"ახლანდელი იაფი მოწყობილობები უხარისხოა და კოცონი რომ შეუნთო, შეიძლება რეაგირება არ მოახდინოს"
მარი ჩიტაია
26.03.2019

 სასტუმროების უმრავლესობაში უსაფრთხოების სისტემა, პრაქტიკულად, არ არსებობს. არასწორად დამონტაჟებული და უხარისხო დანადგარები საფრთხეს უქმნის არა მარტო მომსახურე პერსონალს, არამედ ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლი გამკაცრდა და სასტუმროებს რეგულაცია დაუწესდათ, თითქმის ყველგან პრობლემა შეიმჩნევა, მათ შორის 5-ვარსკვლავიან სასტუმროებშიც, სადაც, წესით, პრობლემა არ უნდა არსებობდეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 11 ათასამდე ხანძარი იყო. გარდაიცვალა 56 და დაშავდა 247 ადამიანი. შარშან ხანძარმა 453 შენობა-ნაგებობა გაანადგურა და 950 დააზიანა.

ორიოდე წლის წინ სასტუმრო "ლეოგრანდში", რომელიც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 15-ზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, ხანძარი იყო სასტუმრო "ორბი რეზიდენსში", რომელიც ტურისტულ რეგიონში მდებარეობს. 2017 წელს სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამკაცრებული კონტროლის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო "გუცას" სხვენში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა 250 კვ/მ ფართობი. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სასტუმროებში გაჩენილი ხანძრის თითქმის ყველა შემთხვევას ჰყავს დაზარალებული და საფრთხე იქნება ყოველთვის, სანამ ხარისხს სათანადო ყურადღება არ მიექცევა.

სპეციალისტები "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას არ მალავენ, რომ კონტროლი უმეტესად ვიზუალური დათვალიერებით შემოიფარგლება და სახანძრო უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველყოფილი არ არის. უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერ ნოდარ რამიშვილის თქმით, სასტუმროებში კვლავ იაფფასიანი მასალა-დანადგარები გამოიყენება და მათ გამართულობას რიგიანად არავინ ამოწმებს.

"ადრე ნებისმიერი დონის სასტუმრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც საევაკუაციო მექანიზმით უზრუნველყოფილი იყო. შენობას უკეთდებოდა გარეთა კიბეები, რათა ხალხი საფრთხის დროს სახურავზე ასულიყო და მერე დაბლა ჩასვლის საშუალება ჰქონოდა.

მაღალი სტანდარტის შენობებზე რომ არაფერი ვთქვა, ნორმალურ სასტუმროში, 1 ან 2-ვარსკვლავიანშიც კი, უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომელიც კვამლზეც მყისიერ რეაგირებას მოახდენს. ტექნიკური მოწყობილობა ავტომატურად უნდა იძლეოდეს სიგნალს დაკვამლიანების დროს, სპეციალური სენსორი რეაგირებს ტემპერატურაზეც, რომელიც სითბური რეჟიმის დარღვევისას ავტომატურად ირთვება. გარდა ამისა, შენობაში აუცილებელია სპეციალური კორიდორი, რომელიც გასასვლელის ფუნქციას შეასრულებს. დღეს სითბური სენსორები ნაკლებად გვხვდება, არც ცენტრალური გასასვლელებია მოწყობილი და უსაფრთხოების სისტემაც დაბალ დონეზეა.

ყველა ცდილობს იაფფასიანი მასალა-დანადგარები გამოიყენოს. მოდის კომისია, ხედავს, რომ აპარატი ნამდვილად დგას, მაგრამ რამდენად ეფექტურია და როგორ მუშაობს, ყურადღებას არავინ აქცევს. საჩვენებლად კეთდება ყველაფერი და არა უსაფრთხოების მიზნით. ეს არის უბედურება და როცა მართლა ხდება შემთხვევა, ტექნიკური მოწყობილობა არ რეაგირებს," - ამბობს რამიშვილი.

მისი თქმით, რეგულაციის პირობებშიც კი სასტუმროებში უსაფრთხოების სერიოზული პრობლემაა, რაც პროფესიონალი კადრების დეფიციტითაც არის გამოწვეული. ბიზნესი დღეს ფულის კეთებაზეა გადასული და უსაფრთხოებაზე ნაკლებად ზრუნავენ.

