(რეზონანსი) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ბათუმში კლინიკა „მედცენტრსა" და რეფერალურ საავადმყოფოში დღეს შევიდნენ. ისინი მწვავე აპენდიციტის შედეგად რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ, 29 წლის მელანო ფუტკარაძესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას შეისწავლიან.
პაციენტის მიმართ ჩატარებული მომსახურების შესწავლის თხოვნით სამედიცინო რეგულირების სააგენტოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა.
„დოკუმენტაციას გავეცნობით და ამის შემდეგ დავიწყებთ ექიმებთან უშუალო გასაუბრებას. საბოლოო დასკვნისთვის დოკუმენტაციები სპეციალისტებს გადაეგზავნება და გაწეულ სამედიცინო მომსახურებას პროფესიული განვითარების საბჭო შეაფასებს",- განაცხადა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა, კახაბერ ხიპრაძემ.
პარალელურად მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს. საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით კლინიკა „მედცენტრში" მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა.
საპროტესტო აქციების შედეგად, ოჯახის მოთხოვნით რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება.