ტატა შოშიაშვილი
26.03.2019

 რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია გაამწვავოს და საომარი მოქმედებების დაწყებაც გამოიწვიოს. სირიამ კი ამ გადაწყვეტილების გამო აშშ არაბული სახელმწიფოების მთავარ მტრად გამოაცხადა.

ცნობისათვის, გოლანის მაღლობები ისრაელსა და სირიას შორის სადაო ტერიტორიად ითვლება, მის მნიშვნელოვან ნაწილს ამჟამად ისრაელი აკონტროლების, გოლანის მაღლობების აღმოსავლეთ ნაწილი კი სირიის კონტროლის ქვეშაა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ, გოლანის მაღლობების ისრაელისთვის მიკუთვნების შემდეგ, არაბული ქვეყნების მტრად იქცა:

„გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, გაერომ დაკარგა თავისი სტატუსი და ის ნდობა, რომელიც გააჩნდა, ხოლო აშშ არაბული ქვეყნების მთავარ მტრად იქცა", - ნათქვამია სირიელი დიპლომატების ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ რეზოლუციებს:

„სამწუხაროდ, ამან შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს. შეშფოთებული ვართ იმით, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული კომენტარები თუ განცხადებები წინასწარმეტყველური ხდება, მაგრამ ასეა.

„ასეთ რაღაცებს, გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივ სივრცეში არ ჯდება, სიტუაციის გამწვავება შეუძლია, რადგან უგულებელყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებს", - დასძინა მარია ზახაროვამ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი" იუწყება.

რუსეთისა და სირიის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა თურქეთისა და არაბული ქვეყნის ლიგის წარმომადგენლები. კერძოდ, მათი პოზიციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა გოლანის მაღლობების ოფიციალურად ისრაელის ტერიტორიად აღიარებით უგულებელყო საერთაშორისო კანონები და ამით სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას მეტად გაამწვავებს:

„აშშ-მა ისევ უგულებელყვეს საერთაშორისო სამართალი. მაგრამ მათი ეს გადაწყვეტილება ისრაელის მხრიდან ამ ტერიტორიების ანექსიას ლეგიტიმურს არ გახდის. პირიქით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის გაწეულ შრომას ძირს გამოუთხრის და დაძაბულობას გაამწვავებს რეგიონში", - დაწერა „ტვიტერში" თურქეთის საგარეო სამეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავაშოღლუმ.

ოფიციალური კომენტარი გააკეთა არაბული ქვეყნების ლიგის წრმომაგდენელმაც:

„აშშ-ის ეს განცხადება არაფერს ცვლის გოლანის მაღლობების სტატუსში. გოლანის მაღლობები სირიის ოკუპირებული მიწაა. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და აშშ-ის ავტორიტეტს ამცირებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში", - განაცხადა პანარაბული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, აჰმედ აბდულ გეითმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×