"ეს ხდება იმის გამო, რომ არც ერთ სფეროში არ მუშაობს ნამდვილი სპეციალისტი, პროფესიონალი კადრების დეფიციტია, დილეტანტებს ანდობენ საქმეს. საბჭოური ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარები ანთებული სიგარეტითაც კი შეგვეძლო შეგვემოწმებინა, ახლანდელი იაფი მოწყობილობები უხარისხოა და კოცონი რომ შეუნთო, შეიძლება რეაგირება არ მოახდინოს. სწორედ ამიტომ სასტუმროებში უსაფრთხოების სისტემა პრაქტიკულად უნდა შემოწმდეს და არა ვიზუალურად.

მაღლივ სასტუმროებში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ მცირე და საშუალო სასტუმროების უმეტესობაში სერიოზული პრობლემაა. ყველა ცდილობს, მინიმალური დანახარჯით რაღაც ეფექტი მიიღოს და ეს არის პრობლემა. მასობრივად მონტაჟდება ჩინური და თურქული იაფი ტექნიკა, რითაც შედეგს ვერ აღწევენ. სახანძრო უსაფრთხოება სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი.

როგორც წესი, საერთო ფართობის მიხედვით უნდა იყოს დანადგარები დამონტაჟებული. უმკაცრესად უნდა შემოწმდეს. სამშენებლო ობიექტებზე იღუპებიან ადამიანები ხშირად იმის გამოც, რომ კონტროლის მექანიზმი სუსტია," - ამბობს რამიშვილი.

სახანძრო უსაფრთხოების სისტემის ხარისხზე სვამს აქცენტს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გიორგი ჭაღიაშვილი. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, კერძო ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ იაფი მოწყობილობის დამონტაჟებას, რომელიც შემდეგ ვიზუალურად მოწმდება და სისტემის ხარისხს პრაქტიკულად არავინ აკონტროლებს.

"ჩემი ინფორმაციით, არ ხდება ზედამხედველობა შემოწმებულ სისტემებზეც, რაც არასწორი მიდგომაა. თუკი გვინდა, რომ პრობლემა მოგვარდეს, ასე ვერაფერს გავხდებით. მაგალითად, შენობაში, სადაც ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა დამონტაჟდა, მოვითხოვე, იმიტირებული ხანძარი მოეწყოთ და ისე შეემოწმებინათ დანადგარი, რაც საერთოდ შეუძლებელი გახდა.

საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს კონტროლი, რას ითხოვენ და როგორ, მთავრობას წარმოდგენა არა აქვს. ამერიკული სისტემაა გადმოღებული, რომელიც სათანადოდ არ არის გადმოთარგმნილი, რომ შემდეგ ამ მიმართულებით მოამზადონ სპეციალისტები და სტანდარტით იხელმძღვანელონ.

აყველა ორგანიზაცია ცდილობს, რომ იაფი მოწყობილობა დაამონტაჟოს. ტენდერი ავტომატურად გულისხმობს თანხის შემცირებას, ხოლო კერძო კომპანია, სასტუმრო თუ სხვა მოგებაზეა ორიენტირებული. კარგი ტექნიკა ძვირია, იაფი კი - უხარისხო, რომელიც ან იმუშავებს ან - არა. გააჩნია იმასაც, ტექნიკურ სამუშაოს ვინ აწარმოებს და რამდენად ხარისხიანად სრულდება, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნორმატივი შეიქმნა, მაგრამ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არ გვაქვს. დეტექტორი თუ ამუშავდა ხანძარზე, ავტომატურად 112-მა უნდა მიიღოს შეტყობინება, დარეკვის გარეშე, რომ კონკრეტულ ადგილას ხანძარია და რეაგირება მოხდეს. რეალურად, დიდი პრობლემაა და მისი მოგვარება შეუძლებელია, სანამ სტანდარტი უშუალოდ ხარისხზე არ დაწესდება," - ამბობს ჭაღიაშვილი.

საქართველოს მასშტაბით შენობები სახანძრო უსაფრთხოებაზე 14 თებერვლიდან მოწმდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასტუმროებს, მათ შორის საოჯახო ტიპისას, სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა სხვა შენობას.

კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×