუშაობს რეფორმა მაშინ, როცა მასში იძულებით მონაწილეობის ვალდებულება აღარ არსებობს.
რა პროცედურებია საჭირო საპენსიო სისტემის დასატოვებლად
რა პროცედურებია საჭირო საპენსიო სისტემის დასატოვებლად მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის - სად უნდა დაიწეროს განცხადება, რა პროცედურების გავლაა საჭირო, რა გზით დაბრუნდება თანხა და ა.შ. ამიტომ "ბიზნეს-რეზონანსი" საპენსიო სააგენტოს სპეციალურად დაუკავშირდა.
"სქემაში ჩართული პირების გაწევრიანების თარიღად საპენსიო სააგენტო იმ თარიღს მიიჩნევს, როდესაც კომპანიების ბუღალტრებმა პირველი დეკლარაციები დახურეს და დასაქმებულთა პირველი საპენსიო შენატანები განახორციელეს, ანუ 2019 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პირველი ხელფასის ჩარიცხვიდან. უფრო ზუსტად კი, დეკლარაციის დახურვიდან უნდა გადათვალოთ სამი თვე და პირველი კვარტალის დასრულებიდან შემდეგი ორი თვის განმავლობაში შეგიძლიათ დატოვოთ სქემა.
საპენსიო რეფორმაში ჩართვის 3 თვის შემდეგ პირს ეძლევა ორთვიანი ფანჯარა გასვლისათვის. რადგანაც ის არის ფინანსური დოკუმენტი, ვადიანი პირადობის მოწმობის ან მინდობილობის გარეშე შეუძლებელია სისტემის დატოვება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 70 ფილიალი, სადაც პირს შეუძლია მივიდეს, დაწეროს განცხადება და უარი თქვას ამ მომსახურებაზე. თბილისში 6 ფილიალი მოქმედებს, აქედან 5 სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაზე, ხოლო ერთი საპენსიო სააგენტოს ფილიალი.
ჩვენ გარკვეული მოლაპარაკება გავმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. ტრენერები არიან რეგიონებში და ატრენინგებენ პირებს, რომლებმაც შეუფერხებლად უნდა გაუწიონ მომსახურება მოქალაქეებს. დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ სანამ მივლენ მომსახურების შესაწყვეტად, ადამიანები შეამოწმებენ საკუთარ გვერდს, სადაც ნახავენ, მათ დანაზოგზე ერიცხებათ როგორც საკუთარი, ისევე დასამმაგებული პროცენტი საკუთარ შენატანზე, ასევე წლიური 7%-ის ინვესტიცია.
გატანის შემთხვევაში პირს გააქვს მხოლოდ დაბეგრილი თანხა, ისევე როგორც ის აიღებდა ხელფასად დარიცხვის შემთხვევაში და ასევე დართული აქვს იმ 7%-ის წილი მის თანხაზე. ფონდი აბრუნებს თანხას წყაროსთან (კომპანიასთან, იურიდიულ პირთან), ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია, დაუბრუნოს დასაქმებულს თავისი დანაზოგი. ასევე თავისი ორი პროცენტი უბრუნდება სახელმწიფოს და დამსაქმებელსაც.
თუ პირი 2 თვის განმავლობაში, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში, ვერ ან არ წერს განცხადებას, ის რჩება სისტემაში მუდმივად და ეს ითვლება უკვე ნებაყოფლობითად. სურვილის შემთხვევაში ეს ნამდვილად არის ვადა, რომელიც ოპტიმალურია და განხორციელებაც არ უნდა იყოს პრობლემა. ჩაწერის ადგილს არ ექნება მნიშვნელობა, ნებისმიერ ცენტრში აქვს მოქალაქეს განცხადების დაწერის შესაძლებლობა," - აცხადებენ სააგენტოში.
ფონდში ამტკიცებენ, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სქემის დატოვების მსურველთა რიცხვი საკმაოდ მცირეა.
სულ სხვა მონაცემები აქვს უმრავლესობის წევრს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს. იგი ახლახან ტელეეთერით აცხადებდა, რომ საპენსიო სისტემაში აპრილიდან მხოლოდ 30%-ის დარჩენას ელის 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებიდან.
სისტემის მიღმა დარჩენილი ადამიანებით კომპანიები დაინტერესდებიან
პროცედურებთან და თავად რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ეკონომისტების დიდი ნაწილი არ ეთანხმება ვალდებულების კომპონენტს, რადგან სწორედ ნებაყოფლობითობა გამოაჩენს, რამდენად წარმატებულია სისტემა.
ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია საპენსიო რეფორმის წარმატების ინდიკატორად მიიჩნევს იმას, თუ რამდენი 40 წელს გადაცილებული მოქალაქე დატოვებს სისტემას შესაძლებლობისთანავე და ასევე, რამდენი თვითდასაქმებული ჩაერთვება მასში. ეკონომისტი დასძენს, რომ მოქალაქეები, რომლებიც არ იქნებიან ჩართული საპენსიო სისტემაში, უფრო მეტად საინტერესო გახდებიან დამსაქმებლებისათვის, რადგან ნაკლები ფინანსური დანახარჯის გაღება მოუწევთ.
"რასაკვირველია, ვეწინააღმდეგები, რომ ვინმესათვის სავალდებულო იყოს გაწევრიანება. თუ სისტემა არის გამართული, კარგი, მისაღები და მომგებიანი, მასში ხალხი ნებაყოფლობითაც ჩაერთვება. საუკეთესო ინდიკატორი, თუ როგორ ხედავს მოსახლეობა ამ რეფორმას და როგორ აფასებს მას, იქნება 40 წელს გადაცილებული იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სისტემას დატოვებენ. ეს გამოჩნდება თვითდასაქმებულთა ჩართვის ოდენობითაც, რომლებიც თავად იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ვალდებულების კომპონენტი იმიტომ შემოიღეს, რომ ნაკლებ აქტივობას ელოდნენ მოსახლეობისგან.
დიდი ალბათობით, დამსაქმებლებს გაუჩნდებათ მოტივაცია, საპენსიო რეფორმის მიღმა დარჩენილი მეტი ადამიანი აიყვანონ სამსახურში, რათა ფინანსური ტვირთი მაქსიმალურად შეიმსუბუქონ. ეს კი არაკონკურენტუნარიან გარემოში მოაქცევს სისტემაში არანებაყოფლობით ჩართულ ადამიანებს," - ამბობს მაკალათია "ბიზნეს-რეზონანსთან".
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან სურგულაძის განცხადებით, ამ დროისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 653 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი 23 მარტს გამოცხადდა.
კონკურსის მეშვეობით 5 ადამიანი შეირჩევა, მათგან სამი 5 წლის ვადით, ორი კი სამი წლის ვადით. საბჭოს წევრთა ანაზღაურება წელიწადში 60 000 დოლარამდე იქნება. გარდა ამისა, კონკურსის პირობებით, სახელმწიფო საბჭოს წევრების სამგზავრო ხარჯებსაც სრულად დაფარავს.